ინტერვიუები

10:20 | 3.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ გრაბოვსკი: “მესის, პერსონალურ მეურვეს აუცილებლად მივამაგრებდი”

65 წლის იურგენ გრაბოვსკი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. 1966-1974 წლებში, მან საკუთარი ქვეყნის ღირსება 40 მატჩში დაიცვა და 5 ბურთი გაიტანა. 1972 წელს, გრაბოვსკი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2 წლის მერე, მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო 1966  და 1970 წლების მუნდიალებზე. თუმცა, ინგლისში მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა. საკლუბო დონეზე, ის კარიერის განმავლობაში მხოლოდ ფრანკფურტის “აინტრახტში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც, 1965-1980 წლებში 441 შეხვედრა ჩაატარა და 109 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 1966 წლის მსოფლიოს პირველობაზე მან არგენტინა-გერმანიის (0:0) მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. მიმდინარე მუნდიალზე ამ გუნდების დაპირისპირების წინ, “სპორტ-ექსპრესის” ჟურნალისტი გრაბოვსკის, მომავალი მატჩის გარდა, ხსენებული ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორიაზეც ესაუბრა.
- გარისკავთ პროგნოზის გაკეთებას - 1/2-ფინალში ვინ გავა, გერმანია თუ არგენტინა?
- ნათელმხილველი არ ვარ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისის წინააღმდეგ გერმანიამ საუცხოოდ ითამაშა – თავდამსხმელები კარგად კომბინირებდნენ და მათ სხვა ამპლუის ფეხბურთელებიც მხარს უბამდნენ. არგენტინელები მთელი ჩემპიონატის განმავლობაში აჩვენებდნენ, რომ ძალიან გამოცდილები და მოხერხებულები არიან. თუმცა ბოლოს, მექსიკასთან ჩატარებულ შეხვედრაში უკეთ გამოსვლა შეეძლოთ. დარწმუნებული ვარ, გერმანიას ძალიან მძიმე მატჩი ელის. მეტოქის რიგებში მესი გამოდის, რომელსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. თვალშისაცემია, რომ უმაღლესი დონის ტექნიკის მფლობელი არგენტინელები ძალიან დისციპლინირებულად მოქმედებდნენ, ფაქტობრივად, ევროპულ მანერაში.
- და მაინც, გერმანია შეძლებს მარადონას გუნდის დამარცხებას?
- ახლა, ქვეყანაში ისეთივე ეიფორიაა, როგორც 4 წლის წინ და ყველას სჯერა, რომ ბუნდესნაკრები შემდეგ ეტაპზე გავა. თუმცა, პირადად ვერ წარმომიდგენია რა გველის -1/4-ფინალში გავვარდებით, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით, თუ სხვა სინჯის მედლებს ავიღებთ.   
- გუნდების შანსებს როგორ აფასებთ?
- 50/50-ზე. ვაღიარებ, მეგონა, რომ გერმანიას ინგლისის წინააღმდეგ თამაში გაუძნელდებოდა, მაგრამ გუნდმა იმაზე მაღალ დონეზე იასპარეზა, ვიდრე ბევრი ელოდა. თუ არგენტინელებს ცუდი დღე ექნებათ, ხოლო ლიოვის გუნდი კვლავ კარგი იქნება, მაშინ...  მოდით დაველოდოთ – ცოტა დრო დარჩა.
- გერმანიის კოზირად ხომ არ თვლით, რომ ლიოვი, როგორც მწვრთნელი, მარადონაზე უკეთესია?
- მათ ერთმანეთს არ შევადარებ. ბოლოს და ბოლოს, არ ვიცი, როგორი სამწვრთნელო თვისებები აქვს მარადონას, რამდენად დიდი სტრატეგია ის. თუმცა, ნათელია, რომ მას შეგირდებთან საუცხოო ურთიერთობა აქვს. ასევე, კარგად სჩანს, რომ შემართებას და ენთუზიაზმს მარადონას გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.   
- არგენტინა-გერმანიის დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩეოდა. სკანდალი ჯერ კიდევ მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე აგორდა. მაშინ, ჯგუფურ  ეტაპზე ბირმინგემში 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ ამბობდნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ეს ყველაზე ბინძური თამაში იყო. რას გაიხსენებთ ამ მატჩის შესახებ?
