უკრაინული სპორტული ვებგვერდის, Football.ua-ს ჟურნალისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 2000 წლის გამარჯვებულთან, იური ჯორკაეფთან. წარსულში ცნობილმა ფრანგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ საქველმოქმედო მატჩში, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები კიევის “დინამოს” დაუპირისპირდნენ.
- იური, თქვენ უკრაინაში პირველად არ იმყოფებით. რას ფიქრობთ ამ ქვეყნის შესახებ?
- დიახ, მართალია. აქ რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. უკრაინაც და კიევიც ძალიან მომწონს. ეს ბრწყინვალე ქალაქია, რომელსაც შესანიშნავი კულტურა და დიდი ისტორია აქვს. აქვე გეტყვით, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს მოუთმენლად ველი. დარწმუნებული ვარ, ტურისტებს უკრაინა მოეწონებათ.
- თქვენ თუ გეგმავთ ჩამოსვლას?
- რა თქმა უნდა.
- ცნობილი ფაქტია, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ. ყოფილხართ ისტორიულ სამშობლოში?
- სომხური ფესვები მეამაყება. ვცდილობ, ამ ქვეყანასთან კონტაქტი შევინარჩუნო. სომხურ ენაზე ლაპარაკი შემიძლია. ხანდახან, ოჯახშიც ვიყენებთ სომხურ ფრაზებს. იქაური სისხლი მაქვს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- თქვენ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეთ და არც ევრო 2000 გამოგიტოვებიათ. ორივე ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდით. შეგიძლიათ, ეს ტიტულები ერთმანეთს შეადაროთ? თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
- განსხვავებული ტურნირებია, მაგრამ ბევრი მსგავსება აქვთ. ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული გათამაშებაა. წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით მაყურებელი გაკვირდებათ, სადაც უნდა იყოთ. ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, მუნდიალზე ისეთი გუნდები ასპარეზობენ, როგორებიც არგენტინასა და ბრაზილიას ჰყავთ. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი საფრანეგთში ტარდებოდა და მშობლიურ კედლებში გამარჯვება ძალიან სასიამოვნო იყო.
- მოდი, ამჟამინდელი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებზე ვისაუბროთ. რა იყო სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ჩაგდების მიზეზი?
- ახლა გუნდში სულ სხვა თაობაა. ფსიქოლოგიური მხარე უაღრესად მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. ალბათ, 2010 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრებს ეს დააკლდა.
- ახლა საფრანგეთის ნაკრებს თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ლორან ბლანი წვრთნის. მას ხშირად ეკონტაქტებით?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ურთიერთობას არ ვკარგავთ. ლორანი კარგი მეგობარია. ვფიქრობ, მან ნაკრებში დიდი სამუშაო ჩაატარა. მის შედეგებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ სწორ გზას ადგას.
- იური, გვითხარით, ამჟამად რას საქმიანობთ და მომავალში რას აპირებთ...
- უკვე 7 წელია, რაც ნიუ იორკში ვცხოვრობ. ვცდილობ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვთა ფეხბურთი განვავითარო. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა. ხშირად ვმონაწილეობ საქველმოქმედო მატჩებში. გარდა ამისა, საკუთარი საქველმოქმედო ფონდიც გახსნილი მაქვს. ვცდილობ, გაჭირვებულებს დავეხმარო.









