გულშემატკივრის სვეტი

19:07 | 16.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე არ იცვლება

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი ჯერ ხეირიანად არც კი გახურებულა და ერთგვარი სენსაციის მომსწრენი უკვე გავხდით. სულ 4 ტურია გამართული და ”ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის დაშორება უკვე მთელ 8 ქულას შეადგენს. მთავარი მოვლენები, რასაკვირველია, წინ გველის და ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ მადრიდელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ გააგრძელებენ, მაგრამ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ ჩემპიონატის წინ, სულ სხვაგვარი პროგნოზები კეთდებოდა.
ხოსეპ გვარდიოლას კატალონიური კლუბიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ადამიანი ესპანეთში ჟოზე მოურინიოს ჰეგემონობას ვარაუდობდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ “ბარსელონას” ახალი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვასი, ალბათ, მხოლოდ “ბარსას” ყველაზე თავგადაკლულ ქომაგებს ეიმედებოდათ. მით უმეტეს, როდესაც ვილანოვას წინ, სეუ ჟოზეს ხმელი ფიგურა იყო ასვეტილი.
ვილანოვას კატალონიურ კლუბში განსაკუთრებული რევოლუცია არ მოუხდენია. მან უდრტვინველად განაგრძო მისი დიდი მასწავლებლის – ხოპეპ გვარდიოლას გზა და არ უღალატა იმ სათამაშო სტილს, რომლის წყალობითაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” აურაცხელი ტიტულის მოპოვება შეძლეს. ახლა, კითხვის ნიშნებს მხოლოდ ჟოზე მოურინიო ბადებს. ჟოზე, რომელიც ჯიუტად არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს და მიაჩნია, რომ ჩემპიონატის სტარტზევე 2 მარცხი, მადრიდელ ფეხბურთელთა ბრალია.
სევილიის “სანჩეს პისხუანის” სტადიონზე მარცხის შემდეგ, სეუ ჟოზემ საკუთარ ფეხბურთელებს სულ უგულოები და არაფრისმაქნისები უძახა. ბოლოს კი თქვა, რომ თამაშის დროს სიამოვნებით შეცვლიდა შვიდ ფეხბურთელს, ამის უფლება რომ ჰქონოდა. მოკლედ, მოურინიო დიდ გასაჭირშია. ახლა ის დროა, როდესაც მისი მეტოქე ხოსეპ გვარდიოლა კი არა, ახალგაზრდა ვილანოვაა. ის ვილანოვა, რომელსაც უჟმურმა პორტუგალიელმა გასულ სეზონში ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ ჟოზე ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, სწორედ იმ ვილანოვას წინააღმდეგ მოუწევდა ბრძოლა, რომელსაც ათასგვარი დამცინავი ეპითეტებით “ამკობდა.”
სხვა გუნდებმაც თითქოს “რეალის” წინააღმდეგ შეკრეს პირი. მადრიდულ კლუბს ყოველთვის ყველა კლუბი განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშებოდა ხოლმე, მაგრამ წლეულს ეს მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდათ. ჟოზე მოურინიოს პერსონისადმი სიძულვილიც აკეთებს თავის საქმეს. სეუ ჟოზე ხომ ის კაცია, რომელსაც ჩვენებურად “პირში მთქმელი” ჰქვია და რაც კი ენაზე მოადგება, ყველაფერს დაუფარავად ამბობს. უჟმური პორტუგალიელის დაუფარავობის “მსხვერპლი” კი, სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ესპანური კლუბის მწვრთნელი და ქომაგები გახდნენ. ჟოზეს ეს ფანდი უკვე საქვეყნოდაა ცნობილი. მოურინიო მოწინააღმდეგეთა მთელს სიძულვილს თავისკენ იმიტომ მიმართავს, რომ ზიზღის ტალღა “რეალს” ააცილოს და ამით, ფეხბურთელებს უფრო მშვიდად თამაშის საშუალება მისცეს. მაგრამ, სიძულვილი (მეტადრე, ხელოვნურად დათესილი სიძულვილი) ისეთი ცუდი რამაა, რომ მისი გაკონტროლება რაღაც პერიოდის შემდეგ აღარავის შეუძლია, ზრდით კი, დღიდან-დღემდე იზრდება...
ჟოზე მოურინიოს მარცხი დღეს, “რეალის” ქომაგების გარდა, თითქმის ყველა გუნდის ქომაგს უხარია. არაესპანური გუნდების გულშემატკივრებსაც კი, რომლებიც “რეალი”-“ბარსას” ჭიდილისას, წესით, მეტ-ნაკლებად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ჟოზე კი, მაინც ცოცხალი თავით არ აპირებს მიდგომებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. მოურინიოს ხასიათის ამბავი რომ ვიცი, “რეალმა” მიმდინარე სეზონში საერთოდ ვერაფერიც რომ ვერ მოიგოს, პორტუგალიელი “მტრების” ჯინაზე, მაინც არასოდეს იტყვის, რომ სხვამ, თუნდაც იგივე ტიტო ვილანოვამ, აჯობა.
ასეთია ეს კაცი და რა გინდა რომ ქნა?!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090178