ფეხბურთი

20:40 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ მარცხი, ამჯერად ყაზახებთან

 საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო. ჯერ იყო საფრანგეთი (1:3), მერე ირლანდია (0:4), დანია (1:2) და ბოლოს ყაზახეთი. ქართველები ბურთს უფრო ხშირად ფლობდნენ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

"ასტანა არენაზე" გამართული მატჩი, ორივე გუნდისთვის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპი გახლდათ.  6 და 10 სექტემბერს ყაზახეთის ეროვნული გუნდი ფარერის კუნძულებისა და შვედეთის ნაკრებებს შეხვდება. ქართველი ფეხბურთელები კი ფრანგებსა და ფინელებს თბილისში დაუპირისპირდებიან.

ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენა, სულ 30 ათას გულშემატკივარს იტევს, ამ სტადიონზე ყარაგანდის "შახტარი" ევროტურნირების შეხვედრებს მართავს. კლუბი გლაზგოს "სელტიკს" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩში სწორედ ასტანაში უმასპინძლებს. სექტემბრიდან კი უეფას ერთერთი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპის შეხვედრები ჩატარდება.

მატჩი ყაზახური ფეხბურთის 100 წლისთავს მიეძღვნა და თამაშის წინ ჩვენებურთა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თქვა: ვეცდებით მაყურებელს კარგი თამაში ვუჩვენოთ და გავიმარჯვოთო. რამდენად გამართლდა ეს ნათქვამი ძნელი სათქმელია.

თამაშის ტემპი მაღალი არ ყოფილა. თუმცა მასპინძლები მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მე-17 წუთზე კი ჩვენიანების დაცვის ცენტრი “ჩავარდა,” საჯარიმოს ხაზთან ხიზანიშვილმა პოზიცია დაკარგა და ხიჟნიჩენკომ დაახლოებით 18 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ქართველებმა ორჯერ მოგვცეს იმედი: ერთხელ ჯანო ანანიძემ დაარტყა ჯარიმა და ბურთი ოდნავ ასცდა სიდელნიკოვის კარს, შემდეგ თარგამაძე უტევდა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში ქეცბაიამ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა ამას საერთო სურათი არ შეუცვლია. ქართველებმა ყაზახებთან პირველად წააგეს.

ყაზახეთი – საქართველო 1:0 (1:0) 

14 აგვისტო. ასტანა. "ასტანა არენა." 13 500

ყაზახეთი: სიდელნიკოვი (მოკინი 46), მულდაროვი (გურმანი 46), კისლიცინი, ნურდალეტოვი, დმიტრენკო, ჟუმასკალიევი (ბაიჟანოვი 79), შომკო (ურინი 90+2), ბოგდანოვი, ხიჟნიჩენკო (ოსტაპენკო 62), კორობკინი, შჩოტკინი (ენგელი 69)

მწვრთნელი: მიროსლავ ბერანეკი

საქართველო: რევიშვილი, კაშია (შოთა გრიგალაშვილი 82), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა (კვირკველია 64), კობახიძე, კანკავა, ოქრიაშვილი (მჭედლიძე 46), თარგამაძე (გელაშვილი 68), ანანიძე (ელგუჯა გრიგალაშვილი 46), სირბილაძე (დვალიშვილი 46)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლი: 1:0 ხიჟნიჩენკო (17)

მსაჯი: სერგეი ცინკევიჩი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097326