ინტერვიუები

19:29 | 3.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

იუპ ჰაინკესი: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”

მიუნხენის “ბაიერნი” ხუთდღიანი ჩინური შეკრებიდან დაბრუნდა და ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას შინ განაგრძობს. 12 აგვისტოს, რეკორდმაისტერს პირველი ოფიციალური მატჩი უწევს – გერმანიის სუპერთასზე, ჩემპიონ - დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდება. შარშანდელი სეზონის ბოლო, “ბაიერნმა” აშკარად “ჩააგდო”: ვერც გერმანიის ჩემპიონი გახდა, ქვეყნის თასის ფინალში “დორტმუნდთან” (2:5) შერცხვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, მშობლიურ სტადიონზე, ლონდონის “ჩელსისთან” პენალტებით დამარცხდა. თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელი – იუპ ჰაინკესი, ის კაცი არაა, ყურები ჩამოყაროს და კაეშანს მიეცეს. ახლა ის გუნდს გამალებით ამზადებს ახალი სეზონისთვის და უეფას ოფიციალურ გვერდსაც საინტერსო ინტერვიუ მისცა. ამ საუბარს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.  
-სეზონისწინა მზადებას როგორ შეაფასებდით?
-საქმეები კარგადაა. უკვე ერთი კვირაა ვარჯიშებს მთლიან გუნდთან ერთად ვატარებ. მხოლოდ ტრავმირებულები  - დავიდ ალბა და რაფინია გვაკლია. ბიჭები გულდასმით მუშაობენ, გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს მომწონს. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
- ახალწვეულებზე რას იტყოდით?
- დარწმუნებული ვარ – დანტე ბონფიმი, მარიო მანჯუკიჩი, ჯერდან შაჩირი, კლაუდიო პისარო, ტომ შტარკე და ლუკას რედერი “ბაიერნში” თავს კარგად გრძნობენ. ვფიქრობ, მათ მიუნხენი და ახალი თანაგუნდელები მოეწონათ.
- გუნდში როგორი განწყობაა?
- განწყობა ოპტიმისტურია. ბუნდესოქრო ორი წელიწადია აღარ მოგვიგია, ეს კი, საკმაოდ დიდი დროა. ჩვენ პირველობას ვეცდებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.
- ბუნდესლიგის სტარტამდე, გერმანიის თასის პირველი წრეა დაგეგმილი. მატჩები 17-დან 20 აგვისტომდე გაიმართება. რას ელით ამ ტურნირისგან?
-შარშან ფინალში გავედით და ახლაც იმავეს გამეორებას შევეცდებით. სხვათა შორის, ამ ტურნირში, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ძალიან ბევრია დამოკიდებული წილისყრაზე და გუნდის ფორმაზე კონკრეტულ დღეს. თუ ძლიერი მოწინააღმდეგე შეგხვდა და უღიმღამოდ ითამაშე, მეორე შანსი აღარ გექნება.
- ამჯერად ვინ მოიგებს ბუნდესლიგას?
- როგორ გგონიათ, რას იფიქრებენ ჩვენი გულშემატკივრები თუ “ბაიერნს” არ დავასახელებ? ცხადია, “დორტმუნდი” მიჯრით ორი ჩემპიონობის შემდეგ, კვლავ ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. ასევე, პირველობისთვის, ალბათ, “შალკე” და მიონხენგლადბახის “ბორუსიაც” იბრძოლებენ.
- შარშან, მშობლიურ სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეთ. ფეხბურთელები დათრგუნულები ხომ არ არიან?
- შარშანდელი ფინალი უკვე ისტორიაა. ის უნდა დავივიწყოთ. ყველას საკმაო დრო გვქონდა ამ მარცხის გადასატანად. ახლა ახალი ამოცანების გადასაწყვეტად ვემზადებით.
- გვითხარით, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში თქვენი ამოცანა-მინიმუმი რა იქნება?
- ამოცანა-მინიმუმი ჯგუფში წარმატებით თამაში და მერვედფინალში გასვლაა. მაგრამ, ამაზე არ შევჩერდებით, “ბაიერნი” ევროპის საუკეთესო კლუბთა ოთხეულში შედის და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ.


მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16142