ამერიკაში მორიგი ამბიცია დაიბადა - ამჯერად დენვერსა და რეგიონ რინო-ტაჰოში. ამბიციის მამებმა და იმავდროულად, ზემოხსენებული გეოგრაფიული ერთეულების წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების ოლიმპიურ კომიტეტს მიმართეს, რათა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მათი იდეა გადაუგზავნოს. იდეის არსი კი, იოლი გამოსაცნობია - მათ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურთ.
თითქოსდა ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ამბავია. მდიდარი და დალაგებული ქვეყნის, ასევე მდიდარი და დალაგებული რეგიონი სერიოზული სპორტული ღონისძიების მასპინძლობასა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, ფულის კეთებას აპირებს, მაგრამ...
ამერიკის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არ ჩქარობს - ნუ იჩქარებთ! თავდაპირველად სოკ-თან ფინანსური პრობლემები გვაქვს გასარკვევიო - ასე უპასუხეს ჩინოსნებმა დელეგატებს.
საქმეში ჩახედული ადამიანებისათვის უცხო არ არის ეს კონფლიქტი - ამერიკელ და საერთაშორისო სპორტულ ჩინოსნებს შორის ფინანსური დავა კარგა ხანია, მიმდინარეობს. საქმე პროცენტებს ეხება. სოკ-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი ძალიან დიდ წილს იღებს იმ თანხებიდან, რომელსაც საერთაშორისო სპორტის მესვეურებს ამერიკული კომპანიები ურიცხავენ. პროცენტულად ეს ასე გამოიხატება - 20 პროცენტი იმ თანხისა, რასაც ამერიკული კომპანიები უშუალოდ სოკ-ს ურიცხავენ და 12.75 პროცენტი იმ გარიგებებიდან, რაც ამერიკულ ტელეკომპანიებთან ხორციელდება.
კამათი და ალიაქოთი დიდი ხანია გრძელდება, ცეცხლზე ნავთი კი ამერიკის ეროვნული კომიტეტის 2008 წელს გადამდგარმა შეფმა, პიტერ იუბეროტმა დაასხა.
“ვინ აფინანსებს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას? - იკითხა მან და იქვე უპასუხა შეკითხვას – “1988 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა ამერიკულ კისერზე ზის: ჩვენი კომპანიები მთელი ფულის 60 პროცენტს ხარჯავენ”.
არადა, ძია პიტერი სერიოზული ავტორიტეტია და სიტყვებს ჰაერში არასოდეს ისვრის. მეტიც, ის ყოფილა პირველი, ვინც ოლიმპიური თამაშები მომგებიან ბიზნესად უქცევია. ეს მოხდა 1984 წელს ლოს ანჯელესში და მანამდე კი ყველა ოლიმპიური თამაში წამგებიანი გხლებიათ. მოგებაც იყო და მოგებაც - რეიგანომიკის ამერიკაში დოლარს ჯერ კიდევ სერიოზული ფასი ედო და ამ ფონზე 250 მილიონი მწვანე, სულაც არ გახლავთ ხუმრობა საქმე. ამ ჭკვიანმა კაცმა მოახერხა და ისე ჩაადებინა ინვესტიცია კერძო კომპანიებს, ოფისის გარეთ ჩამი-ჩუმიც არავის გაუგია. ბუნებრივია, ხელშეკრულება არ გაფორმებულა სოკ-თანაც (რომელსაც იმ პერიოდში ვერც კი წარმოედგინა, რომ თამაშებს მოგების მოტანა შეეძლოთ) და შესაბამისად, ოლიმპიადის საერთაშორისო მამებს, ცენტი რაა, ისიც კი არ რგებიათ.
