ყველაფერში უცნაურები რომ ვართ ქართველები, უკვე არაერთხელ დამტკიცდა. 2 კვირაა სფფ-ის აღმასკომმა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დანიშნა, მაგრამ ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა. წესდებით, კანდიდატურათა წარდგენა არჩევნებამდე (22 იანვარი) ათი დღით ადრე უნდა შეწყდეს. ამავე ვადაში, ყრილობის 33 სუბიექტიდან მინიმუმ ერთის მიერ მაინც წარდგენილმა კანდიდატმა, გენერალურ სამდივნოში წერილობითი თანხმობა უნდა მიიტანოს.
უცნაურობა რაში მდგომარეობს, მგონი ხვდება მკითხველი. მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უკვე 20-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა, მაგრამ ეს კაცი თანხმობის განცხადებას ჯერ კიდევ არ ჩქარობს. არადა, ლოგიკით მართლაც სად უნდა ეჩქარებოდეს - კონკურენტი არ ჰყავს და გინდ ახლა დაუწყია საარჩევნო კამპანია და გინდ 13 იანვარს. მისგან განსხვავებული შინაარსის გამოსვლებს ისედაც არავინ ელოდება - აქცენტი აუცილებლად გაკეთდება დახვედრილ და სწორი მენეჯმენტის ხარჯზე გასტუმრებულ ვალებზე.
ვალების თემა რომ სიჭინავას კამპანიის “ქვაკუთხედი” იქნება, გუშინაც გამოჩნდა. “ტაოპრივატბანკმა”, კუთვნილი 300 ათასი ევროს მოთხოვნით, ფედერაციას ანგარიშები დაუყადაღა. ბანკირთა ქმედება დაუწყებელი საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიგვაჩნია - სფფ-ის პრეზიდენტი “საიდანღაც” მოიძიებს მის დასაფარ სახსრებს და “მძლეთამძლეობას” კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს თბილ სავარძელში ჩაჯდომის უსუსურ მსურველებს.
თუმცა, კონკურენტების სიძლიერისა არც სიჭინავას უნდა შეეშინდეს და არც ნებისმიერ მათგანს, ვისაც ხელისუფლების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ექნება. გჯერათ, დამტკიცებულ 7-მილიონიან ბიუჯეტს სახელმწიფო მისთვის არასასურველ კანდიდატს ჩააბარებს? ჰოდა, გინდ ქაქუცას ჩასვამენ იმ სავარძელში და გინდ დომენტის - მთავარია, დამყოლი და დამჯერე იყოს.
ახლა კი, იმ შემაშფოთებელ ტენდენციაზე გვინდა საკუთარი აზრი მოგახსენოთ, საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის პროცესიდან რომ გამოჩნდა. ალბათ არ გადავამეტებთ თუ ვიტყვით, რომ ზვიად სიჭინავას ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ დარჩა, იმდენმა სუბიექტმა წარადგინა არჩევნებისთვის (არადა, ერთიც საკმარისი იყო). ჩამონათვალში, რომელსაც ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც შეგახსენებთ ხოლმე, რეგიონული ფედერაციებისა და სხვა წვრილ-წვრილი ასოციაციების მოხვედრა გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, თუმცა ეს ქართული კუდაბზიკობა “შედარებით” დამოუკიდებელ საფეხბურთო სტრუქტურებსაც რომ გადაედო, ესაა გულდასაწყვეტი.
ქართული ფეხბურთის სიწმინდით დაინტერესებულ სპეციალისტს, გულშემატკივარს თუ კიდევ სხვა “სფეროს” წარმომადგენელს, იმედია, კარგად აქვს შეგნებული, რომ ფედერაციის სტრუქტურაში მყოფი მსაჯებისაგან “წმინდა მღვდლად” დარჩენა დაუჯერებელი ამბავია. სფფ-ის დაქვემდებარებაში მყოფი არბიტრები, მით უფრო საშიშ ძალას წარმოადგენენ მაშინ, როცა საქმე ისეთი მატჩის განსჯაზე მიდგება, რომელშიც ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ბიზნესმენების დაფინანსებული გუნდები ითამაშებენ.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით, ჯერ ერთი, არ უნდა ერეოდეს ფედერაცია კლუბისთვის სპონსორის ან მეპატრონის მოძებნაში; და მეორეც, მსაჯთა კავშირი ფედერაციისაგან დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა იყოს. მსაჯები ჩემპიონატის ჩამტარებელი სტრუქტურისაგან ხელფასს კი არ უნდა იღებდნენ, მასთან საკონტრაქტო პრინციპებზე უნდა ჰქონდეს აწყობილი დამოკიდებულება.
როცა ასეთი დამოუკიდებელი სტრუქტურა ექნებათ ქართული ფეხბურთის განმსჯელებს, აღარ მოუწევთ საგანგებო თავშეყრის საიმისოდ ორგანიზება, რათა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა დააყენონ. ჩვენ თუ გვკითხავთ, მათთვის საარჩევნო ხმის მიკუთვნებაც არაა სამართლიანი. მიეცით მსაჯებს დამოუკიდებლობა და ფეხბურთი არ წააგებს.
ბოლოს, ძალიან გვაინტერესებს, რას უცდის კანდიდატის წარდგინების გარეშე დარჩენილი 13 სუბიექტი. ისინიც ხომ იმ გაუკუღმართებული სისტემის “შვილები” არიან, რომელსაც დღეს ერთი პრეზიდენტის (ნემსაძე) არჩევა შეუძლია, ზეგ კი, 2-3 ღირსეული წევრის გამოკლებით, სულ “ვაშა”-თი დანიშნავს სრულიად ახალ და უღირს პრეზიდენტს (ახალკაცი).
ქართული ფეხბურთის სულსწრაფ მესვეურთა სასაცილო და დამსახურებული ფინიში კი იცით რა იქნება? საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობის რჩეულ ზვიად სიჭინავას ვინმემ ისე უნდა აწყენინოს (მაგალითად, “ურჩმა” ბანკირებმა), პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას - პრეზიდენტობის კანდიდატობაზე უარს ვაცხადებო. აი, მაშინ კი იქნება საინტერესო, რას მოიმოქმედებენ ერთმანეთის წამხედურობაში მოჯიბრე სუბიექტები.
ფრიდონ კერვალიშვილი









