ინტერვიუები

11:52 | 25.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: “6:1 მოგებას 4:0 მირჩევნია”

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარეს იკერ კასილიასს შთამბეჭდავი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის “არასაფეხბურთო ცხოვრებში” კი 22 ოქტომბერს მნიშვნელოვანი რამ მოხდა – იკერს ოვიედოში ასტურიის პრინცის პრემია გადასცეს.   
- ბოლო დღეების განმავლობაში თქვენთვის რამდენიმე მეტად სასიამოვნო რამ მოხდა. “რეალმა” ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში დამაჯერებლად, ლამაზ სტილში სძლია ჯერ “მილანს”, შემდეგ კი “რასინგს”, სანტანდერელებთან მატჩამდე კი “ფურია როხას” კაპიტნის რანგში ასტურიის პრინცის პრემია გადმოგეცათ...
- ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს. ასტურიის პრინცის პრემიას რაც შეეხება, ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ჯილდოს მიღება. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო კლუბის მესვეურებს, რომლებმაც 22 ოქტომბერს ოვიედოში საზეიმო ცერემონიალზე დასწრების ნება დამრთეს.
- მიმდინარე სეზონში შეუდარებლად მცირე სამუშაო გაქვთ, თქვენც როგორც ყოველთვის საიმედოდ იცავთ კარს, რის შედეგადაც “რეალს” პრიმერა დივიზიონში ყველაზე ნაკლები, 4 ბურთი აქვს გაშვებული...
- ეს უპირველესად მთლიანად გუნდის დამსახურებაა. ისე კი გეთანხმებით, ბოლო დროს შედარებით ნაკლები საქმე რომ მაქვს. ჩვენ ბრწყინვალედ ვთამაშობთ დაცვაში და პრაქტიკულად არც ერთ მატჩში უკანა ხაზზე პრობლემები არ გვექმნება. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. თუმცა, სიფხიზლე გვმართებს. ფეხბურთში წარმატებით ჩატარებულ შეხვედრათა მწკრივს, როგორც წესი, უიღბლო მატჩი ან ასპარეზობათა მწკრივი მოჰყვება ხოლმე. აი, ეს უნდა ავიცილოთ თავიდან. რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ “რასინგის” დამარცხებითაც, მაგრამ მერჩივნა 4:0 მოგვეგო, ვიდრე - 6:1.
- მოურინიოს სამწვრთნელო ფილო¬სოფიის მიხედვით, მოწინააღმდეგე საკუთარი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს არ უნდა მიუშვა, რადგან ამ დროს ერთი უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს...
- ცხადია, ძალიან კარგია, როცა მცველები და შუახაზელები მეტოქეთა ფორვარდებს “რეალის” კართან “სათოფე მანძილზე” რომ არ უშვებენ, მაგრამ ამას პატარა მინუსიც აქვს – შესაძლოა, კონცენტრაცია დავკარგო და თუკი ბურთი დამირტყეს, შეცდომა დავუშვა.
- ჯერჯერობით ამგვარი რამ არ მოგსვლიათ – მოწინააღმდეგეები იშვიათად უტე¬ვენ “რეალს”, თქვენ კი უშეცდომოთ ასპარეზობთ...
- მთლიანობაში გუნდი მშვენივრად თამაშობს. ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან კარგად ვართ მომზადებულნი და კოლექტიური ასპარეზობაც კარგად გამოგვდის. გუნდის თითოეული მოთამაშე მყარი კედლის აგურია და ერთ-ერთი მათგანიც რომ მწკრივიდან გამოვარდეს, კედელი, ამ შემთხვევაში გუნდი, დაიშლება.
- რიკარდო კარვალიოს გა¬მოც¬დილება “რეალს” სასიკეთოდ წაადგა?
- პორტუგალიელის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსვლა ჩვენთვის სასარგებლოა. იგი გამობრძმედილი ფეხბურთელია და წარმატებით არაერთ ძლიერ კლუბში უასპარეზია. კარვალიუ ჩვენს ახალგაზრდულ კოლექტივს უმოკლეს დროში კარგად შეერწყა. ეს მშვენიერია, რადგანაც დღევანდელ “რეალს” ვეტერანთა გამოცდილება, ახალგაზრდა მოთამაშეთა ენთუზიაზმი და სისწრაფე სჭირდება. სწორედ ესაა გუნდის წარმატების მთავარი კომპონენტი.
- რას იტყოდით ჟოზე მოურინიოს მძაფრ რეაქციაზე იმ მომენტებში, როცა ფეხბურთელები შეცდომას უშვებენ? როგორც ეს მოხდა სერხიო რამოსის შემთხვევაში, როდესაც მისი უზუსტო თამაშით აღშფოთებულმა პორტუგალიელმა წყლის ბოთლი მოისროლა...
