ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი, Phillips-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ეს ღონისძიება AS-ის ჟურნალისტმა სათავისოდ გამოიყენა და 30 წლის კარის დარაჯს ინტერვიუ ჩამოართვა.
კასილასმა “რეალში” მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორხე ვალდანოს გუნდიდან წასვლამ გული დაწყვიტა, თუმცა, იქვე დაამატა, რომ “სამეფო კლუბი” ნებისმიერ პიროვნებაზე დიდია. ამასთან, იკერი გასულ კვირაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ღირსეული გამარჯვებულია.
- რა დადებითი და უარყოფითი მომენტები იყო მოურინიოსთან გატარებულ პირველ სეზონში?
- დადებითი იყო ის ცვლილებები, რომლებიც გუნდში განხორციელდა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვიყავით, რომელიც ერთბაშად სამი ტურნირის მოსაგებად იბრძოდა და საუკეთესო ტიტულის მოპოვება იყო. გასული სეზონის ნეგატიური მომენტი ის იყო, რომ ორ უმთავრეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. მომავალ წელს უნდა ვეცადოთ, რომ მიღწეულზე უკეთესი შედეგი გვქონდეს და ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ღირსეულ გამარჯვებულად მიიჩნევთ?
- ჯერ კიდევ ადრე ვამბობდი, რომ “რეალი”-“ბარსელონას ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული გუნდი, საბოლოოდ თასს დაისაკუთრებდა. ნახევარფინალში მსოფლიოს ორმა საუკეთესო კლუბმა ითამაშა. ფინალში გავიდა გუნდი, რომელიც “მანჩესტერზე” ერთი თავით მაღლა იდგა. დარწმუნებული ვარ, ფინალში “რეალი” რომ გასულიყო, “მანჩესტერს” ისიც დაამარცხებდა.
- რას იტყვით პიკეს სიტყვებზე, რომელიც მან ზეიმის დროს წარმოთქვა?
- გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაბრუნება არ ღირს. ნათქვამთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ის, რომ გუნდმა უმნიშვნელოვანესი ტიტული მოიგო და ყველა ეიფორიაში იყო. მომავალში, ამ თემას აღარასოდეს დავუბრუნდები და ვფიქრობ, ეს საჭირო არცაა. დაე გაიხარონ, მათ ხომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს.
- არ გეჩვენებათ, რომ მისი სიტყვები განვლილ, დაძაბულ კლასიკოებს უკავშირდებოდა?
- ძალიან ბევრი თამაში ჩატარდა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის, დაძაბულობაც ამან წარმოშვა. ორივე გუნდი საკუთარ ინტერესს იცავდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ახლა ყველამ ერთად ეროვნულ ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ, რომელსაც ქვეყნის სახელი აქვს დასაცავი.
- სიტუაციით ვისარგებლებ და გკითხავთ, ვინ უფრო მეტად მოგწონთ, მოურინიო თუ ვალდანო?
- ორივე. ადრეც ვთქვი, რომ ეს ორი ისეთი პიროვნებაა, რომლებიც უყვარდათ, უყვართ და ყოველთვის ეყვარებათ “რეალში”. იოლი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა. ხორხემ მადრიდი დატოვა და ეს ძალიან სამწუხაროა. ახლა იმ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ. ხვალ არ ვიქნებით არც მე, არც მოურინიო, არც ფლორენტინიო, მაგრამ “რეალი” დარჩება.
- როგორ ფიქრობთ, გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, როგორიც აგუეროა?
- მესმის, რომ ახლა ტრანსფერებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საფიქრალი არაა. საბედნიეროდ, მწვრთნელს ჩემი იმედი მომავალ სეზონშიც აქვს და ვიმედოვნებ, რომ ახლა ფეხბურთელები გუნდის თამაშს მხოლოდ გააძლიერებენ. გასული სეზონი ძალიან კარგი იყო და გვსურს, რომ მომდევნო უკეთესი იყოს.
- ალბათ გსურდათ, რომ გასულ შაბათს “ბარსელონას” ადგილზე ყოფილიყავით...
- რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წარმოდგენა გამარჯვებული გუნდის ადგილას, ყველასთვის სასურველი და სასიამოვნოა. როდესაც ფინალს ტელევიზორით უყურებ, ყოველთვის გეუფლება შურის შეგრძნება, ეს ფეხბურთია. მოხარული ვარ იმ ადამიანების წარმატების, რომელთაც დიდი ხანია ვიცნობ, მათ ეს დაიმსახურეს.
- “ბარსელონას” თამაშით სიამოვნებას იღებთ?
- როგორც მადრიდელს, გული მწყდება, რომ ფინალში ვერ ვითამაშე. როდესაც ხედავ მოედანს, გუნდების ფორმას, ბრაზდები, რომ ფინალში არ მონაწილეობ და სულაც არაა მნიშვნელოვანი, კარგად თამაშობ თუ ცუდად. ბევრ გუნდს უთამაშია კარგად, მაგრამ წაუგია და ხალხს ეს ცუდად ამახსოვრდება, ისევე, როგორც ჩვენი თამაში შვეიცარიასთან მსოფლიოს ჩემპიონატზე. გამარჯვება მუდამ მნიშვნელოვანია, “ბარსელონამ” მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ისტორიას მხოლოდ ეს შერჩება.
- შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთმა გაიმარჯვა?
- გაიმარჯვა ფეხბურთმა, მოიგო “ბარსელონამ”. მომწონს კარგი თამაშების ყურება და ვფიქრობ, ფინალი სწორედ ასეთი იყო. ორი განსხვავებული გუნდი თამაშობდა, ინგლისის პრემიერლიგისა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი. “ბარსელონა” უკეთ გამოიყურებოდა, ბურთს აკონტროლებდა, შექმნა მეტოქეზე მეტი საგოლე სიტუაცია და მეტი გოლი გაიტანა, რაც ფინალის მოსაგებად აუცილებელია.
ზურა ქსოვრელი









