ძიუდო

14:18 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი უზნაძე: “მედლისთვის ბრძოლა ნაკრების ყველა წევრს შეუძლია”

დღეს დილით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა. 25-28 აპრილს უნგრეთის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ქართული გუნდი ტატამზე ოპტიმალური შემადგენლობით გავა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ განაცხადში თორმეტი სპორტსმენი შეიყვანა. ამათგან ცხრა ინდივიდუალურ პირველობაში ჩაერთვება, სამი კი ნაკრებს გუნდურ ჩემპიონატში დაეხმარება.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. 26 აპრილს საქმეში ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე - 81 კგ) ჩაერთვებიან, 27-ში კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) მოირგებენ. ევროპირველობის დასკვნით დღეს კი გუნდური ტურნირი გაიმართება და ქართული შემადგენლობის ზემოთ ჩამოთვლილ წევრთა გარდა, უნგრულ ტატამზე შალვა ქარდავა (66 კგ), ზვიად გოგოჭური (90 კგ) და ონისე ბუღაძე (+100 კგ) გავლენ.

“ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილი მოსამზადებელი ციკლი გავიარეთ. შეკრებებითაც კმაყოფილი დავრჩი და საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები საერთო შედეგითაც. გუნდი ევროპირველობისთვის მზადაა. მედლისთვის ბრძოლა ნაკრების ყველა წევრს შეუძლია. დანარჩენი კი უშუალოდ შეჯიბრებაზე გამოჩნდება”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162812