ჩოგბურთი

13:55 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიე ნასტასე: “ვისურვებდი, ფედერერმა კიდევ დიდხანს იასპარეზოს”

 ლეგენდარული რუმინელი ჩოგბურთელმა ილიე ნასტასემ განსაკუთრებულ წარმატებას გასული საუკუნის 70-იანი წლების პირველ ნახევარში მიაღწია. 1973 და 1974 წლებში ნასტასე რეიტინგსიას ლიდერობდა და იმ 5 ჩოგბურთელს შორის შედის, რომელთაც პროფესიულ დონეზე 100-ზე მეტი ტიტული აქვთ მოპოვებული. მის სადიდსლემო წოდებებს რაც შეეხება, ილიემ ორჯერ ერთეულთა თანრიგში, სამჯერ მამაკაცთა წყვილებში, ორჯერაც შერეულ წყვილთა შორის იმარჯვა. 

- პროფესიულ კორტზე დაახლოებით 40 წელიწადია აღარ გადიხართ. მას შემდეგ მოყოლებული, ჩოგბურთი დიდად შეიცვალა?

- როდესაც ვთამაშობდი, სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო. სადღეისოდ ნებისმიერი წამყვანი მოთამაშის შტაბი არა მარტო მწვრთნელებისგან მენეჯერების, საერთო მომზადების სპეციალისტებისა და დიეტოლოგისგანაც კი შედგება. აშკარაა, ჩოგბურთი უფრო მეტად პროფესიული გახდა და გაცილებით უფრო მეტ ფიზიკურ მზადყოფნასა და დატვირთვას მოითხოვს, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინათ. განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, ამიტომაც ადრეული და თანამედროვე ვარსკვლავების შედარება უმართებულოდ მიმაჩნია. პირადად მე თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და იმედია, ამჟამინდელი ჩოგბურთელებიც ამავე განწყობით გადიან კორტზე. თანამედროვე ჩოგბურთში უწინდელზე გაცილებით მეტი ფული ტრიალებს და სპორტსმენების მოტივაციაც იზრდება. მომატებულია მატჩების რაოდენობაც. ეს მომენტიც თანხას უკავშირდება – როდესაც სარფიან ჰონორარს გთავაზობენ, ძნელია შეთავაზებაზე უარის თქმა.

- წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრება ავსტრალიის ღია პირველობაა. ფავორიტებად რომელ ჩოგბურთელებს მიიჩნევთ?

- გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, ენდი მარეის შანსს მაღლა ვაყენებ. მან ხომ წლეულს რაფა ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო. ენდის ასპარეზობაში უპირველესად ის მომწონს, რომ იგი ხშირად აქცენტს ინტუიციაზე აკეთებს, ძალდაუტანებლად თამაშობს და მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დაძაბულობით პაექრობს. ეს მაღალი კლასის დამადასტურებელი ნიშანია.

- როჯერ ფედერერს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ხომ არ დადგა დრო, შვეიცარიელი აქტიურ საჩოგბურთო კარიერას ჩამოშორდეს?

- ვისურვებდი, როჯერმა კიდევ დიდხანს იასპარეზოს. ყოველ შემთხვევაში, სათამაშო ჟინის გაქრობამდე ფედერერს კორტზე რეგულარულად გასვლას ვურჩევ. მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს და სურვილის შემთხვევაში, მაღალ დონეზე თამაშს 60 წლამდე მოახერხებს. ის, რომ როჯერი რეიტინგსიაში დაქვეითდა, მისი ჩოგბურთიდან წასვლის საბაბი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ფედერერმა განაცხადა, რომ მისთვის სანიმუშო ჩოგბურთელები ავსტრალიელი როდ ლეივერი და ილიე ნასტასე არიან. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089145