ირაკლი ხოშტარიას კალათბურთის ქართველის გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მას ეროვნულ ნაკრებში, “კაქტუსში”, “დინამოში”, “სტუ-ჯეოსელში”, სდასუ-სა და “თბილავიამშენში” არაერთი წელი გაუტარებია, კარგი თამაშითაც გამოუჩენია თავი და ტიტულებიც უხვად მოუხვეჭავს. ჩვენი სუპერლიგის მეორე წრიდან კი ირაკლი თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა და ამ რანგში სადებიუტო მატჩიც წარმატებული გამოუვიდა – დინამოელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორით “ქუთაისს” დამაჯერებლად სძლიეს. გუნდისა და მისი მთავარი მწვრთნელის აქტივში უნდა შევიტანოთ მოგებები “სოხუმსა” და თსსუ-სთანაც. “დინამოს” დამრიგებელს სუპერლიგის ბოლო ტურში “ბათუმთან” მატჩის დასრულების შემდეგ შევხვდით და ბატონმა ირაკლიმაც ჩვენ კითხვებს მკითხველისთვის საინტერესო პასუხი გასცა.
- კალათბურთელის რანგში დიდხნიანი კარიერის განმავლობაში სამწვრთნელო საქმიანობაზე მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა შეგექმნათ. გუნდის დამრიგებლობას “უმადურ პროფესიადაც” მიიჩნევენ და საამისო ფონზე, რამ გადაგაწყვეტინათ სპორტის საყვარელ სახეობაში მწვრთნელის რანგში დაბრუნება?
- უპირველესად კალათბურთის სიყვარულმა. 25 წლის განმავლობაში აქტიურ სამოთამაშეო კარიერა მქონდა და რომ არა ხელის ტრავმა, კიდევ 2-3 სეზონი ვითამაშებდი. ერთი პერიოდი ფორმაშიც შევედი, მაგრამ დაბრუნებისგან თავს მაინც ვიკავებდი – შესაძლოა მაქსიმალური შესაძლებლობები ვერ წარმომეჩინა მაყურებლისთვის. ისე კი ჩვენ კალათბურთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ვაკვირდებოდი, მუდმივად საკალათბურთო ცხოვრების პულსზე მეჭირა ხელი და როდესაც “დინამოს” პრეზიდენტმა და ჩემმა მეგობარმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გუნდში მწვრთნელის რანგში მუშაობა შემომთავაზა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და თბილისის “კაქტუსში” პარტნიორის შეთავაზებას დავთანხმდი. ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდით, სუპერლიგის რეგულარული პირველობის მეორე წრიდან კი “დინამოს” სათავეში ჩავუდექი.
- უპირველესად რა სირთულეს წააწყდით მთავარი მწვრთნელის რანგში საქმიანობისას?
- როდესაც მატჩს ტრიბუნიდან უმზერ ან თუნდაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობ, ყველა დეტალსა და ნიუანსს ვერ განჭვრეტ. ბევრი რამ სხვაგვარად გეჩვენება და შესაძლოა, გარკვეულ მომენტებში არასწორი შთაბეჭდილებაც კი შეგექმნას. როდესაც მთავარი მწვრთნელი ხდები, ცალკეულ მოთამაშეებთან და მთლიანად გუნდთან ურთიერთობა უნდა დაალაგო, კალათბურთელები ფსიქოლოგიურად განაწყო, მათ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაზე იზრუნო. ვფიქრობ, ამ მიმართულებებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ და შეგვწევს უნარი, “დინამო” კიდევ უფრო წინ წავწიოთ.
- საამისოდ ასისტეტების მხარდაჭერაც აუცილებლად დაგჭირდებათ. რა როლი და ფუნქცია აქვთ თქვენ თანაშემწეებს, ამბროსი ორმოცაძესა და მამუკა აბრამიძეს?
- ორმოცაძე “დინამოს” დუბლშემადგენლობის დამრიგებელიცაა. მასთან ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებული აზრი მაქვს, თუმცა, საბოლოოდ მაინც კონსენსუსამდე მივდივართ და შეჯერებულ გადაწყვეტილებას ვიღებთ. აბრამიძეს რაც შეეხება, მამუკას მატჩისშემდგომი ანალიზი აქვს მინდობილი და თავის საქმეს პროფესიულად, მაღალ დონეზე ასრულებს. ჩვენი სადამრიგებლო ტრიო თანამოაზრეებისგან შედგება და მიუხედავად იმისა, ფორსირებულ რეჟიმში რომ მოგვიწია გუნდის სადავეების ჩაბარება და მუშაობა, ყოველმხრივ შევეცდებით, წამოწყებული საქმე ბოლომდე ღირსეულად მივიყვანოთ.
- სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან ერთად გიმუშავიათ. ყველაზე მეტად რომელი სპეციალისტის გამოცდილების გაზიარება დაგეხმარებათ სადამრიგებლო საქმიანობაში?
- ნებისმიერ მწვრთნელს, რომელთანაც მომიწია ურთიერთობა გარკვეული დადებითი თვისებები ჰქონდათ, რომელთაც ჩემ საქმიანობაში გამოვიყენებ. ლევან მოსეშვილს ზუსტად ესმის კალათბურთელის განწყობა, ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს ყოველთვის თავისი, განუმეორებელი ხელწერა აქვს, მაღალი დონის სპეციალისტია ზურაბ ტომარაძე. მათი გამოცდილება მოთამაშეების მომზადების და გუნდის ტაქტიკური მონახაზის შემუშავების მხრივ ჩემთვის გასათვალისწინებელია.
- პროფესიულ კალათბურთს 2 ათეული წლის განმავლობაში თამაშობდით და ამ ხნის განმავლობაში, როგორც საქართველოს ეროვნულ გუნდში, ასევე კლუბებში არაერთი მაღალი კლასის პარტნიორი გყავდათ. საქმე არჩევანზე რომ მიდგეს და მხოლოდ ერთის აყვანა რომ შემოგთავაზოთ, რომელ მათგანს დაიმატებდით “დინამოში”?
- გუნდს უპირველესად ლიდერი მოთამაშე სჭირდები, რომელიც წინამძღოლის თვისებებს როგორც მოედანზე წარმოაჩენს, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში, ლიდერმა “მე” უკან გადასწიოს და წინა პლანზე “ჩვენ” წამოწიოს. ვფიქრობ, ასეთი კალათბურთელი დღევანდელ “დინამოშიც” მოიძებნება, მას აღმოვაჩენთ და ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, ლიდერად ჩამოყალიბების საქმეში.
- ქართული სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი საფინალო სწორზე გავიდა. რა საამსეზონო მიზანი აქვს თბილისის “დინამოს”?
- ცხადია, პლეი ოფში მოხვედრა გვსურს. ეს პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა, რეგულარული პირველობის დასრულება შეძლებისდაგვარად მაღალ პოზიციაზე გვსურს, რათა პლეი ოფის სასტარტო წრეში ფავორიტებთან დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ.
- ბოლო ორ ტურში მიმდინარე სუპერლიგის აუტსაიდერებს, “რუსთავსა” და “ბათუმს” შეხვდით, რომლებთანაც გამარჯვების მოპოვება გაგიჭირდათ...
- ამას უპირველესად ფსიქოლოგიურ განწყობას მივაწერ. ჩვენ მეტოქეებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და თავისუფლად თამაშობდნენ, ჩვენმა ბიჭებმა კი ვერ გაითვალისწინეს ის მომენტი, ნახევარი ძალით ვერავის რომ ვერ დაამარცხებ. ამ მხრივ მზად არ აღმოვჩნდით, უახლოეს მატჩებს კი გუნდი უკეთ ჩაატარებს. ამასთან, კარგია, თამაშში დაღმასვლა ამ მატჩებს რომ დაემთხვა.
- “დინამოს” ორკვირიანი პაუზა უწევს, შემდეგ კი “ოლიმპთან” მოგიწევთ გაჯიბრება...
- თუკი რუსთაველებსა და ბათუმელებთან დაპირისპირების წინ ინტენსიური წვრთნები გვქონდა და მათ წინააღმდეგ სათამაშოდ სპეციალური მომზადება არ გაგვივლია, გია კაზანჯიანის გუნდთან დასაპირისპირებლად კონკრეტული გეგმით მოვემზადებით. ბიჭებმაც იციან, რა აქვთ გასაკეთებელი. სამწუხაროდ, შემადგენლობის მხრივ შეზღუდულები ვართ და კარგი იქნება, თუკი ოლიმპელებთან მატჩის წინ ტრავმირებული დუდა სანაძე დაგვემატება...
გოჩა კაჭარავა