სიურპრიზი სოკ-ისთვის ერთდროულად ტკბილმწარე აღმოჩნდა - თურმე ოლიმპიადა მომგებიანია, მაგრამ არა მისთვის და ამიტომაც მან წილი მოითხოვა. ამერიკელებს საქმე არ გაუჯანჯლებიათ – “ჩოთქს” გაჰკრეს-გამოჰკრეს და დადგინდა - კერძო კომპანიებიდან 80-20-ზე, ტელევიზიებიდან 87.25-12.75-ზე - აი, ასე განაწილდა პროცენტებში საოლიმპიადო შემოსავალი.
დროთა განმავლობაში სოკ-ის ოფისიდან უკმაყოფილო ხმებმა იმატა - ამერიკელებს დიდი მადა გაქვთ, წილი უნდა შეგიმციროთო და მაშინ იყო, პიტერ იუბეროტმა ის ცნობილი და გამომწვევი “სფიჩი რომ დაარტყა”.
გამოწევას სათანადო პასუხი მოჰყვა - 2009 წელს, კოპენჰაგენში გამართულ სოკ-ის სესია, არც მეტი, არც ნაკლები ახლად ინაუგურებულმა ბარაკ ობამამ დააფასა - აქაოდა, მადრიდთან, რიოსა და ტოკიოსთან ჭიდილში მშობლიურ ჩიკაგოს ხმა უნდა შევაწიოო... ობამა თეთრ სახლში იყოს და, ჩიკაგოს ვარიანტი მისი მხარდაჭერის გარეშეც შთამბეჭდავი ჩანდა - ქალაქს გააჩნდა ყველაფერი, რაც ოლიმპიური თამაშების გამართვას სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ობამასა და მის ამალას ბარგის ჩალაგება პირველივე ტურის შემდეგ მოუხდათ - ასე გადაუხადეს სამაგიერო ამერიკას იუბეროტის სიტყვამზიანობის გამო.
სხვათა შორის, მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ბარაკ ჰუსეინს არ სცოდნია ხსენებული კონფლიქტის შესახებ, თორემ იმ სესიაზე ნამდვილად არ წავიდოდაო... უფრო გვიან, მისი ეს უშედეგო ვოიაჟი სხვაგვარად გამოიყენეს და ხელზე დაიხვიეს პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა - დანიური ფაქტი ერთხელაც ადასტურებს, რომ ობამა საერთაშორისო ამბების კურსში ვერ არისო...
მას მერე კიდევ ორი ფულიანი წელიწადი გავიდა, მოლაპარაკებები დღემდე არ შეწყვეტილა და ისეთი პირი უჩანს, სოკ-ი კიდევ უფრო დიდი შთაგონებით გააგრძელებს ამერიკული “ჟანგბადით სუნთქვას”. “დებატები საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება” - ეს სოკ-ის ამჟამინდელი მთავარკაცის, ჟაკ როგეს სიტყვებია. პირველად ამის შესახებ სოკ-ის პრეზიდენტი პეკინში, პრესკონფერენციაზე ალაპარაკდა და მას მერე ოპტიმისტურად უსვამს ხაზს, რომ ამერიკული ფულიდან სულ მალე უფრო დიდ წილს გადაიფორმებს.
იუბეროტის მემკვიდრე ლარი პრობსთი ეგრე პრინციპული და Love ბიჭი ვერ აღმოჩნდა - ისიც და მისი გარემოცვაც აცხადებს, რომ ოლიმპიური მოძრაობის სათაო ოფისთან გარკვეულ დათმობებზე წავლენ. თუმცა, არავის ეგონოს, რომ ამით ამერიკამ მომავალი ოლიმპიადების მასპინძლობა გაინაღდა. სულაც არა, თუკი სოკ-ის აღმასკომის წევრებმა კმაყოფილებით მისცეს ამერიკის ძლიერი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ ხმა, კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით გააკეთებენ ამას სუსტი სეოკ-ის შემთხვევაში...
გამოდის, რომ ამერიკისათვის ჭყიპინა პიტერ იუბეროტის დრო ჯობდა...
კონსტანტინე გოგიშვილი









