ინტერვიუები

12:42 | 18.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “თამაშის გაუმჯობესების რეზერვი გვაქვს”

ბუნდესმანშაფტის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ყოველთვის ახერხებს ემოციის მოთოკვას. დანიელებთან მატჩის დასრულების შემდეგაც იგი ისეთი აუღელვებელი და მშვიდი სახით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე თითქოს მას გერმანიის ნაკრების მიერ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრის მოგება და მეოთხედფინალში გასვლა ოდნავადაც არ ახარებდა.

 
- რთულ თამაშს ველოდით და ჩვენი ვარაუდი ახდა. პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გავუშვით ხელიდან და იმის ნაცვლად, 3:0 რომ წაგვეყვანა, ბურთი საკუთარ კარში გავუშვით. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი გაცილებით უფრო გამართულად ათამაშდა, ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და საბოლოოს საურველ შედეგს მივაღწიეთ. 
- როდესაც პორტუგალიელთა მეორე გოლის თაობაზე შეიტყვეთ, ნერვიულობისგან გულისცემა ხომ არ აგიჩქარდათ?
- ჩემი პულსი ყოველ სიტუაციაში უცვლელია – გული წამში 60-65-ჯერ მიცემს. ყოველთვის ვიცი, ამა თუ იმ ვითარებაში როგორ მოვიქცე. დანიელებთან მატჩის მსვლელობისას სიმშვიდის გრძნობა არცერთ მომენტში არ დამიკარგავს. ვგრძნოდი, მეორე გოლს აუცილებლად რომ გავიტანდით. სკანდინავებს ჩვენთვის კიდევ ერთი ბურთი რომ გაეტანათ, წინასწარ შემუშავებული სათადარიგო გეგმა ამუშავდებოდა. საბედნიეროდ, ამ გეგმის განხორციელების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დამდგარა. 
- მეოთხედფინალში ლარს ბენდერს კვლავ სასტარტოში დააყენებთ, თუ ბოატენგს დააბრუნებთ?
- ძალიან ბევრის გაგება გსურთ. ჯერ დანიასთან თამაში უნდა გავაანალიზოთ. მშვიდ გარემოში სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყველაფერს ავწონ-დავწონით და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. მხოლოდ ერთს მოგახსენებთ – თამაშის გაუმჯობესების რეზერვი გვაქვს. მაგალითად, დანიელებთან დაპირისპირებისას მოწინააღმდეგეს შედარებით თავისუფლად თამაშის საშუალება მივეცით. ამაზე მცველებსა და შუახაზელებს მკაცრად დაველაპარაკებით. დანიელები ყველა მეთოდით ცდილობდნენ ჩვენი თამაშის შენელებას. დარწმუნებული ვარ, იმავეს მოიწადინებენ ბერძნებიც. 
- იცით თუ არა, რომ გერმანიის ნაკრებს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან არასდროს წაუგია?
- მართლა, არ ვიცოდი. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ მთავარმწვრთნელობისას ელადელებს არასდროს დავპირისპირვებივართ. დროა, ეს “ხარვეზი” აღმოვფხრათ. 
- ელოდით საბერძნეთი მეოთხედფინალში რომ გავიდოდა?
- ამას არავინ ელოდა! სასტარტო შეხვედრაში რუსებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. არ მეგონა, დიკ ადვოკაატის გუნდი ჯგუფში რომ ჩარჩებოდა. მაგრამ ხომ ხედავთ როგორ განვითარდნენ მოვლენები – ბერძნებთ სამი მომენტი ჰქონდათ და სამივე წარმატებით გამოიყენეს. ელადელები ნაკლებად ეფექტურები, თუმცა ეფექტიანები არიან. სწორედ ეს უკანასკნელი თვისება უნდა “ჩამოვართვათ” მეოთხედფინალში. 
 
გოჩა კაჭარავა
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089624