ჩოგბურთი

10:53 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინდიან უელსში წილი ჰყარეს

 

 7 მარტიდან კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან უელსის BNP Paribas Open “მასტერზ1000” აიღებს სტარტს. ტურნირის ორგანიზატორებმა ძირითადი ბადის კენჭისყრა მოაწყვეს, რომლის შედეგადაც შეჯიბრების ფავორიტებმა თავიანთი პირველი მოწინააღმდეგეების ვინაობა შეიტყვეს.

პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსში მეორე წრიდან ჩაებმება, მის პირველ ოპონენტს კი იტალიელი ფაბიო ფონინისა და სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს დაპირისპირება გამოავლენს.

მსოფლიოს რეიტინგსიის მეორე ნომერი როჯერ ფედერერი ინდიან უელსში სასტარტო მატჩს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულსა და უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინს შორის მოგებულს შეხვდება. ასევე გაურკვეველია რაფა ნადალის ოპონენტიც. მეხუთე ნომრად განთესილი მალიორკელი იაპონელი გო სოედასა და ამერიკელი რაიან ჰარისონის მატჩის შედეგს დაელოდება. ენდი მარეის (3) რაც შეეხება, მის სამეორეწრეო მეტოქეს რუსი ევგენი დონსკოისა და იაპონელი ტოცუმა იტოს პაექრობა გაარკვევს, ხოლო დავიდ ფერერი სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონსა და რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს შორის საუკეთესოს შეებმება.

ინდიან უელსის მამაკაცთა ერთეულთა შეჯიბრების ჩემპიონი მილიონ დოლარს მიიღებს და რეიტინგსაც 1000 ქულას მიამატებს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ამერიკელ ჯონ იზნერს 7:6, 6:3 მოუგო. ამასთან, ფედერერს კალიფორნიის შტატის “მასტერზ1000” ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ აქვს მოგებული. “მხიარულმა როჯერმა” ინდიან უელსში 2004, 2005, 2006 და 2012 წლებში დაისაკუთრა გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მთავარი პრიზი. 

 

0.108976