ბლოგი

13:34 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იცინიან ვარსკვლავები - ჯემალ ზეინკლიშვილი

თბილისის  დინამოს  ნომერ პირველი ოხუნჯის, უნიჭიერესი კაცის, ფენომენალურად მსტვენის, და ძალიან მაგარი ფეხბურთელის ჯემალ ზეინკლიშვილის სახალისო ორიოდ ისტორია წინა კვირაში შემოგთვაზეთ.  თუმცა, იმდენი აქვს ჩადენილი ჯემალს, კარგა ხანს ეყოფა ჩემს ბლოგსაც და თქვენც კარგა ხანს იქნებით სასიამოვნო ხასიათზე... 

თელიას "გაქცევა"

1961 წლის ნოემბერში თბილისის “დინამო” ლათინურ ამერიკაში გაემგზავრა ტურნეში და 9 თამაში გამართა კუბაში, ეკვადორსა და ბოლივიაში. საფეხბურთო წარმატებებზე უფრო კი ყველას ეს ამბავი დაამახსოვრდა: ვინაიდან ბოლივიაში მანამდე საბჭოთა კავშირიდან არავინ იყო ნამყოფი და ამ ქვეყანაში უამრავი ნაცისტი დამნაშავე იყო გაქცეული ფაშისტური გერმანიიდან, გუნდს მოსკოვიდან კგბ-ს რამდენიმე თანამშრომელი გააყოლეს. ვერაფერი გავიტანეთ, ღვინო ბევრი კი გვქონდა წაღებული. ბოლივია ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს, ლამის 4000 მეტრზე და ბევრი ფეხბურთელი ავად გახდა – აკლიმატიზაცია ვერ გადაიტანეს უჰაერობის გამო. სერგო კოტრიკაძე ისე ცუდად შეიქმნა, ჩვენი გუნდის ექიმი ზაქრო თელია ღამეებს ათენებდა. მე და ზაურ კალოევი ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სმა კი ორივეს გვიყვარდა... ერთხელაც, შემოდის თელია ოთახში და მე და ზაური საფერავს ვსვამთ, ზაქრო გადაირია, სერგო ფეხზე ვერ დგება, ისეთი უჰაერობაა და მაღალი წნევა, თქვენ კი თავს იკლავთო? საფერავი ხომ წნევას უფრო აგიწევთო?! მოკლედ, ჩაგვიშალა ქეიფი, თანაც ჩვენს ოთახზე კონტროლი გაამკაცრა! არადა ორი ყუთი საფერავი გვაქვს, კგბ-ს შიშით ვერ ვყიდით და ზაქრო კიდევ სმას გვიშლის! ზაურს შეწუხებული სახე აქვს – რა ვქნათო? მე მივხედავ ზაქროს-მეთქი! დავწერე რუსულად: ძალიან მიყვარს საბჭოთა კავშირი, მაგრამ კომუნისტებს ვერ ვიტან და ვრჩები ბოლივიაში! დილით, ზაქრო გამოვიდა თუ არა თავისი კაბინეტიდან, ჩუმად გავაკარი მის კარებზე! წერილი მყისვე მოხვდა კგბ-ს ხელში და დაიწყეს ზაქროს ძებნა, რომელმაც არაფერი იცის და ქალაქში ოჯახისთვის საყიდლებზეა წასული. კგბ-ს მთელი შემადგენლობა კი ოპერაციას ატარებს: ქალაქშია გასული და ერთი სული აქვთ, საბჭოთა სამშობლოს მოღალატე თელია დაიჭირონ! საათნახევრის შემდეგ ჩვენი ექიმი, ნავაჭრით დატვირთული, სასტუმროში ამოდის და კგბ დააცხრა! დაუწყეს დაკითხვა – სად იპარებოდი! რატომ არ მოგწონს კომუნისტური წყობა! ვინ გიწყობდა ხელს! ძლივს დაარწმუნა საწყალმა ზაქრომ, რომ დიადი საბჭოთა სამშობლოს ღალატი გულშიც არ გაუვლია და ეს ვიღაცამ განგებ გაუკეთა...

