სტატიები

15:08 | 29.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

იბრა ყველგან იბრაა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” დღეს, ალბათ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია. ზაფხულის მსუყე სატრანსფერო პოლიტიკამ ხომ ის ტოპ-კლუბების რიგში ჩააყენა. Transfermarkt-ის გათვლით, კლუბის ფეხბურთელების დღევანდელი საერთო ღირებულება 318 მილიონი ევროა. ყველაფერი კი, შარშან ივნისში დაიწყო, როცა საინვესტიციო ფონდმა Qatar Investment Authority-მ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის თაოსნობით კლუბის აქციათა 70 პროცენტი 50 მილიონ ევროდ შეისყიდა, ხოლო წლეულს მარტში დანარჩენი 30-იც გამოისყიდა და კლუბის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი გახდა. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე წელიწადში პსჟ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდება.  
ეს ალ-ტანი, ყატარის ამირის, შეიხ ჰამად ბინ ჰალივ ალ-ტანის მეოთხე შვილი და ტახტის პირდაპირი მემკვიდრე ყოფილა. სხვადსხვა დროს მას უამრავ პასუხსაგებ თანამდებობაზე უმუშავია. იყო იქაური განათლების, შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი, თავდაცვის მინისტრი და კიდევ ბევრი რამ. საფეხბურთო კლუბის შეძენით ადრეც ყოფილა დაინტერესებული, “ევერტონთან’, “ასტონ ვილასთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჰქონია მოლაპარაკებები, მაგრამ მფლობელებთან ფასზე ვერ შეთანხმებულა (ამბობენ, “მანჩესტერს” 1,5 მილიარდ გირვანქას უხდიდაო).
კლუბის პრეზიდენტმა – ნასერ ალ-ჰელაიფიმ ხუთწლიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2016-17 წლების სეზონში პსჟ არა მარტო ფრანგული, არამედ მთელი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე უნდა დადგეს. სწორედ მან მიიწვია სპორტულ დირექტორად ლეონარდო. დევიდ ბექემისა და კარლოს ტევესის გადაბირებაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. თავის დროზე, ალ-ჰელაიფი ყატარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს 995-ე ჩოგანი გახლდათ.
შარშანვე მიიწვიეს კარლო ანჩელოტი. რომელიც მაშინვე წლიური 13,5 მილიონი დოლარით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანზღაურებად მწვრთნელად იქცა. მისი თავკაცობით, პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, წლეულს კი პირველობის გარდა, სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებთ.
Pპირველი “არაადამიანური” ტრანსფერი პსჟ-მ შარშან გამოაცხო, როცა 23 წლის არგენტინელ ხავიერ პასტორეში იტალიურ “პალერმოს” 43 მილიონი ევრო გადაუხადა. პასტორე მართლაც იქცა ლიდერად, მაგრამ ამ ზაფხულს შეიხებმა ისეთი ხალხი დაიმატეს, პასტორეს ძალიან გაუჭირდაება. მთავარი შენაძენი, ცხადია, მილანელები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი და  ტიაგო სილვა არიან. რომელებშიც, შეიხებმა  60 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამას ექსნეაპოლელი ესეკიელ ლავესი და ვუნდერკინდი – მარკო ვერატი (პსჟ-მ მასში იტალიურ “პესკარას” 12 მილიონი ევრო გადაუხადა) დაუმატეთ და ერთობ სოლიდური კრებული გამოვა. ამბობენ, შეიხები ამას არ დასჯერდებიანო. ხუმრობენ კიდეც: ნამდვილი “პარი სენ ჟერმენი” ახლა იწყებაო.
იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია მსოფლიოში. პსჟ-ში, მას წლიურად ჯამაგირი 14 მილიონი ევრო დაუნიშნეს (პლიუს ბონუსები, რომლებიც დაახლოებით 2 მილიონით მეტს შეადგენს, ვიდრე ის “მილანში” იღებდა). ზლატანი სიხარულით ცას ეწია, მაგრამ მალე საწყენი ამბავი შეიტყო: საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა – ფრანსუა ოლანდმა “მილიონერების გადასახადის” კანონს მოაწერა ხელი, თუ ეს კანონი მალე ამოქმედდა, ზლატანს თავისი შემოსავლის 75 პროცენტის დაკარგვა ემუქრება.
Aახლა “პარი სენ ჟერმენი” აშშ-ში იმყოფება და დღემდე ახალი სეზონისთვის პრინსტონის უნივერსიტეტის მყუდრო გარემოში ემზადებოდა. ანჩელოტი კმაყოფილია ვითარებით და მომავალსაც იმედით უცქერის: “შარშან ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულეთ, წლეულს კი აუცილებლად პირველობას ვაპირებთ, თანაც გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაშიც ღირსეულად გამოვიდეთ, - უთხრა ანჩელოტიმ პსჟ-ს ოფიციალურ გვერდს, -ამ ზაფხულს ჩინებული მოთამაშეები დავიმატეთ და მოთხოვნილებაც გაგვეზარდა. ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის მწვრთნელი ვარ. მათგან იბრაჰიმოვიჩი გამორჩეულია, მას აქვს გამოცდილება, მტკიცე ხასიათი, ინდივიდუალურობა. ვფიქრობ, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება ჩვენი გუნდისთვის.”
Dდღეს, პარიზელებმა, ვაშინგტონში “დი-სი იუნაიტედთან” ამხანაგური მატჩი გამართეს და 1:1 ითამაშეს. ეს შეხვედრა სადებიუტო გახლდათ იბრაჰიმოვიჩისთვის და ზლატანს თავი არ შეურცხვენია. მან მე-3 წუთზე დააწინაურა თავისიანები, თუმცა, 33-ზე, მასპინძლებმა, ვინმე დე როსარიოს პენალტით გაათანაბრეს. “კარგი თამაში და ლამაზი გოლი გამოვიდა, - თქვა მატჩის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა, - აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ეგ არის, ფიზიკურად ჯერ მომატება მჭირდება, მაგრამ ბევრს ვიმუშავებ და სეზონის დასაწყისს ჩვეულ ფორმაში შევხვდები.” ანჩელოტიმ კი დასძინა: ივლისი კარგი თვე იყო, ჩინებულად მოვემზადეთ და შემდგომი 10 დღეც, ვიმედოვნებ, ასეთივე ნაყოფიერი იქნებაო. ამით პარიზელთა ამერიკული ტურნე დასრულდა. მომავალ შაბათს, ისინი ამხანაგურად “ბარსელონას” გაეჯიბრებიან, მერე კი, საფრანგეთის ჩემპიონატიც დაიწყება.


სოლომონ გულისაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095194