ინტერვიუები

16:30 | 2.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “ინტერვიუებში ყოველთვის სიმართლეს არ ვამბობ”

გერმანული ბუნდესლიგის ბოლო ტურში, “დორტმუნდმა” მიუნხენის “ალიანს არენაზე” “ბაიერნს” 3:1 მოიგო და საკუთარი სალიდერო სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა - ალემანთა უპირველესი დივიზიონის ფინიშამდე 10 ტურით ადრე, დორტმუნდელების გაჩემპიონებაში ეჭვი არავის ეპარება. რურელების ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, პირველობის მოპოვება კი ყველაზე მეტად მათი 43  წლის დამრიგებლის, იურგენ კლოპის დამსახურება იქნება. კლოპი 2008 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში “დორტმუნდს” და იმავე წელს გუნდს გერმანიის სუპერთასი (რურელებმა “ბაიერნს” 2:1 მოუგეს) მოაგებინა. 2008-ში დორტმუნდელებმა 13-ე საფეხურზე დაასრულეს ბუნდესლიგა, კლოპმა კი გუნდი ჯერ მეექვსე საფეხურამდე აიყვანა, 2010-ში მეხუთეზე, მომავალ მაისს კი უეჭველად, ჩემპიონობას იზეიმებს. ცხადია, იურგენ კლოპის პერსონა გულშემატკივართა მოჭარბებული ინტერესის არეალშია, ამიტომაც ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველს zeit.de-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ვთავაზობთ. კლოპი რომ მაღალი კლასის მწვრთნელია, “დორტმუნდის” შედეგი მოწმობს, ხოლო ჰერ იურგენის არაორდინალურ ადამიანად მისაჩნევად, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე კლოპისეული პასუხის გაცნობა დაგარწმუნებთ.

- ჰერ იურგენ, როდესაც ახალგაზრდა იყავით, ავტორიტეტებს მაშინაც არ ცნობდით?
- მამაჩემი თხემიდან ტერფამდე სპორტსმენი იყო. ამასთან, პედაგოგიური ნიჭითაც გახლდათ დაჯილდოებული. მან არა მარტო ფეხბურთი, არამედ ჩოგბურთი და თხილამურებზე დგომაც შემასწავლა. მამა ადრეული ასაკიდან ზრუნავდა ჩემთვის მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაზე. როდესაც თხილამურებით ვსრიალებდით, მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი და ვცდილობდი, დავწეოდი. პატარა ბავშვისთვის ეს რთული იყო, მაგრამ ვცდილობდი, მშობელს არ ჩამოვრჩენოდი. მამა მრავალმხრივ სპორტსმენად მაყალიბებდა. მისი სიკვდილი ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, მშობელმა გარდაცვალების შემდეგაც მოახდინა ჩემზე დიდი ზეგავლენა – მორწმუნე გავხდი.
- მაინც რას ნიშნავს თქვენთვის ღმერთის რწმენა?
- ძალიან ბევრს. ადრეულ ასაკში ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუმზერდი. ახლა კი, შეძლებისდაგვარად, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ვლამობ. სამწუხაროა, ბევრი რამის ტრანსფორმაცია ჩემ შესაძლებლობებს რომ აღემატება. მაგალითად, სხვადასხვა სნეულების განკურნვაში უძლური ვარ. არსებობს დაავადებები, რომელთაც დიდძალი ფულადი სახსარითაც ვერ დაამარცხებ.
- ცხოვრებისა და მთლიანად სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას პოლიტიკოსები ყველაზე ხშირად გვპირდებიან. თქვენ ხომ არ აპირებთ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას?
- ღმერთმა დამიფაროს! ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, პოლიტიკაში ჩართული ადამიანები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავენ და გარშემომყოფთა პრობლემები ნაკლებად აწუხებთ.
- ფეხბურთის მეშვეობით შესაძლებლად მიგაჩნიათ ადამიანთა საკმაოდ მძიმე ხვედრის შემსუბუქება?
- რურში ვცხოვრობთ, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს უარყოფითი დაღი დაასვა. ბევრმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა და ისინი რთული მდგომარეობის გასაქარვებლად არა მარტო “დორტმუნდის” თამაშებზე დადიან, არამედ ჩვენი გუნდის ვარჯიშებსაც რეგულარულად ესწრებიან. ბიჭებმა კარგად იციან, რაოდენ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან ჩვენი გუნდის გულშემატკივრები, ამიტომაც კარგი თამაშით ყველაფერს აკეთებენ მათ გასახარებლად.
- მხოლოდ მორალურ მხარდაჭერაზეა საუბარი?
- თქვენ ეს ცოტა გგონიათ? გულშემატკივრები ჩვენთან ერთად განიცდიან საფეხბურთო მინდორზე მიმდინარე მოვლენებს, “დორტმუნდთან” ერთად იმარჯვებენ და საყვარელ გუნდთან ერთად მარცხდებიან. თითოეულ ჩვენთაგანს კარგად გვესმის, რა მისიაც გვეკისრება – ყოველმხრივ ვცდილობთ, ადამიანები ბედნიერები, თუნდაც 90 წუთის განმავლობაში ვამყოფოთ.  
- მინდორზე გასვლის წინ, ამას ეუბნებით დორტმუნდელ ფეხბურთელებს?
- არა, მათ ამის შეხსენება ყოველი მატჩის წინ ნამდვილად არ სჭირდებათ. ისინი უჩემოდაც კარგად გრძნობენ, თუ რა გაახარებს ყველაზე მეტად რურელ მაყურებელს. გულშემატკივარიც მისდამი ჩვენეულ დამოკიდებულებას კარგად გრძნობს. სეზონის სტარტის წინ, ერთ-ერთი ქომაგის წერილი მივიღე. იგი მწერდა, რომ სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებით მან “დორტმუნდის” საშინაო მატჩებზე დასასწრები აბონემენტი იყიდა და გუნდის არცერთ შეხვედრას არ გამოტოვებს.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- უპირველესად, შევწუხდი, რადგან სოციალური დახმარებით მას უფრო მეტად საჭირო ნივთების ან თუნდაც საკვების შეძენა შეეძლო. მეორეს მხრივ, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგანაც ჩვენმა ქომაგმა მატერიალურს სულიერი ამჯობინა. სამწუხაროდ, ვერც პოლიტიკურ სიტუაციას გამოვასწორებ და ვერც ეკონომიკურს, სამაგიეროდ, ჩვენი გუნდი ახერხებს მატჩის მსვლელობისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ადამიანებს სიხარულის გრძნობა განაცდევინოს.
- რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თქვენ კი, ჰო და არას მეშვეობით, ლაკონური პასუხის გაცემას გთხოვთ...
- შევთანხმდით.
- თქვენი აზრით, თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის როლი გაზვიადებულია?
- არა.
- მოჭარბებული ფული ფეხბურთის შემდგომ განვითარებას ამუხრუჭებს?
- არა.
- აგენტები ფეხბურთს ზიანს აყენებენ?
- არა.
- ფეხბურთში სამართლიანობა უმეტესწილად იმარჯვებს?
- დიახ.
- პროფესიულ გადაწყვეტილებას პირადი მოსაზრების გამო არასდროს ვიღებ. თქვენი სიტყვებია?
 დიახ.
- იურგენ კლოპი ინტერვიუებში ყოველთვის სიმართლეს ამბობს?
- არა.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095252