მეორე დილას, ზაქრო უთენია დაგვადგა ლოგინში – მუცელიც გაგხეთქვიათ, რამდენიც გინდა იმდენი დალიეთ, მაგ ღვინის გულისთვის მღუპავდითო!!! ჰოდა, მე და ზაურმაც გავაგრძელეთ, ვსვით და ვსვით, სულ კარგ ხასიათზე ვიყავით, რა წნევა, რის წნევა? ცხრიდან რვა თამაში მოვიგეთ ნაქეიფრებმა და ის ერთადერთი მატჩიც, რომ ვერ ვიქეიფეთ, იმიტომ დავამთავრედ ფრედ!

გიჟი მესხი

ორმოცდაათიანი წლების ბოლოს დიღმის ბაზაზე ერთი გიჟი შემოგვეჩვია, მესხზე მაგარი ვარო - ამბობდა! ეს ის პერიოდია, როცა მიშამ ბულგარეთში მეტოქის ფინტი ნახა და ისე მოეწონა, გადმოიღო, თავისი ინტერპრეტაცია დაუმატა და მსოფლიოს მესხის ფინტი აჩუქა! მოკლედ, ნაღდი მესხი დღე და ღამე ბაზაზე ვარჯიშობს და ამ ფინტს ამხეცებს, გიჟ მესხს კი მთელი გუნდი შეკლულები ვყავართ - გინდა თუ არა, მესხს გამაჯიბრეთო! ერთხელაც, ყელში რომ ამომიყვანა, შემოვაპარე ბაზაზე, ჩავაცვი ფორმა და შორიდან დავანახე მიშა მესხი – ეგ არის შენი მეტოქე, მიშა მესხობას რომ იბრალებს და მიდი, შეეჯიბრე, ჩაუტარე შენებურები, იქნება მწვრთნელმა შეგამჩნიოს-მეთქი! მიშას ოფლი გასდის, ვარჯიშობს და ავტომატიზმამდე დაჰყავს ფინტი და უცებ, ეს გიჟი გინებით დაადგა თავზე: ბურთი მომეცი, შენზე მაგარი ვარ, მე ვარ ნაღდი მესხიო! იქ ამბავი ატყდა... ძლივს დაიჭირეს ის გიჟი მესხი, ნაღდი მესხი კი ერთი წელი ხმას არ მცემდა...

წითელთავა კალოევი

1963 წლის ოქტომბერში მოსკოვის “სპარტაკთან” გვქონდა თამაში და იმ პერიოდში ისევ ვიღაც გიჟი შემოგვეჩვია ბაზაზე – გინდა თუ არა, ზაურ კალოევი ვარო! აზაზე ყველა ემალება ამ გიჟს და რატომღაც მე ამომიჩემა! რა მოვუხერხო, არ ვიცი. ბოლოს ასეთი რამე მოვიფიქრე: ორი დღეა თამაშამდე დარჩენილი და წავიყვანე ეს გიჟი საპარიკმახეროში, გადავპარსე თავი, ზაურს ფორმა მოვპარე და ჩავაცვი ამ გიჟს, თანაც – თავი წითლად შევუღებე! არავინ არაფერი იცის, თამაშის წინა დღეს შევაპარე ბაზაზე, რომელიღაც ოთახში დავმალე, მერე ავტობუსით ჩუმად წავიყვანე სტადიონზე და ტუალეტში ჩავკეტე. იწყება მატჩი, გამოვედით გასახდელიდან, ჩამოვრჩი ბიჭებს, ბურთი ხომ ყოველთვის მე მიმქონდა თამაშზე და ჩემი წითელთავა გიჟი ტუალეტიდან გამოვიყვანე – აბა, ზაურ, შენ იცი-მეთქი! გვირაბში ყურადღება არავინ მიაქცია, ყველა თამაშზე ფიქრობს და დაძაბულია, მოსკოვის “სპარტაკია” მეტოქე! გავედით გვირაბიდან, გავმწკრივდით და გიჟი მეთორმეტედ დადგა! მსაჯი ითვლის, ხედავს, დინამოელები თორმეტნი არიან და ბოლო კაცს წითლად უნათებს თავი. შენ ვინ ხარო? – შეეკითხა. როგორ თუ ვინ ვარ – ზაურ კალოევი ვარო!!! მოიხედა ზაურმა, დაინახა თავისი ფორმა და გამოეკიდა გიჟს! ნახევარი საათი დარბოდა, მთელი გუნდი და უშიშროება დასდევდა და ძლივს დაიჭირეს – ზაურ კალოევი ვარ, რას მერჩითო! – ყვიროდა...