- ჩვენ წარმოუდგენლად მძიმე გამოცდას გავუძელით. თამაშამდე, არგენტინელები ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ ის ტურნირი ძლიერად ჩავატარეთ. გარკვეულწილად, ამაღლებული განწყობა იმ ეიფორიამ შეგვიქმნა, რომელიც ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუფევდა. მახსოვს, არგენტინელებს შორის რატინი გამოირჩეოდა, მაგრამ რამდენად ურტყამდა ის ფეხებში ფრანც ბეკენბაუერს, ან უვე ზეელერს... აი, მეტოქის რიგებში მოთამაშე გერმანული წარმოშობის ალბრეხტი ნამდვილად უხეშობდა. საბოლოოდ, იუგოსლავიელმა მსაჯმა ჟეჩევიჩმა მეორე ტაიმში ის გააძევა. თუმცა, მოედნიდან გასვლა არ უნდოდა და 5 წუთი აპროტესტებდა. მახსოვს, დროის ამ მონაკვეთში ორივე გუნდში ემოციები “დუღდა”, ფეხბურთელები ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევდნენ, ხელს კრავდნენ. საბოლოოდ, მატჩი დიდი პაუზის შემდეგ გაგრძელდა. მაშინ, თამაშის მსვლელობისას უხეშობა განსაკუთრებით აღიქმებოდა, რადგან ფეხბურთელების შეცვლა არ შეიძლებოდა. ასე რომ, თუ ვინმე ტრავმას მიიღებდა, გუნდი უმცირესობაში რჩებოდა. სხვათა შორის, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინულ-გერმანული დაპირისპირება, გულშემატკივარს მხოლოდ ფეხბურთით არ დაამახსოვრდა.    
- 2006 წელს გამართული 1/4-ფინალის შემდეგ, რობერტო აიალა და ერნან კრესპო პირდაპირ მოედანზე დაესხნენ თავს პერ მერტესაკერსა და ოლივერ ბირჰოფს. მოვლენებს გვერდიდან არ ადევნებდა თვალს ტორსტენ ფრინგსი, რომელმაც წითელი ბარათი საფინალო სასტვენის შემდეგ მიიღო და ამის გამო, 1/2-ფინალში იტალიასთან ვერ ითამაშა.
- ჩვენს გულშემატკივრებს ის მატჩი დღემდე ახსოვთ. “გიჟური” დაძაბულობა იყო და ყველაფერი მხოლოდ პენალტების სერიაში გადაწყდა. შემდეგ “საქმის გარჩევა” წავიდა და ფეხბურთელები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება. ოთხი წლის წინ განსაკუთრებული თამაში იყო.
- ცხადია, არ შეიძლება დავივიწყოთ ზედიზედ ორი არგენტინულ-გერმანული ფინალი –მექსიკისა და იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატებზე. დღევანდელი გადასახედიდან, მათ შესახებ რას ფიქრობთ?
- 1986 წელს, ფრანც ბეკენბაუერის ჩანაფიქრით, მარადონას წინააღმდეგ კარლ ჰაინც ფიორსტერი და მათეუსი თამაშობდნენ. გარკვეულწილად, მათ შეძლეს მისი თამაშიდან გამოთიშვა, რადგან გოლი ვერ გაიტანა. თუმცა, ჩვენ სხვა არგენტინელმა ფეხბურთელებმა გაგვიტანეს. მაშინ, პერსონალური მეურვეობის გამოყენებით, მეტოქე გუნდის ლიდერის თამაშიდან გამოთიშვა შეიძლებოდა. დღესდღესობით, როდესაც უპირატესობას ზონურ დაცვას აძლევენ, სხვა სიტუაციაა, რადგან მოთამაშეებს მეტი სივრცე აქვთ. ვფიქრობ, ახლა მარადონას რომ ეთამაშა, “დღესასწაული” ექნებოდა, რადგან გაცილებით დიდი სივრცე მიეცემოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია. მწვრთნელები სხვაგვარად თვლიან. ისინი ფიქრობენ, რომ ზონების გადაკეტვით, დაცვითი ზღუდეების კომპაქტურად აგებით, უკანა ხაზში პრობლემების მოგვარება სრულიად შეუძლიათ. თუმცა, მე რომ მწვრთნელი ვიყო, მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელებს პერსონალურ მეურვეს აუცილებლად მივამაგრებდი. მესის წინააღმდეგ ასე მოვიქცეოდი.   
- 1990 წლის ფინალის მერე, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
- გერმანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ბრემემ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. არგენტინელები საშინლად იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მათ კარში პენალტი უსამართლოდ დანიშნეს. სინამდვილეში, იმ ეპიზოდში, როდესაც რუდი ფიოლერი დაეცა, ყველა მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ფინალში გერმანელები უკეთესად თამაშობდნენ და მეტი საგოლე შანსი ჰქონდათ. არგენტინელებმა კი, ვერ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება – იგივე მარადონა ისეთივე ძლიერი არ იყო, როგორც 4 წლის წინ. გარდა ამისა, ორი გაძევების შემდეგ, მათ თამაში 9 კაცით დაასრულეს.   
მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.095174