საქართველოსა და ბელარუსის (1:0) შესარჩევი მატჩის შემდეგ, კომენტარები არ წყდება. გთავაზობთ ნაწყვეტს ბელარუსთა ყოფილი დამრიგებლის - იური პუნტუსის ინტერვიუდან, რომელიც მან Goals.by-ს მისცა.
- თქვენი აზრით, რა არ გამოუვიდა ბელარუსის ნაკრებს ქართველებთან?
- ჩვენს ნაკრებს არ გამოუვიდა მხოლოდ ერთი რამ – მეტოქის დამარცხება. ჩვენი ბიჭები უკეთ გამოიყურებოდნენ და ინიციატივასაც ფლობდნენ. მაგრამ ფეხბურთი კრივი არ არის, სადაც შეიძლება ნოკაუტით ან ქულებით მოიგო. ფეხბურთში საჭიროა მოწინააღმდეგეზე ერთით მეტი გაიტანო.
ქართველებს, გოლის გარდა, ერთი მომენტი კიდევ ჰქონდათ, როცა ვერემკომ ახლო კუთხიდან მოიგერია ბურთი, თუმცა, ამ ეპიზოდს საგოლეს ვერ დავარქმევდი. გამოდის, რომ ქართველებმა ერთადერთი შესაძლებლობა გოლად აქციეს. ამ დროს ჩვენმა მცველებმა მიუტევებელი ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს. სხვა მხრივ, მასპინძლებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ. ჩვენ კი, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს თამაში ჩვენ თვითონ წავაგეთ. ქართველებმა კი ცოტა გააკეთეს იმისათვის, რომ თუნდაც ერთი გოლის ღირსნი ყოფილიყვნენ.
- გაშვებული ბურთის შემდეგ, ჩვენი ნაკრები გასათანაბრებლად წინ წავიდა, მაგრამ სიჩქარისა თუ გატანის გადამეტებული სურვილის გამო, არაფერი გამოგვივიდა.
- ასეთ მატჩებში წარმატება დიდადაა დამოკიდებული თვითრწმენაზე. ცუდ დროს გაგვიტანეს, გოლმა გამარჯვების იმედი დაგვაკარგინა და ამან დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე. წინ წავედით, ვუტევდით, მაგრამ საკუთარ თავში დაურწმუნებლობამ, უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მოგვცა.
- თბილისის სტადიონზე ბევრი ხალხი არ მივიდა. რატომ?
- ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ვერ გეტყვით, რა ღირდა ბილეთები, ეგებ ფასებმა დააფრთხო ხალხი, შესაძლოა, ჩათვალეს, რომ ბელარუსთან თამაში საინტერესო არ იქნებოდა. იქ რომ ვყოფილიყავი, ამ კითხვაზე პასუხი უფრო გამიადვილდებოდა.
- მსაჯობა სამაგალითო ვერ იყო.
- გეთანხმებით. გამეორებებზე აშკარად ჩანს მსაჯების შეცდომები. განსაკუთრებით, როცა კომენტატორი ბრესანის თამაშგარემ აღაშფოთა. იქ ოფსაიდი არ ყოფილა. მახსოვს, საბჭოთა დროს, საქართველოში მსაჯობის ფაქტორის ყველას ეშინოდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მსაჯს მიკერძოება დავაბრალოთ, მაგრამ თანამსაჯის შეცდომა აშკარა იყო.
- როგორ აღიქვით კონდრატიევის სიტყვები: ამ ციკლში არაფრის იმედი გვაქვს და შემდეგი შესარჩევისთვის უნდა ვემზადოთო?
- სასწაულის, ზღაპრის უნდა გჯეროდეს და შენსას აკეთებდე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოგივა. მაგრამ ერთი კვალიფიკაციის მომდევნოსთვის გაფლანგვა ჩემთვის მიუღებელია.
- ქართველებთან წაგების შემდეგ ზღაპრების კიდევ გჯერათ?
- ჩვენთან კრიტიკოსები უცებ დაგაცხრებიან ხოლმე და მუშაობის საშუალებას არ გაძლევენ. გეორგი პეტროვიჩს უნდა ვაცადოთ. თუ ფეხბურთის ფედერაცია მის კონცეფციას ეთანხმება, მაშინ რატომღა აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ საჭიროა ფეხბურთელებს შეთამაშების საშუალება მივცეთ, შემდეგ შესარჩევში კი, შედეგი მოგვთხოვეთო. რატომ უნდა გამოვიტანოთ ნაადრევი დასკვნები? დაველოდოთ. მითუმეტეს, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ გვაქვს. უნდა ვიბრძოლოთ. ყურების ჩამოყრა არაფრით შეიძლება.
- 11-ში ფრანგებს ვხვდებით. შევძლებთ ქულების აღებას?
- უნდა ვეცადოთ. წინა ციკლში ერთხელ მოვუგეთ და მეორედ ფრედ ვეთამაშეთ. თუ ღისეულად მოვიქცევით, შედეგიც იქნება.
- რას ურჩევდით გეორგი კონდრატიევს?
- ჩემგან რაიმეს რჩევა არაეთიკური იქნება. ჟორამ იმდენი წკიპურტი მიიღო და ისეთი რთული სიტუაციები გამოიარა, რომ რჩევები არ სჭირდება. შიგნიდან ის უკეთ ხედავს გუნდის პრობლემებს და დარწმუნებული ვარ, შეძლებს მათ გადაწყვეტას.
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა







