1974წლის 9 ნოემბერს დაიბადა ალესანდრო დელ პიერო - იტალიის ეროვნული ნაკრების, “პადოვასა” (1991-1993) და ტურინის “იუვენტუსის” (1993 წლიდან) ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატების 1998 და 2002 წლების გათამაშებებშიც, ასევე 1996, 2004 და 2006 წლების ევროპის პირველობაზე. ალესანდრო დელ პიერომ ოთხჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 1996 წელს ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის იტალიის ხუთგზის ჩემპიონია (1995, 1997, 1998, 2002, 2003). მოგებული აქვს იტალიის თასი (1995), იტალიის სუპერთასი (1995, 1997, 2002, 2003), უეფას სუპერთასი (1996) და საკონტინენტთაშორისო თასი (1996), ასევე ინტერტოტოს თასი (1999). 2006 წელს, “ჩაწყობილ მატჩებთან” დაკავშირებით, იტალიაში აგორებული სკანდალის გამო, “იუვენტუსი” სერია B-ში დააქვეითეს, თუმცა დელ პიერომ და კომპანიამ მომდევნო სეზონში, კვლავ სერია A-ში დაბრუნება შეძლო. თავად ალესანდრო კი, სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიის 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა ნაკრებთან ერთად, დელ პიეროს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული (1994, 1996). 1998 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1997 და 1998 წლებში გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. აგრეთვე არის ტურინის “იუვენტუსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 27 გოლი. ალესანდრო დელ პიერო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადანაზღაურებადი ფეხბურთელია.
