გულშემატკივრის სვეტი

11:00 | 15.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

იმედები და შიშები

მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან საუბრისას ბევრი იფიქრა, ივაგლახა, მაგრამ საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ერთი წევრიც კი ვერ გაიხსენა. აბა მაშინ მიეცათ, თუ მიეცათ იტალიელ ჟურნალისტებს ქილიკისა და ხითხითის მიზეზი. მოეთხოვება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ფეხბურთელების გვარების ცოდნა, ამაზე მალტელებმა იდარდონ, მაგრამ იმის იმედი კი ნამდვილად ვიქონიოთ, რომ მალტის პარლამენტის თავმჯდომარე, თანამემამულე ფეხბურთელების გვარების დამახსოვრებას მაინცადამაინც კუნძულელების საქართველოსთან რიგით მეორე გამარჯვების შემდეგ არ შეეცდება.
ასეა თუ ისე, პოლონეთში გამართული კენჭისყრის შემდეგ, ჩვენი ნაკრები მართლაც რომ ისეთ ჯგუფში მოხვდა, ძველი თაობის გულშემატკივრები „კანფეტივით ჯგუფს“ რომ ეძახიან. ხორვატიაც მშვენიერი გუნდია და არც საბერძნეთისა და ისრაელის ნაკრებები არიან ვინმეს მიერ „თავში წამოსარტყმელი“, მაგრამ როდესაც პორტუგალიის, ინგლისის, იტალიის ან ჰოლანდიის ნაკრებების დარი „ვეშაპები“ აგცდება, კაცნი ვართ და ბუნებრივია, გადაეშვები ოცნებებში თავით.  მე თქვენ გეტყვით და არ გვეხერხება მსგავსი რამეები...
კენჭისყრის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ დიპლომატიური და მოზომილი კომენტარი გააკეთა. მოკლედ თქვა, რომ საინტერესო ჯგუფია, დიდი ბრძოლები იქნება და გასვლის შანსი ერთბაშად რამდენიმე გუნდს გააჩნია. პრინციპში, სხვაგვარი განცხადება უფრო გასაკვირი იქნებოდა ქეცბაიასაგან. როდესაც ამდენი პრობლემის წინაშე მდგომ გუნდს ხელმძღვანელობ, ტრაბახი და უსაგნო ოპტიმიზმი გამართლებული ნამდვილად არაა. შესარჩევში ჩვენი გუნდის გამოსვლის პერსპექტივებზე საუბრისას, ქეცბაიას მსგავსად ფრთხილია ფედერაციის პრეზიდენტი - დომენტი სიჭინავაც. ბატონი დომენტი, ისევე როგორც ნაკრების მესაჭე, ჯგუფში ფიცხელ ბრძოლებს ვარაუდობს და მის ბაგეთ ნამდვილად არ დასცდენია ქართველი ქომაგისათვის მორიგი იმედების ჩამსახველი სიტყვები: „ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლიაო“. მთლად უიმედო და ყველაფერზე ხელჩაქნეული კაცი სულაც არ არის საამო საცქერი, მაგრამ არც ფუჭი იმედებით აღსავსე ადამიანი იმსახურებს დაფა-ზურნებს.
ბოლო დროს, ქართულ საზოგადოებაში ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული განწყობა ჩამოყალიბდა - ერთნი, რომლებიც არასოდეს ჰკარგავენ უკეთესის იმედს, კენჭისყრის შედეგად გრანდების აცილებამ ძალიან გაახარა და ქეცბაიას გუნდით აქედანვე დაიმედებულნი, „თუნდაც“ ფლეი-ოფში გასვლის შანსებს ითვლიან. მეორენი კი, ანუ გულშემატკივრების შედარებით პესიმისტი ნაწილი, სწორედ იმან დაამწუხრა, რომ ჩვენს გუნდთან გრანდები არ მოხვდნენ. მათი ლოგიკა დაახლოებით ასეთია: „საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან მაინც ვერ გავა, ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, გრანდები შეგვხვედროდა, რადგან სხვა თუ არაფერი, თბილისში დიდი გუნდების ხილვის საშუალება მაინც მოგვეცემოდაო“.
საზოგადოების რომელი ნაწილია რაოდენობრივად უფრო მეტი, ამის დათვლას ნამდვილად არ ვაპირებთ და ალბათ, არცაა ამის საჭიროება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსების შეფასებებში, ის სიფრთხილე, რასაც ნაკრების მესვეურები იჩენენ, გვაფიქრებინებს, რომ გასვლის შანსებს ეს ადამიანებიც არ უყურებენ დიდი ოპტიმიზმით და ნაკრებზე მსჯელობისას, ძირითადად, გუნდის სამომავლო პერსპექტივებზე საუბარს ამჯობინებენ.
აქედან გამომდინარე, როდესაც ნაკრების ავანჩავანში სხვებზე მეტად ჩახედული ადამიანები სიფრთხილეს არჩევენ, ჟურნალისტების მხრიდან სიხარულის ყიჟინის ატეხვა ნამდვილი აბსურდი იქნება. ერთი, რისი იმედიც აუცილებლად უნდა გვქონდეს, ის არის, რომ ქეცბაიას დამოძღვრილი გუნდი, ყველაზე ცოტა, წინა შესარჩევზე კარგად მაინც ითამაშებს და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ყოვლად უთავმოყვარეო გუნდის იარლიყს, ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებენ. ყველაფერი რომ გადავდოთ, ქართველი გულშემატკივარი, შელახული თავმოყვარეობის აღდგენას, ეროვნული გუნდისგან აუცილებლად მოითხოვს.

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098616