ინტერვიუები

12:36 | 24.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მესხია: "უკრაინა შემიყვარდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ქართველად დავრჩები"

19 წლის ირაკლი მესხიამ დსთ-ის თასის მეოთხედფინალში, უკრაინა-მოლდოვის 21-წლამდელთა შეხვედრაში გოლი გაიტანა. ფლანგელმა ნახევარმცველმა 64-ე წუთზე მიითვალა გოლი და 4:0 გახადა ანგარიში. უკრაინელებმა 5:0 იმარჯვეს. მესხია წინა მატჩებშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მოკლედ, თქმა არ უნდა, უდავოდ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მესხია უკრაინულ Footboom-ს ესაუბრა.   

- უკრაინის 21-წლამდელებში სამი ქართველი თამაშობს: თქვენ, ბადრი აქუბარდია და დავით იაშვილი. აქუბარდია და იაშვილი კიევის "დინამოს" წევრები არიან. თქვენ რატომ არ ხართ მათთან ერთად?
- ამ ზამთარს კიეველები კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ არც პირობები მომეწონა და არც ხანგრძლივობა. 5-წლიან ხელშეკრულებას მთავაზობდნენ, რაც საკმაოდ ხანგრძლივია.
- "ობოლონში" ირიცხებით, რომელსაც არსებობის შეწყვეტა ემუქრება. ხომ არ გამოსწორდა სიტუაცია?     
- კვლავაც რთული მდგომარეობაა, მაგრამ მე უკვე წამოვედი "ობოლონიდან". 6 თვის განმავლობაში ხელფასს არ იხდიდნენ, მხოლოდ პრემიალურებს რიცხავდნენ. სულ მპირდებოდნენ, მაგრამ მორიგი ტყუილის შემდეგ, მათთან კონტრაქტი გავწყვიტე.
- ჩივილს აპირებთ?
- არა. როცა ასეთი რთული ფინანსური მდგომარეობა აქვთ, რა აზრი აქვს ჩივილს? პატარა ასაკში ასეთი რეპუტაცია რაში მჭირდება? ფეხბურთის თამაში მინდა და არა - სასამართლოში სიარული. როგორც წესი, კარიერის ბოლოს ჩივიან, როცა ფეხბურთელს ფულის დაგროვება სჭირდება, მე კი ყველაფერი წინ მაქვს. იმაზე მეტს ნამდვილად ვიშოვი, ვიდრე "ობოლონიდან" მეკუთვნის.
- ფინანსურად უზრუნველყოფილი ხართ?
- არც მანქანა მყავს, არც ძვირფასი ტელეფონი მაქვს... მშობლებთან ერთად, კიევში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. მშობლებისთვის ფულის თხოვნა არ მრცხვენია, რადგან ისინი უახლოესი ადამიანები არიან. ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცი, თუ რას ნიშნავს ფინანსური თავისუფლება.
- აქამდე ვინ გეხმარებოდათ ფინანსურად?
- მშობლები. 5 წლისამ დავიწყე ფეხბურთის თამაში. მშობლები ჩემს გამო გადმოვიდნენ კიევში. ახლა ქართული კაფე აქვთ.
- კარიერის გაგრძელებას სად აპირებთ?
- უჟგოროდის "გოვერლასთან" სეზონის ბოლომდე გავაფორმე საიჯარო ხელშეკრულება. მინდა, რომ გუნდს პრემიერლიგაში დარჩენაში დავეხმარო. აგენტმა მითხრა, რომ "გოვერლას" მწვრთნელს ჩემი იმედი აქვს, ასე რომ, თურქეთში შევუერთდები გუნდს. ბოლო პერიოდში გავიზარდე, ადრე დაშვებული შეცდომები გავიაზრე და მინდა, რომ სულ წინ ვიარო.
- "გოვერლაში" თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, გააგრძელებთ ხელშეკრულებას?
- თუ პრემიერლიგაში დარჩებიან, გავაგრძელებ. პირველ ლიგაში დაბრუნება აღარ მინდა. ჩემი კოზირი ტექნიკაა, პირველ ლიგაში კი ეს არ ჭრის, თამაშის საშუალებას არ გაძლევენ. იქ კი არ თამაშობენ, არამედ იბრძვიან. მცველები ისე მოქმედებენ... გახსენებაც არ მინდა. უბრალოდ, უკრაინის პირველ ლიგაში აღარასოდეს ვითამაშებ. იმას არ ვამბობ, თითქოს მესხია განსაკუთრებული დონისაა და მხოლოდ უმაღლესში უნდა გამოდიოდეს. გადავწყვიტე, რომ მხოლოდ წინ გავიხედო და მაღალ დონეზე ვითამაშო.
- თამაშობთ არა საქართველოს, არამედ უკრაინის ნაკრებში. გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ?
- როგორც ფეხბურთელი, ჩემს თავს უკრაინაში ვხედავ. მიყვარს ეს ქვეყანა და კიევს მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად ვთვლი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ქართველად დავრჩები. ასეა, რადგან ქართული სისხლი მაქვს.  
- ბოლო დროს უკრაინაში ბევრი ქართველი ფეხბურთელი მოდის. აქ მათი ადაპტაციისთვის საუკეთესო ადგილია?
- შეხედეთ, როგორ თამაშობენ. ფაქტობრივად, ყველანი ლიდერები არიან გუნდებში. თუნდაც, თარგამაძე, კანკავა და ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასევე, ლობჟანიძე, კობახიძე. ყველა მათგანი ძლიერია, ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. მიხარია, რომ მათ ვიცნობ. მესმის, რომ მოდიან იმ ჩემპიონატში, სადაც კარგად თამაშის და ფინანსურად მოძლიერების შანსი აქვთ. მაგალითად, როდესაც საქართველოდან მოვდიოდი, ფეხბურთელები კლუბს იქით უხდიდნენ ფულს, რათა ევარჯიშათ. ბინის ქირასავით იყო. ამიტომაც, ბევრმა ვერ ითამაშა.
 
მოამზადა ილია ნანობაშვილმა   


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.108435