ინტერვიუები

9:45 | 1.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟიკაშვილს ლეგიონერები მოეწონა: "პალანგისთვის ბირთვი მზად იქნება"

გეცოდინებათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გასულ დღეებში ესპანეთის კურორტ იბიცაზე პრესტიჟულ ტურნირზე (იბიზა ისლანდ ცუპ) ითამაშა, სადაც 1994 წელს დაბადებულთა 16 გუნდი მონაწილეობდა და კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილებმა ჯგუფიდან იოლად გასვლის შემდეგ, მეოთხედფინალში 0:1 წააგეს “მალიორკას” თანატოლებთან. 17-წლამდელთა ნაკრებში სამი ლეგიონერიც იყო, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არ აქვთ – ლუკა ჰუფნაგელი მიუნხენის “ბაიერნიდან”, ლუკა ჩხაიძე “მიუნხენ 1860”-დან და გიორგი პაპუჩელაშვილი ჩეხური ჟიჟკოვის “ვიქტორიადან”.
“მსოფლიო სპორტი” ჟორჟიკაშვილს დაუკავშირდა და ჯერ ტურნირის საერთო შეფასება სთხოვა, შემდეგ კი სხვა ამბებსაც შეეხო:
კობა ჟორჟიკაშვილი: “ჯგუფში “ესპანიოლთან” 0:1 წავაგეთ. არადა, მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩით და დაცვაში უხეში შეცდომის გამო გავუშვით ის გოლი, ხოლო ჩვენ რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ. სხვათა შორის, “ესპანიოლი” ფინალში გავიდა და “ბარსელონასთან” 1:2 წააგო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტოქეები ბევრი ვერაფრით გვჯობდნენ და თავისუფლად შეგვეძლო, ფინალში ჩვენ ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში “მალიორკასთან” მარცხმა დაგვატოვებინა ტურნირი.
- უკეთესი შედეგის მისაღწევად რა დაგაკლდათ?
- დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოუმზადებელი იყო, ამას დაემატა მომქანცველი მგზავრობა. მაგალითად, ბაჩანა არაბულს მცირე ტრავმა ჰქონდა და შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შესძლო.
- შეგიძლიათ ცალკეული ფეხბურთელების ან რგოლების გა-მორჩევა?
- განსაკუთრებით არავის გამოუჩენია თავი. უკანა ხაზში იყო პრობლემები და უფრო მეტი სამუშაო ამ კუთხით გვაქვს. ლეგიონერებზე ვიტყვი, რომ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს და მათი კმაყოფილი ვარ.
- გადაწყვეტილია, რომ სა¬ქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ?
- დიდი სურვილია და მე უკვე ვუთხარი ამის შესახებ ფედერაციას. ამ დღეებში გადავწყვეტთ, რა როგორ იქნება. ახლა დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ სამივე მათგანი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას. ჯერ კიდევ ჩამოვყალიბდებით და საბოლოოდ გეტყვით. ისე კი, ვიმეორებ, ბიჭებმა საერთო ჯამში კარგად ითამაშეს.
- მერე არ დაგვიანდება? შემოდგომაზე ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები გაქვთ.
- არა, დაგვიანება გამორიცხულია. როგორც ვიცი, მოქალაქეობის მიღების პროცედურა, ყველაზე ბევრი, ერთი თვე გრძელდება. ჯერ მთავრობის დასტური და დახმარებაა საჭირო.
- ნაკრების ბირთვი როდის იქნება ჩამოყალიბებული?
- აგვისტოს მიწურულს ლიტვაში ტრადიციული პალანგის ტურნირია და იქ უკვე ჩამოყალიბებული იქნება.
- პალანგამდე თუ გექნებათ მატჩები?
- ორ კვირაში, ან უფრო ადრეც, გუნდს შევკრებ და როგორც ტაქტიკაზე, ისე ფიზიკურ მომზადებაზე ვიმუშავებთ. იბიცას ტურნირმა ბევრი რამ დაგვანახა, სელექციისთვის გამოვიყენეთ თამაშები. თან, ყველაზე ძლიერი ჩვენი ჯგუფი იყო და პრინციპში, სასიამოვნო საყურებელი მატჩები გამოვიდა. ესპანელები ხომ იცით, როგორც თამაშობენ - მოკლე და საშუალო გადაცემებით. კარგი იქნებოდა, “მალიორკასთან” არ წაგვეგო, მაგრამ მთლიანობაში, მარცხის მიზეზები იყო და ამაზე უკვე ვთქვი.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.089219