- ამგვარ ეპიზოდებს ყურადღება ნაკლებად უნდა მივაქციოთ. ყველაფერი კარგადაა. ჩვენ მწვრთნელს სულაც არ აქვს მძიმე ხასიათი. მატჩის დასრულების შემდეგ მოურინიომ და რამოსმა თქვენ მიერ ხსენებული ეპიზოდი განიხილეს, საუბრის ბოლოს კი ორივე იცინოდა. სეუ ჟოზე ბუნებამ მეექვსე გრძნობით დააჯილდოვა და მან ყოველთვის იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს.  
- გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ მოურინიო დროდადრო უხეში არაა და ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ყო¬ველთვის დელიკატურობით გამოირჩევა?
- მოურინიოს ცუდ ხასიათზე ის ადამიანები ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მას საერთოდ არ იცნობენ. სინამდვილეში ჩვენი მთავარი მწვრთნელი არასდროს ზედმეტი სიტყვის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობითაა განმსჭვალული, დროის აბსოლუტურ ნაწილს ფეხბურთს უთმობს და მოთამაშეებთან მუშაობის განსაკუთრებული მეთოდებიც აქვს. იგი ფეხბურთელებს ბავშვებს გვეძახის, თუმცა, ამას სიყვარულით ამბობს და არა იმიტომ, ვინმეს ზემოდან რომ უცქერდეს. ჟოზე მოურინიო “რეალში” შესაფერის დროს მოვიდა. პორტუგალიელი კლუბის განვითარებას შემდგომ, დამატებით იმპულსს მისცემს.
- შეძლო კი მოურინიომ “რეალის” მოთამაშეების ერთ ოჯახად შეკვრა?
- გუნდში ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია. ერთმანეთს გულღიად და ნდობით ვეპყრობით. მთლიანად გუნდი და მისი ცალკეული წევრები საერთო საქმისთვის ვართ მომართული. თანაც, ნებისმიერი ჩვენთაგანი ცდილობს დაამტკიცოს, მაღალი შესაძლებლობების მოთამაშე რომაა. კოლექტივის ერთ მუშტად შეკვრის საქმეში კი მწვრთნელი დიდ როლს ასრულებს, ჟოზე მოურინიო – განსაკუთრებულს.
- ზემოთ ახსენეთ, რომ მოურინიო მოთამაშეებს “ბავშვებს” ეძახის. ახალგაზრდა ფეხბურთელები მისგან მამობრივ ზრუნვას გრძნობენ?
- დიახ. სეუ ჟოზე ძალიან სათუთად ეპყრობა ნებისმიერ ფეხბურთელს. ყოველთვის ცდილობს დაიცვას და მისი ინტერესი გაითვალისწინოს. ეს თანაბრად ეხება როგორც ძირითად, ასევე სათადარიგო მოთამაშეებს. “რეალის” წევრთაგან ვერავინ დაიწუწუნებს, მოურინიო ყურადღებას არ მაქცევს ან გულგრილად მექცევაო. ახლა ჩემთვის გასაგებია, რატომ იცავენ მოურინიოს ის ადამიანები, რომელთაც მასთან ერთად უმუშავიათ.
- მოურინიომ უკვე მოასწრო “მადრიდიზმის სულით” “გაჟღენთა”?
- ჩემი აზრით, არა და ამის აუცილებლობას სულაც ვერ ვხედავ. პორტუგალიელის მუშაობაში მთავარი შედეგის მიღწევაა, იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დასახული მიზნისკენ და დარწმუნებული ვარ, მის ხელში “რეალს” მხოლოდ წარმატება ელის.
- ერთ-ერთ ინტერვიუში “რეალის” გულშემატკივრები გააკრიტიკეთ და მათ “სამეფო კლუბის” მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდეთ. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ადრინდელ სიტყვებს ხომ არ ნანობთ?
- ჩვენი ერთგული ქომაგების გაკრიტიკება არასდროს მიფიქრია, უბრალოდ, ჟურნალისტმა წინადადებიდან სიტყვები იმგვარად “ამოგლიჯა”, შინაარსი სხვა გამოვიდა. მოდით, ამ თემაზე ნუღარ ვისაუბრებთ – ყველამ იცის ჩემი დამიკიდებულება “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივართა მიმართ.
- ბევრი კრიშტიანუ რონალდუს ზედმეტ ინდივიდუალიზმზე საუბრობს. პორტუგალიელი ვარსკვლავი ცუდი მაგალითი ხომ არ გახდება ანხელ დი მარიასა და გონსალო იგუაინისთვის?
- სისულელეა! კრიშტიანუ ფანტასტიკური მოთამაშეა და როგორ შეიძლება, ვინმესთვის “ცუდი მაგალითი” იყოს? რონალდუ ყოველმხრივ საუკეთესოა – ტექნიკასთან ერთად, ბრწყინვალე დარტყმა აქვს და ფიზიკურადაც მძლავრია. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, იგი აქცენტს ინდივიდუალიზმზე რომ აკეთებს, თუმცა, კრიშტიანუ ნებისმიერი მოთამაშისთვის კარგი პარტნიორია და ბურთის გათამაშებაშიც უზადო.   
 

 

გოჩა კაჭარავა


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090824