კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. ხშირად გვესმის, ნაკრებიდან კიდევ რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი წავაო – ეს როდესმე მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ლევან კობიაშვილი, ისე ალექსანდრე იაშვილი “ჯვაროსნებიდან” არ წასულან და როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, ჯერჯერობით, ამას არც აპირებენ.
იაშვილს კარლსრუეში შევეხმიანეთ:
- კალაძე ნაკრებიდან წავიდა. რას იტყვით ამის შესახებ?
- რა თქმა უნდა, კახა რიგითი ფეხბურთელი არ იყო ნაკრებისთვის და ეს დიდი დანაკლისია. წავიდა არა მხოლოდ როგორც საუკეთესო მოთამაშე და კაპიტანი, ასევე როგორც ბრწყინვალე ადამიანი. კახას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მას წასვლაზე ნაფიქრი ექნებოდა და ნაუცბადევად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. როგორც საჭიროდ ჩათვალა, ისე მოიქცა. ნაკრებში რაღაც-რაღაცეები შესაცვლელი იქნება, ახალი ფეხბურთელები წამოვლენ. თაობათა ცვლა ბუნებრივი მომენტია.
- თქვენ რჩებით ნაკრებში?
- ორი თვის წინათ ვთქვი და პოზიცია არ შემიცვლია: სანამ ნაკრებისთვის საჭირო ვიქნები, ვითამაშებ.
- “კარლსრუესთან” კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე გაქვთ და როგორც ვიცით, წინასწარი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბის დირექტორატში იწყებთ მუშაობას. ასეა?
- დიახ. კონტრაქტში ასე წერია, რომ ვიმუშავებ ან კლუბის მენეჯერად, ან სკაუტად, ანაც მწვრთნელად.
- და რომელს ირჩევთ?
- მწვრთნელობა არ მაინტერესებს. რამდენიმე თვეში, კონკრეტულად კი აპრილში, სამენეჯერო კურსებს ვიწყებ. პარალელურად, ფეხბურთელის კარიერას 2013 წლამდე არ შევეშვები.
- აქ ერთი მომენტია: “კარლსრუეს” ცუდად აქვს საქმე მე-2 ბუნდესლიგაში და შესაძლოა, გავარდეს. ამ შემთხვევაში რას აპირებთ?
- მე-3 ლიგაში თამაშის უფლება არ მაქვს – როგორც ლეგიონერს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, “კარლსრუე” არ გავარდება.
ილია ნანობაშვილი









