ჩვენ რომ გვყავს, იმდენი ცრუ წინასწარმეტყველი, ალბათ, ქრისტეშობამდელ ისრაელშიც კი არ იქნებოდა. პოლიტიკურ ცრუწინასწარმეტყველებებს თავი რომ დავანებოთ, მარტო სპორტში იმდენი “მკითხავ-მჩხიბავია”, ყველას თვლას რომ მიჰყვე, სათვალავი აგერევა. სპორტული პროგნოზის გაკეთებას რა უნდა? რკინისსაზურგიან სკამზე ხარ დაშხოშიანად წამოწოლილი, ღეჭავ საწერი კალმის ბოლოს, თუ მწეველი ხარ, აბოლებ სიგარეტს და ამ დროს შენთან მოდის ორი, შენსავით დაღეჭილკალმიანი კაცი, რომლებსაც, რატომღაც, მათზე ჭკვიანად მიაჩნიხარ და დიდის მოკრძალებით გთხოვენ მარჩიელობას; რომელიმე მატჩისა თუ ტურნირის შედეგის გამოცნობას. შენ კი, თუ ჭეშმარიტი ცრუწინასწარმეტყველი ბრძანდები, ეს ყველაფერი საკუთარი შესაძებლობების სრული შეგრძნებით უნდა შეიფერო. ჯერ გაეროს ასამბლეის მდივანივით მრავლისმეტყველ თავის კანტურსა და მოფიქრალი კაცისათვის დამახასიათებელ მოგუდულ ღმუილს უნდა მოჰყვე, შემდეგ ერთი თვალი ჭერს მიაბჯინო, მეორე კი მთხოვნელებს და ბოლოს პირის ოდნავ გაღებით ამოღერღო: “რა ვიცი, ცვეტნოი შედეგი არ ჩანს, მაგრამ მე მაინც ლაბავოი იქსი მგონია!”. “რაო, ლაბავოი იქსიო?” – დაეჭვდება რომელიმე “სექტანტთაგანი”. ამ დროს, ცრუწინასწარმეტყველმა იმას, ვინც გაბედა და მის პროგნოზში დაეჭვდა, წესით, თვალები უნდა დაუბრიალოს და დაამუნათოს – მის წინასწარმეტყველებებს, ასე ეჭვის თვალით რომ შეხედა, მაგრამ გამოცდილი ცრუწინასწარმეტყველი ასე არ იზამს. თავს მოაჩვენებს - ვითომ ვერ გაიგო მავანის დაეჭვება და როდესაც ეს დაეჭვებული სხვა დროსაც მიაკითხავს პროგნოზების გასაგებად, აი მაშინ გამოაჩენს “კლანჭებს” და ეტყვის: - აბა ახლა მიბრძანდი ძმაო, შენ ჩემი ნათქვამის მაინც არ გჯერა და შენი მასხარა კი არ ვარ, როცა მოგეპრიანება მოხვიდე და აქ რაღაცეები მკითხოო.
ჰოი, რაოდენ ინანებს ამ დროს დაეჭვების “გამბედავი”, მაგრამ რა უნდა ქნას? ისღა დარჩენია, დიდის გვემითა და ვაებით კვლავ მიეახლოს “მისანსა მას და თავისა მდაბლად კანტურით მიმოიხილოს ცოდვანი მისნი ურიცხვნი”.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ქართველი ფიგურულად მოციგურავე გოგონა – ელენე გედევანიშვილი პირველად გაიცნო ჩვენმა საზოგადოებამ და მისი მომავალი წარმატებების იმედიც ჩაგვესახა, კარგად მახსოვს, ერთ-ერთმა ზემოხსენებულის მსგავსმა ცრუპროგნოზისტმა და სპორტულმა ცრუწინასწარმეტყველმა, მის გარშემო შემოკრებილ “სექტის წევრებს” როგორ გადაუწურა იმედები და თქვა: “კარგით რა თუ ჩემი ძმები ხართ, რისი იმედი გაქვთ ტო? ქართველი და ციგურები?! სულ გაგიჟდით მე და ჩემმა ღმერთმა... ერთი მე გავხდები ჩინეთის იმპერატორი და მეორე ეს ბალღი მიაღწევს რამეს. მოგცლიათ რა ხალხო. წადით და ისევ რაგბის მიაწექით!”. ან ამ სიტყვებს რა დამავიწყებს და ან მისი “მრევლის” წევრთა რეაქციებს, რომლებიც, როგორც წესი, ქართული სპორტისადმი მუდამ ნიჰილისტურად არიან განწყობილნი და რაკი “დიდმა გურუმ” თქვა – გედევანიშვილი ვერაფერს მიაღწევსო, ცრუწინასწარმეტყველს ყველა უაპელაციოდ დაეთანხმა. ზოგიერთმა თავიც კი გამოიდო და ”ბელადის” აზრები განავრცო. აქაოდა, ზამთრის სპორტი მავანთა ახირებაა (ამას ამბობდა და თან თითს ზემოთ იშვერდა) და ყველა ახირებულს რატომ უნდა დავუჯეროთო.
ნიშნის მოგებები და მსგავსი, არცთუ ჯანსაღი რამეები, მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ მართლა ძალიან მაინტერესებს იმ “გურუსა და მის ”მრევლს” თუ ახსოვთ მათ მიერ პრაქტიკულად ჩამოწერილი, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის პატარა ელენე, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინათ ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ევროპული ბრინჯაო მოიპოვა და უკან ისეთ ქვეყნების წარმომადგნელები ჩამოიტოვა, სადაც ზამთრის სახეობები არამხოლოდ განვითარებულია, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილად ითვლება.
ყველაფერი პირველი რომ განსაკუთრებულად სასიხარულოა, ამაზე ზედმეტი საუბარი არც ღირს, მაგრამ ის გზა, რაც რუსეთიდან თავისი ქართული წარმოშობის გამო გამოდეპორტირებულმა ელენემ ევროპულ ბრინჯაომდე განვლო, მართლაც რომ დიდ აღტაცებას იმსახურებს.
რას ვიზამ, ძალიან ძნელია ასეთ დროს ნიშნი არ მოვუგო ქართველ ცრუწინასწარმეტყველებს, “გურუებსა” თუ “მჩხიბავებს”. ისედაც, უთქმელობაც არ გამოდის. ჰოდა, კახურ დიალექტზე რომ ვთქვათ: “იგე, თუ არ შაგვძლებია!”
ლევან სეფისკვერაძე









