საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს ეს თანამდებობა 4-წლიანი ვადით ჩააბარეს, ასისტენტებთან - ლაშა გუჯეჯიანთან და გიორგი ვაზაგაშვილთან ერთად. მწვრთნელთა ახალი გუნდი საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. იქამდე კი ირაკლი ცირეკიძე სამომავლო გეგმებზე “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.
- მწვრთნელობაზე ბოლო წლებში ბევრჯერ მიფიქრია. გადაწყვეტილი მქონდა, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობა ამ ამპლუაში გამეგრძელებინა და ბედნიერი ვარ, რომ ამხელა გამოწვევა მივიღე.
- სამწვრთნელო საქმიანობის დაწყება ნიშნავს, რომ ტატამზე საჭიდაოდ გასვლას აღარ აპირებთ?
- ნამდვილად ასეა, აქტიური სპორტული კარიერა საბოლოოდ დავასრულე.
- ვინ შემოგთავაზათ ნაკრების მწვრთნელობა?
- თავად შევთავაზე. სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს წინადადებით მივმართე და გადაწყვიტეს, ნდობა გამოეცხადებინათ. ვეცდები, ეს იმედები გავამართლო.
- გაქვთ კონკრეტული სამუშაო გეგმა?
- რა თქმა უნდა. ბევრი სიახლე მინდა დავნერგო. 5 ოქტომბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. სამუშაო გეგმას ახალ პრეზიდენტს წარვუდგენ. იმედია, სრული მხარდაჭერა მექნება.
- სამწვრთნელო გამოცდილების გარეშე ამხელა პასუხისმგებლობის აღება არც თუ პატარა რისკია...
- აქტიურ სპორტში უდიდესი გამოცდილება დამიგროვდა. არაერთ გამოცდილ მწვრთნელთან მიმუშავია. თან ბოლო მომენტამდე ჩართული ვიყავი საქმეში და ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარება. თან გვერდით ლაშა გუჯეჯიანი და გამოცდილი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილიც მყავს.
- რის შეცვლას აპირებთ?
- არის ნიუანსები, რომლებზეც მეტ ყურადღებას გავამახვილებ, ვიდრე ჩემი წინამნორბედები.
- კონკრეტულად?
- თუნდაც სპორტული მედიცინის სფეროში.
- სეზონის ბოლომდე რომელ საერთაშორისო ტურნირებზე გეგმავთ გამოსვლას?
- დაზუსტებით რაც ვიცი, ოქტომბრის ბოლოს (27-28 ოქტომბერს), ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩავალთ. ბევრი რამ დასაზუსტებელია. ძალიან მინდა, ზამთარში იაპონიაში, კანოს მემორიალზე ვიჭიდაოთ.
- ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგადად, გუნდის გამოსვლას რაც შეეხება, პოტენციალი აშკარად მეტი იყო, ვიდრე ეს ლონდონში გამოჩნდა.
- ამის მიზეზად რას მიიჩნევთ?
- ამ საკითხზე კონკრეტული საუბრისგან თავს შევიკავებ.
ოთარ მაღლაკელიძე







