გერმანიის ჩემპიონის, “დორტმუნდის” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რადგან ფრანკფურტში “აინტრახტთან” ფრედ დასრულებული მატჩის მსვლელობის დროს, ის სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს.
კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან უკმაყოფილების მიზეზები ახსნა და თამაში შეაფასა. “დორტმუნდი” პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდა, მეორე ნახევარის დასაწყისში, ორ წუთში ორი გოლი გაუშვა, 54-ე წუთზე ისევ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფრეს დასჯერდა.
- ბატონო იურგენ, ფრანკფურტში ნამდვილი სპექტაკლი შედგა, რომელიც 3:3 დასრულდა. როგორ აფასებთ განვლილ თამაშს?
- ეს მართლაც საოცარი, სანახაობრივი თამაში იყო - უფრო მეტად დაძაბული, ვიდრე ჩვენ გვსურდა. ყველაფერი იმის ბრალია, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. “აინტრახტმა” სენსაციური თამაში აჩვენა. მათი გადაცემები და მოძრაობები მოედანზე ძალიან კარგი იყო.
- თქვენ ორჯერ იგებდით თამაშს, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვეთ. რა იყო უმთავრესი შეცდომა?
- როდესაც ორი ბურთით იგებ თანაბარ თამაშში, არის რკინისებური კანონი - არ უნდა გაუშვა კონტრშეტევაზე. მაგრამ ჩვენ ეს შეცდომა ორჯერ დავუშვით. ის, რომ მოწინააღმდეგემ ორივე შესაძლებლობა გამოიყენა, მის მაღალ კლასზე მეტყველებს.
- ორ თამაშში გაშვებული ექვსი გოლი უჩვეულოა “დორტმუნდისთვის”...
- ჩემი “დორტმუნდში” ყოფნის პერიოდში, რამდენიმე განსხვავებული ფაზა გვქონდა, მაგრამ ის, რომ ორ თამაშში სამ-სამი გოლი გაგვეშვა, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. მოცემულ მომენტში ჩვენ ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზე ვართ გაშვებული გოლებით. ეს კოშმარული სტატისტიკაა. ვეცდებით ეს პრობლემა აღმოვფხვრათ, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს.
- უფრო კონკრეტულად რაზე უნდა იმუშაოთ? რამ გამოიწვია დაცვის სისუსტე?
- ყველაფერი ნულიდან არ უნდა დავიწყოთ. ბიჭებს მახსოვრობა არ დაუკარგავთ და მათ უნდა ახსოვდეთ, როგორ ვთამაშობდით. შეცდომებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. დაზღვევებისთვის სულ რაღაც ნახევარი მეტრი არ გვყოფნის. ჩვენი შეტევითი პოტენციალი ძალიან მაღალია, მაგრამ უკეთ უნდა დავაზღვიოთ შეტევები. აი მაშინ მოწინააღმდეგეებს ამდენ საჩუქარს აღარ გავუკეთებთ. ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს საკუთარი შეცდომები და ვფიქრობ, 3-4 დღეში მათი აღმოფხვრა მოხერხდება.
- 2:0-ის შემდეგ თქვენმა გუნდმა “ცხვირი ხომ არ აწია”?
- არა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, “ცხვირაწეული” გუნდი კი, ასე არ იქცევა. ახლა თავს არ უნდა დავესხათ გუნდს და ყველაფერი მას არ უნდა გადავაბრალოთ.
- თქვენ აღგზნებული გამოხატავდით პროტესტს და მატჩის ბოლოს გაგაძევეს. ეს ლევანდოვსკის წინააღმდეგ წესების დარღვევამ გამოიწვია თუ სხვა რამ იყო მიზეზი?
- მე ვყვიროდი: “ეს ჯარიმაა, ეს ჯარიმაა, ეს ჯარიმაა”. მომეჩვენა, რომ მსაჯი სხვა მიმართულებით უსტვენდა და თავი ვერ შევიკავე. სწორედ ამის გამო გამაძევეს.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