თამაშის მეორე დღეს (კიდევ კარგი, მოვიგეთ!) საქართველოს უშიშროების უფროსმა, ალექსი ინაურმა დამიბარა – სიმართლე მითხარი, როგორ შემოიპარა გიჟი სტადიონზე, იცოდე, თუ მომატყუებ, რამდენიმეწლიანი ციხე გელოდებაო! სიმართლე მოვუყევი, ატეხა ხარხარი, ჩაბჟირდა სიცილისგან და მომიგვარა საქმე, ნაღდი ზაურ კალოევი კი მოვიმდურე – ორი წელი არ მელაპარაკებოდა...

ბიჭია, ბიჭი!

1963 წელს აგვისტოში დანიაში ვიყავით ტურნირზე. ამოვიდა სასტუმროს ადმინისტატორი და დეპეშას მაჩვენებს – ბატონო ჯემალ – გოგონა შეგეძინათ! გავიხარეთ, ბიჭები მილოცავენ! ადმინისტრატორმა მეორედ ჩაიკითხა – არა, უკაცრავად, ბიჭი შეგეძინათო!!! გადავირიე სიხარულით, აღარ ვიცი, როგორ აღვნიშნო ჩემი თემურის დაბადება. მოველაპარაკე ბიჭებს და იმავე საღამოს მე, სლავა მეტრეველი და ბორია სიჭინავა დასალევად გავიპარეთ, მეთერთმეტე სართულზე იყო რესტორანი, დაახლოებით 400 კაცი იჯდა რესტორანში. მოვითხოვეთ ღვინო, იქაური წესებით მხოლოდ ერთი ბოთლის ამოტანა იყო შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, დავლევთ ღვინოს, მოვითხოვთ ისევ და ელოდე, სანამ მეთერთმეტე სართულზე მეორე ბოთლს ამოიტანენ...…ამოვიდა მეათე, მეოცე, ოცდამეათე და აგერ მეორმოცე ბოთლიც! ჩვენ კარგად შევზარხოშდით, ორმოცდამეერთე ბოთლს ველოდებით და გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი ოფიციანტი გვეუბნება - ლიფტი გადაგვეწვა, ვეღარ ამოგიტანთ ღვინოსო! გარშემო ღვინის 40 ცარიელი ბოთლი გვიყრია! რაღა უნდა გვექნა, კარგით, ბატონო, წავედით-მეთქი. წამოვდექით თუ არა, ადგა ოთხასი კაცი და ტაში დაგვიკრა – თქვენ ვინ ყოფილხართ, სიარულის თავიც კი გქონიათ, 40 ბოთლის მერე არ გვეგონა, თუ ცოცხალი გადარჩებოდითო!!! რა იცოდნენ, რომ თამაში გვქონდა მეორე დღეს და ბდღვირი ვადინეთ მეტოქეს – სლავა მეტრეველმა გოლიც მაგარი შეაგდო!

 

მამუკა კვარცხელია

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094881