მომავალი კვირის განმავლობაში გულშემატკივართა ყურადღება ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური პაექრობებისკენ იქნება მიპყრობილი. გერმანულ-ესპანური დაპირისპირებები დიდ ინტერესს იწვევს, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ჯგუფური ეტაპის მსგავსად, კიდევ ერთხელ შეეცდება მადრიდის “რეალის” ძლევას და თავისი გუნდის ფინალში გაყვანას.
- ცხადია, გერმანულ ბუნდესლიგაში ჩასატარებელი შეხვედრები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზადების ჭრილში განიხილავთ. რამდენად კმაყოფილი დარჩით თქვენი გუნდის მიერ ფიურტელების წინააღმდეგ ასპარეზობისას გამოვლენილი სათამაშო დონით?
- მატჩის დაწყების წინ ვფიქრობდი, რომ მოგების მიღწევა უფრო გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა – იოლად ვიმარჯვეთ. შეხვედრა შთამბეჭდავად დავიწყეთ, ლამაზ და ეფექტურ შეტევებსა თუ კომბინაციებს ვაწარმოებდით, მეტოქე პრესინგის მარწუხებში მოვაქციეთ. სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ ჩვენ მიერ გატანილი გოლების წინაპირობა. პირველ ტაიმში ჩემი გუნდის გამოსვლით მთლიანად კმაყოფილი დავრჩი, მეორე ნახევარს რაც შეეხება, ცოტათი ვუკელით, თუმცა, მთლიანობაში ნორმალური 45 სათამაშო წუთი ჩავატარეთ.
- ფიურტელებთან დუბლის ავტორი ილკაი გუნდოგანი კვლავინდებურად “ათიანის” პოზიციაზე დააყენეთ. მატჩის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ შეხვედრის დაწყებამდე ბევრი ესაუბრეთ შეტევის დამაგვირგვინებელი დარტყმების თაობაზე...
- რობერტ ლევანდოვსკის გამოკლებით, ყველა ფეხბურთელს ბევრს ვესაუბრები კარის მიმართულებით განხორციელებულ დარტყმებზე. ჩემი მოთამაშეები საკმაოდ ცოტას ურტყამენ ბურთს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით და ხშირად მათი მცდელობა არაზუსტია. ამ მხრივ გამონაკლისი არც “ფიურტთან” ასპარეზობა გამოდგა. ეს ყველას ეხება და მათ შორის გუნდოგანსაც. მთლიანობაში ილკაის გამოსვლით და დუბლით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, მას “ათიანის” პოზიციაზე თამაშის სურვილი კიდევ უფრო მოემატება და მეც გუნდოგანს საამისო შანსს მივცემ.
- 24 და 30 აპრილს მადრიდის “რეალთან” მოგიწევთ ჩემპიონთა ლიგის 2 ნახევარფინალური მატჩის ჩატარება. თქვენ და კასტილიელები ჯგუფურ ეტაპზე ერთად იყავით და ერთურთის შესაძლებლობებსაც კარგად იცნობთ. ამის მიუხედავად ესპანელთა პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო “ფიურტთან” თქვენ მატჩს პირადად დაესწრო. როგორ გგონიათ, პირენელმა სპეციალისტმა რაიმე ახალი ნახა თქვენი გუნდის თამაშში?
- ნებისმიერ მწვრთნელს გუნდის კონკრეტული მატჩისთვის მზადების საკუთარი მიდგომა აქვს. შესაძლოა, მოურინიომ ჩვენ თამაშში რაღაც ახალი, მისთვის აქამდე უცნობი ნიუანსი აღმოაჩინა. ისე, თუკი მას აინტერესებდა, შეუძლია თუ არა მარიო გიოტცეს მარცხენა ფლანგზე თამაში, ამისთვის ფიურტში ჩასვლის ნაცვლად ჩემთან დარეკვაც ეყოფოდა. ეს ხუმრობით. ისე კი, მწვრთნელის სურვილი, “ცოცხლად” ნახოს მოწინააღმდეგე გუნდის თამაში, ნორმალური მოვლენაა. პირადად მე “რეალის” 8 შეხვედრის ჩანაწერი მაქვს და მათ დეტალურად შესწავლას განვაგრძობ. მოურინიოს კი "არ გაუმართლა” – მან სტადიონი 70-ე წუთზე დატოვა, ანგარიში 5:0 მიგვყავდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავუშვით შეცდომები.
- მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ნიონში ჩასატარებელი წილისყრის წინ აცხადებდნენ, რომ ნახევარფინალში მეტოქედ დორტმუნდის “ბორუსია” სურდათ, რადგანაც თქვენ გუნდს მადრიდელთა და ბარსელონელთა კლუბებთან შედარებით სუსტად მიიჩნევენ. ეთანხმებით ული ჰიონესისა და ფრანც ბეკენბაუერის თვალსაზრისს?
- ბავარიელთა მხრიდან მეტად თამამი და ჩემი აზრით, მოუფიქრებელი განცხადებაა. ეტყობა, მიუნხენელებმა თასზე ჩვენი ძლევის შემდეგ ზემოდან დაგვიწყეს ყურება და შედარებით ნაკლები პატივისცემით გვეპყრობიან. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჰიონესსა და ბეკენბაუერს აზრი შევაცვლევინოთ. არ ვიცი, რას ეფუძნება ბაიერნელთა წინასაკენჭისყრო განცხადება. მართალია, “მალაგასთან” განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ნახევარფინალში მაინც დამსახურებულად გავედით.









