ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ფეხბურთის სიყვარულითაა ცნობილი, კიევის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის “დინამოს” გულშემატკივარია, მაგრამ უკრაიულ გრანდშიც ბევრი მეგობარი ჰყავს.
- ირაკლი, როგორ გადაიკვეთა თქვენი და კიევის “დინამოს” გზები ისრაელში?
- ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. ისრაელში ორი კონცერტი მქონდა და რადიოთიც გამოვედი. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, კიდევ ორიოდე დღით დავრჩენილიყავი. ჩემი საკონცერტო ჯგუფი მოსკოვში გავუშვი, ხოლო თავად იერუსალიმში წავედი, სადაც კიევის დინამოელებს შევხვდი. გუნდში ბევრი მეგობარი მყავს.
- ვისთან გაქვთ ურთიერთობა?
- სერგეი რებროვი ყაზანში გასტროლების დროს ჩვენმა საერთო მეგობრებმა გამაცნეს. ურთიერთობა მას შემდეგ გვაქვს. კარგად ვიცნობ შევჩენკოს, შოვკოვსკის, მილევსკის, გუსევს. როდესაც ისინი მოედანზე არიან, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობ.
- რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
- თბილისის “დინამოს”. მოსკოვში დავიბადე, მაგრამ ძალიან ხშირად ჩავდიოდი თბილისში ბებიასთან. იმ დროს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, გუნდის არცერთ თამაშს ვაცდენდი. მახსოვს, რამდენიმეჯერ ჩვენთან კიევის “დინამო” ჩამოვიდა და ნამდვილი დღესასწაული იყო. საქართველოში თქვენი გუნდი ძალიან უყვართ და აფასებენ. კიდევ რამდენიმეჯერ მოსკოვში “სპარტაკი” –“ დინამოს” თამაშს დავესწარი. იმ დროს ნოსტალგიით ვიხსენებ.
- ფეხბურთში კარგად ერკვევით. ბავშობაში სურვილი არ გქონდათ, ბედი სპორტისთვის დაგეკავშირებინათ?
- მქონდა და თან როგორი! ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და 13 წლის ასაკში “ლოკომოტივის” საფეხბურთო სკოლაში მივედი. თუმცა, საფეხბურთო საზომით ჩემთვის უკვე გვიანი იყო და მუსიკაზე გადავერთე. მით უმეტეს, ამ სფეროში უკვე გარკვეული წარმატებები მქონდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









