მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის წინ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს ინტერვიუ “კიკერის” ჟურნალისტმა კარლ-ჰაინც ვილდმა ჩამოართვა.
- მადრიდის “რეალთან” დაპირისპირების დიდი გამოცდილება გაქვთ. კასტილიელთა გრანდის პირისპირ პირველად 1976 წლის მარტში, ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას წარსდექით. მიონხენგლადბახში ბორუსიამ 2:2 ითამაშა, მადრიდში კი “რეალს” გოლი გაუტანეთ და შეხვედრა 1:1 დასრულდა...
- მადრიდში 3:1 უნდა მოგვეგო, მაგრამ მსაჯმა ვან დერ კროფტმა იენსენისა და ვიტკამპის 2 ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა. მაშინ ჟურნალიოსტები ხმამაღლა საუბრობდნენ, რომ მადრიდელებმა არბიტრი მოისყიდეს.
- თქვენ ბურთი თავით გაიტანეთ...
- დიახ, ახლო ძელთან დავუდარაჯდი ბურთს და გავიტანე. ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება.
- მიონხენგლადბახელთა მთავარი მწვრთნელის რანგით “რეალს” 1985 წელს შეხვდით. შინ 5:1 მოიგეთ, მაგრამ გასვლაზე მადრიდელებმა 4:0 იმარჯვეს და საბოლოოდ უეფას თასის მფლობელებიც გახდნენ...
- მეოთხე გოლი “რეალმა” 89-ე წუთზე გაგვიტანა. ის შეხვედრა დღემდე კოშმარივით მახსოვს.
- 1988-ში უკვე მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებლის რანგით მოგიწიათ “რეალთან” შებმა...
- შინ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, 3:0 მიგვყავდა, მაგრამ ასპარეზობის მიწურულს კასტილიელთა 2 კონტრიერიში გამოგვეპარა. ამას შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” 0:2 წავაგეთ და 2 მატჩის ჯამში დავმარცხდით.
- გასული საუკუნის მიწურულს უკვე მადრიდის “რეალს” ჩაუდექით სათავეში. 1998 წელს კასტილიელებს ჩემპიონთა ლიგა (თასი) 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინეთ. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
- იმ სიხარულისა და ბედნიერების განცდა დღემდე არ გამნელებია. მადრიდში მეგობრები დღემდე მყავს. ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მისვლა, რომელიც წლის განმავლობაში მშობლიურ სახლად მიმაჩნდა. მადრიდში მუშაობისას ფეხბურთისგან უდიდესი სიამოვნება მივიღე.
- “რეალში” საქმიანობა რთული იყო?
- ამგვარი რეპუტაციის, ტრადიციის და პოპულარობის მქონე გუნდში მუშაობა ყოველთვის რთულია. იმხანად კლუბის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელს ლამის ყოველსეზონურად ცვლიდნენ. ვალდანო, ჰიდინკი, ტოშაკი, კაპელო, კამაჩო... ვერც ერთი მათგანი დიდხანს ვერ შემორჩა “რეალის” საკაპიტნო ხიდურას. მახსოვს, წინასასეზონო წარდგენისას სტადიონზე 90 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა. თავსხმა წვიმა წამოვიდა, მაგრამ მადრიდელ ქომაგებს ფეხი არ მოუცვლიათ. მე და კლუბის პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვსაუბრობდით. “სანტიაგო ბერნაბეუზე” უპირველესად ამ ტურნირის მოგებაზე ფიქრობენ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მე და “რეალმა” ეს მოვახერხეთ. პრიმერა დივიზიონს რაც შეეხება, აქ წარუმატებელი სეზონი გამოგვივიდა - მეოთხეზე გავედით.
- ჩემპიონთა ლიგის იმ გათამაშებიდან რას გაიხსენებთ?
- ტრონჰეიმში ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი იყო. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ჩრდილოეთ პოლუსზე ვთამაშობდით. 0:2 წავაგეთ და ეს იყო ერთადერთი მარცხი იმ გათამაშებაში. განსაკუთრებით ზე რობერტო “დაზარალდა”. ასპარეზობის დასრულების შემდეგ იგი საათის განმავლობაში ცხელ წყალს ივლებდა. ტურინის “იუვენტუსთან” ფინალური შეხვედრის წინ კი მოთამაშეებს კლასიკური გოლებისა და კომბინაციების ვიდეოჩანაწერი ვუჩვენე. ვფიქრობ, ამან დადებითი ეფექტი მოახდინა.
- “გლადბახის”, “ბაიერნის”, “ბილბაოსა” და “ტენერიფეს” მთავარი მწვრთნელის რანგში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გუნდები 18-ჯერ გაიყვანეთ. 6 მოგება, 4 ფრე, 8 წაგება როგორ შედეგად მიგაჩნიათ?
- არცთუ ცუდად, თუ ჩემი დამოძღვრილი გუნდების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ.
- ბერნდ შუსტერმა “კიკერში” დაწერა, რომ “რეალის” დაცვის ხაზი “ბაიერნისაზე” უფრო სტაბილურია...
- ბერნდს ფეხბურთი კარგად ესმის, მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოატენგი თავის პირველ სრულყოფილ სეზონს ატარებს ჩვენთან, ისევე როგორც კროოსი და ალაბა.
- “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორჯერ შეხვდრა “რეალს”, ორივეჯერ პირველი მატჩი მიუნხენში ჰქონდა და მომდევნო ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ. პირველი შეხვედრის საკუთარ მინდორზე ჩატარება ასეთი დიდი მინუსია?
- არც ისე, ოღონდ საშინაო სტადიონზე კარი “მშრალად” უნდა შეინახო.
- რა განწყობით ხვდებით “რეალთან” განმეორებით ნახევარფინალურ მატჩს?
- ‘ელ კლასიკოში” გამარჯვება თავისთავად ბევრზე მეტყველებს. კარგად ვიცნობ “სანტიაგო ბერნაბეუს” და შეხვედრების მსვლელობისას მასზე გამეფებულ ატმოსფეროს. ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს. “რეალს” მიმდინარე სეზონში მარტო პრიმერა დივიზიონში 109 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირებზე კი მადრიდელთა მიერ შეგდებულ ბურთთა რაოდენობა 150-ს უტოლდება. მთავარია, “რეალის” ფორვარდების განეიტრალება მოვახერხოთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ







