საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამიერიდან, გუნდს საერთაშორისო ტურნირებისთვის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მოამზადებს. ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და უახლოესი 4 წლის განმავლობაში ნაკრების მესაჭე იქნება.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების დამრიგებლის თანამდებობა ვაკანტური გახდა. აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, პიტერ ზაიზენბახერთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მის გახანგრძლივებაზე ქართულ მხარეს აღარც უზრუნია. ავსტრიელი სპეციალისტი, მომავალი თვიდან, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. ქართულ გუნდს კი, ცირეკიძესთან ერთად, ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი გაწვრთნიან.
ახალი მწვრთნელი და მისი ასისტენტები, ნაკრების კანდიდატებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ხახალეიშვილმა დიღომში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში წარუდგინა.
“მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან, საქართველოს ნაკრებს სათავეში ირაკლი ცირეკიძე ჩაუდგება. თვეების წინ, იგი ბევრი თქვენგანის გვერდით ვარჯიშობდა, შესაბამისად, უმეტესობა კარგად იცნობთ და იმედია, მაქსიმალურად დაუდგებით მხარში. ქართული გუნდი ერთ მუშტად უნდა შეიკრას და ეს ერთსულოვნება, მომავალ წარმატებებზეც აუცილებლად აისახება”, – უთხრა ხახალეიშვილმა ძიუდოისტებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა, სპორტსმენებს ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით წარმატებული მომავალი უსურვა. სამინისტროს მხრიდან კი, მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეგირდებს თავად ირაკლი ცირეკიძემაც მიმართა:
“ეს თანამდებობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცოტა ხნის წინ მეც თქვენს გვერდით ვვარჯიშობდი და ვფიქრობ, საქმის კარგად გაძღოლაში ესეც დამეხმარება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული ძიუდო წარმატებული იყოს”, – განაცხადა ცირეკიძემ.
ოფიციალური წარდგენის დასრულების შემდეგ, ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტებს გამოუცხადა, რომ მწვრთნელთა ახალი გუნდი პირველ ვარჯიშს ორშაბათს ჩაატარებს. შემდეგ კი “მსოფლიო სპორტისთვისაც” მოიცალა.
“ახალ საქმეს ძალიან დიდი შემართებით ვიწყებთ და კარგი იქნება, თავიდანვე ზედმეტად კრიტიკულად თუ არ განგვსჯით. მაქსიმალურად ვეცდებით, ნდობა გავამართლოთ და ქართული ძიუდო მომავალ გამარჯვებებამდე მივიყვანოთ. პირველი ტურნირი ოქტომბრის ბოლოს (27-28 ოქტომბერს) გველის - ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი”, – გვითხრა გუჯეჯიანმა.
ოთარ მაღლაკელიძე







