ჭადრაკი

22:20 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ილუმჟინოვი!

 დილის ცხრა საათზე დაწყებული ფიდეს რიგით 85-ე კონგრესი  ერთი საათის დაგვიანებით, ხუთზე დასრულდა და ისეთი შედეგები მივიღეთ, როგორსაც უმეტესობა, მათ შორის მეც წინასწარვმეტყველებდი - კირსან ილუმჟინოვმა გაიმარჯვა. დიდი შეხლა -შემოხლა არ ყოფილა, მაგრამ ერთი ნერვების მომშლელი მაინც გამოჩნდა: კოტ დივუარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აშკარად ილუმჟინოვის წინააღმდეგი იყო და უამრავ კითხვას  ძალიან გაბრაზებული სვამდა; პრეზიდიუმიდან მას ამომწურავი პასუხები გასცეს, მაგრამ  აქტიურობა მაინც  არ შეუწყვეტია. ყველა შეწუხდა და როცა მის კითხვებს ბოლო აღარ გამოუჩნდა,  იმით დააშოშმინეს, რომ  კონგრესიდან გაძევებით დაემუქრნენ.

ხმის მიცემის პროცედურამდე გარი კასპაროვმა საკუთარ პროგრამაზე ორი სიტყვით ილაპარაკა და შემდეგ თავისი გუნდი წარადგინა. აღნიშნა, რომ  გუნდის ერთ-ერთი წევრი ბრიტანელი რეკს სინკფილდი  10 მილიონი დოლარის გარანტიას  იძლევა და ამას ხვალვე გააკეთებდა.

მალე ტრიბუნაზე კირსან ილუმჟინოვი ავიდა და გვარიანი აპლოდისმენტებიც მიიღო, რადგანაც იმდენი და ისეთი დაპირებები გასცა, რომ სხვაგვარი რეაქცია წარმოუდგენელი იყო. გუშინ დავწერე, რომ გამოცდილებას უნდა გაემარჯვა, რაც ილუმჟინოვს  ბევრად მეტი აქვს; ასევე ჯაბნის ოპონენტს ფინანსურად, რაც, ცხადია, კიდევ უფრო დიდი და მძლავრი იარაღია ასეთ ბრძოლაში.

 ბატონმა კირსანმა ოპოზიციონერ ნაიჯელ შორტს აფრიკის ჭადრაკის ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა, რომლის ჩამოყალიბებასაც ხვალვე შუდგება და საწყის თანხას - 500 ათასი დოლარს ჩამოდის, - ამ თანხას ვრიცხავ ახლავეო. ამას მოაყოლა კიდევ უფრო გამაოგნებელი ციფრები - სინკფილდის ხვალინდელი  10 მილიონის საპირისპიროდ დღესვე ვდებ 20 მილიონ დოლარსო! დარბაზში ემოციები  რომ დაცხრა, როგორც  იტყვიან, „მტრის კუბოს ლურსმანიც დააჭედაო“: „გარი კასპაროვი უდიდესი ავტორიტეტის მოჭადრაკე და ადამიანია. მე მისი ფონდის სპონსორიც ვიყავი ადრეულ წლებში და დღეიდან შემიძლია იგივე გავაკეთო, უფრო სწორად, უკვე გავაკეთე - დღეს 100 ათასი დოლარი ჩავრიცხე კასპაროვის ფონდში!“. ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო მრავალი და არც კასპაროვი იყო უკეთეს დღეში...

ამგვარი გამოსვლის შემდეგ, არ იყო გამორიცხული, რომ  ილუმჟინოვს დამატებითი ხმები მიეზიდა. თუ საბოლოო შედეგებს გადავხედავთ, ასეც  უნდა მომხდარიყო - 172 დელეგატიდან 110 ხმა მიიღო ფიდეს მოქმედმა პრეზიდენტმა, 61 - კასპაროვმა; ერთმა თავი შეიკავა.

გამარჯვებულ მხარეს ძალიანაც არ „გაუგიჟებია“ თავი სიხარულის გამოხატვით, თუმცა, რა თქმა უნდა, მილოცვები მიიღო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კასპაროვმა ღირსეულად გადაიტანა  მარცხი, მხოლოდ ერთი რამ აღნიშნა: „რახან კონგრესმა აირჩია ილუმჟინოვი, ესე იგი უმრავლესობას მოსწონს ის პოლიტიკა, როგორითაც იმართება ფიდე. ჩვენი გამარჯვება ჭადრაკს ბევრად წაადგებოდა. ახლა დაველოდები 20 მილიონს, რომელსაც ილუმჟინოვი დაგვპირდა. ჩემს მომავალ გეგმებზე ვერაფერს გეტყვით, რადგანაც  მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობ და დასვენება მჭირდება“.

კონგრესის დასრულების შემდეგ დელეგატებმა სხვადასხვა სასტუმროებში გადაინაცვლეს, სადაც კონტინენტალური არჩევნები გაიმართა. ევროპის ჭადრაკის კავშირის არჩევნები, რომელშიც ზურაბ აზმაიფარაშვილი იბრძვის პრეზიდენტოპისათვის, სასტუმრო „რედისონ-ბლუში“ შედგა.

ზვიად შათირიშვილი, სპეციალურად worldsport.ge-სთვის ტრომსოდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163624