გულშემატკივრის სვეტი

9:57 | 29.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

იმედების დღესასწაული

ახალი წელი ქართველებისთვის მართლაც იმედების დღესასწაულია. სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ ეს დღე ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ და ახალი წელი პატარების დღეაო. ჰოდა, რაკი ახალი წელი უპირატესად ბავშვების დღეა, ამ დღეს ყველა ცოტათი მაინც უნდა გავბავშვდეთ, საახალწლო ოცნებებსა და სურვილებს მეტი გასაქანი მივცეთ და ვიოცნებოთ იმაზე, რომ 2010 წელი ქართული სპორტისთვის იმაზე ბევრად წარმატებული იქნება, ვიდრე ამის წარმოდგენა, პროგონოზირება და ვარაუდების გამოთქმა შეგვეძლო.
 როდესაც ოცნებებზე ვლაპარაკობ, განსაკუთრებულად ისეთ სპორტულ მიღწევებს ვგულისხმობ, რაც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენოდა და ალბათ, დღესაც გვეჩვენება, თორემ ის, რისი მიღწევაც ჩვენს სპორტსმენებს ნამდვილად ხელეწიფებათ, სულაც არ არის მხოლოდ ოცნების სფერო. ერთ რამეზე ახლავე შევთანხმდეთ. ყველა სპორტული სახეობისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველი ქომაგებისთვის, წარმატებული ასპარეზობა განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში იქნება მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი – გადამწყვეტი.
 პირადად მე, ვფიქრობ და ჩემს მოსაზრებას, ალბათ, ბევრი ადამიანი იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ქართული ფეხბურთისთვის უნდა იყოს. თემურ ქეცბაია, ქართველი გულშემატკივრებისთვის განიხილება როგორც “რეანიმაციაში მყოფი” ავადმყოფის – ქართული ფეხბურთის შესაძლო მხსნელი. რამდენად ჯანსაღია ასეთი მოლოდინი, ეს, უმჯობესია, მკითხველმა განსაჯოს.
მომავალი წელი ჩვენი მორაგბეებისთვის და კალათბურთელებისთვისაც უზომოდ მნიშვნელოვანი იქნება. “ბორჯღალოსნებს” ჯგუფში ამჟამად დაკავებული პირველი ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ. უპირველესად, საქართველოს გუნდმა კვლავ რუსეთის ნაკრებს უნდა გამოუყვანოს “წირვა”, იმ რუსეთს, რომელიც რაგბიში ამდენი და გამუდმებული მარცხის შემდეგ, მხატვრულად რომ ვთქვათ, საქართველოსთან გამარჯვებისთვის წლებია “კბილებს ილესავს”. გარდა ამისა, სულაც არ იქნება სახუმარო რუმინელებთან, პორტუგალიელებთან და მათ მეზობელ ესპანელებთან თამაში. 
 უდავოდ, ისტორიული მისია აკისრიათ ჩვენს კალათბურთელებს. მართლაც, ევროპის ელიტარულ ჯგუფში აღზევებულ “ჯვაროსნებს”, ახლა უკვე სულ სხვა დონის პილოტაჟი მოეთხოვებათ და ევროპულ გრანდებთან თამაში, არა მხოლოდ გამოცდილების მიღების საშუალება უნდა იყოს, ჩვენებურებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ელიტარულ რაუნდშიც კი არავისზე ნაკლებნი არიან და საქმე საქმეზე თუ მიდგება, ძლიერ მეტოქეებთანაც შეუძლიათ ღირსეული თამაში.
 ამ ამოცანების გადაწყვეტა მარტივი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ზაზა ფაჩულიამ და მისმა მეგობრებმა დაგვაჯერეს, რომ მონდომების შემთხვევაში, მათთვის შეუძლებელი არაფერია და სათანადო მხარდაჭერაც თუ არ დააყვედრეს გულშემატკივრებმა, ქართველი კალათბურთელებისგან დადებითი შედეგის მიღება შეიძლება.
 ვითომ, რატომ არ უნდა გვჯეროდეს ის, რომ ახალ წელს ყოველივე ცუდის ჩამოწერა შეუძლია? ბოლოს და ბოლოს, განა ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული? ჰოდა, ვიქონიოთ იმის იმედი, რომ 2010 წელს უფრო მეტ  გაღიმებულ ქართველ ქომაგს ვნახავთ, ვიდრე აქამდე გვინახავს. განა ეს, მხოლოდ ოცნების სფეროა?

ლევან სეფისკვერაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098094