ესპანურმა El Mundo Deportivo-მ, 14 წლის წინანდელი საინტერესო ინტერვიუ “ამოქექა”, რესპოდენტი კი... ჟოზე მოურინიოა. დიახ, გეცოდინებათ, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო და ქარიზმატული სპეციალისტი, “ბარსელონაში” 1996 წელს, აწ გარდაცვლილი ინგლისელი სერ ბობი რობსონის თანაშემწედ მუშაობდა და მის თარჯიმნობასაც ითავსებდა. ჯერ კიდევ მაშინ გაითქვა სახელი “განსაკუთრებულმა” (როგორც ჟოზე თავის თავს უწოდებს) და გაითქვა იმით, რომ მეორე მწვრთნელის კვალობაზე, საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებდა.
ახლა კი, წაიკითხეთ 33 წლის მოურინიოს ინტერვიუ - შეადარეთ მაშინდელი და ახლანდელი ჟოზე. ალბათ, იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში, ეს “თავხედი ბიჭი” დიდი მწვრთნელი გახდებოდა.
- თქვენი აზრით, როგორი სტილით უნდა ითამაშოს “ბარსელონამ”?
- ბურთით უნდა ითამაშონ მსახიობებმა, უბურთოდ კი – მუშა გუნდებმა.
- პირველი “ბარსელონაა”. მეორე? ინგლისურ გუნდებზე ამბობთ?
- არა, ინგლისური ფეხბურთი ძალიან შაბლონურია: უკლებლივ ყველანი, ერთნაირად თამაშობენ.
- კიდევ კარგი, რობსონს არ ესმის. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან?
- ბრწყინვალე.
- უფრო კონკრეტულად?
- სიმშვიდე მჭირდება, რასაც, რობსონის გვერდით არ ვუჩივი. რობსონს კი სჭირდება ჩემი აზროვნება, ორგანიზატორული თვისებები და ფეხბურთელებთან განსაკუთრებულად ურთიერთობის უნარი.
- აღიარეთ, რომ თავისებური თარჯიმანი იყავით...
- რობსონს როცა ვუთარგმნი, აზრს არ ვცვლი. სერს იმდენად კარგად ვიცნობ, რომ ვიცი, როგორ უნდა გავამდიდრო ჩემი ნათარგმნი და ვიცი, როგორ უფრო კარგად გაიგებს. რაღაც-რაღაცეებს მეც ვამატებ. უბრალოდ, მინდა, რომ რობსონს სამუშაო გაუადვილდეს.
- ფიქრობთ, რომ რობსონი “ბარსელონაში” დაამთავრებს სამწვრთნელო კარიერას?
- დიახ.
- გულწრფელად გვითხარით, რობსონის მემკვიდრეობა არ გინდათ?
- მე - “ბარსელონას” მწვრთნელი? არა, საამისოდ გამოცდილებაა საჭირო.
- დაახასიათეთ თქვენი თავი - როგორც მწვრთნელი.
- ამბიციური, მიზანმიმართული, გულწრფელი... და კიდევ, მსოფლიოში ყველაზე იშვიათად ვარ წაგებული.
- “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე მჯდომი იოჰან კრუიფი, ხელს არ გიშლით?
- კრუიფი ჩემი ფავორიტია.
- ეს “ბარსელონა”, კრუიფის დროინდელი გუნდივით ლამაზი იქნება?
- რა თქმა უნდა.
- გვარდიოლა – პოპესკუს წყვილი კარგადაა შეთამაშებული?
- როცა ბურთი გვარდიოლას აქვს, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და ერთ-ერთი საუკეთესო ხდება მსოფლიოში. ჩანს, პეპს ჯერ შეგუება სჭირდება ახალ ამპლუასთან, მაგრამ მან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს.
- და მაინც, ალბათ, ფიქრობთ, რომ გვარდიოლა და პოპესკუ კარგად ვერ უგებენ ერთმანეთს.
- მე ის მაბრაზებს, რომ სქემების განხილვა მიდის, არადა, ჯერ 6 ტურია გასული. უმთავრესი ისაა, იცოდე, რას აკეთებ. მჯერა, ჩემპიონები გავხდებით. ამას ვიტყოდი იმ შემთხვევაშიც, ხუთი ქულით ნაკლები რომ გვქონდეს.
- და თუ სქემებში არა, მაშ, რაშია პრობლემა?
- დროის უკმარისობაა. “ბარსას” ზოგიერთი ფეხბურთელი ტაქტიკაში ცუდად ერკვევა, თუმცა, ეს გასაგებიცაა და არავის არ ვაკრიტიკებ: ეს ფეხბურთელები ხომ დიდხანს თამაშობდნენ ერთი და იგივე ტაქტიკით, ახლა კი, გადაწყობა უჭირთ.
- რამდენ ფეხბურთელთან გქონდათ უთანხმოება?
- არავისთან არ მქონია.
- რონალდოს მართლა უთხარით ის სიტყვა?
- დიახ, თუმცა ზოგიერთებმა არაფრისგან სკანდალი ააგორეს.
- კი, მაგრამ რონალდოს აუხსენით, რომ სასკანდალო არაფერი იყო?
- დიახ. და რონალდომაც კარგად იცის, რა კონტექსტში ვუთხარი.
- რონალდოს გარდა, დღევანდელი “ბარსადან” რომელი ფეხბურთელები ჩაეწერებიან ისტორიაში?
- ბევრნი. გვარდიოლა და სერხი უდავოდ.
- და კატალონიელების გარდა?
- ლუის ენრიკე. მასში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ. ლუის ენრიკე ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს, ყველასთან ხუმრობს, წაგება არ უყვარს და არ პასუხობს ამ კითხვას: “რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?”
- ფეხბურთელებში რას ვერ იტანთ?
- როცა წაგებას არ განიცდიან. როცა ვმარცხდებით, ჩემი ცოლიც კი განიცდის.
- ვიტორ ბაიას “ბარსელონაში” გადმოსვლა, თქვენი დამსახურებაა?
- გარკვეულწილად. შესაძლოა, ამ კლუბიდან მალე წავიდე, მაგრამ სანამ ვიტორ ბაია აქაა, ჩემი ნაწილიც აქ რჩება.
- კატალონიურ ენაში კიდევ ვარჯიშობთ?
- იცით, მე რომ ლისაბონში ვიყო და იქ კატალონიელი მწვრთნელი მუშაობდეს, მენდომებოდა, პორტუგალიურად ესაუბრა. ეს პატივისცემის ნიშანია.
- “ბარსელონას” კრიტიკა არ აკლია. ეს, არ გაღელვებთ?
- არა. ეს ხალხის ჩვეულებაა. სულ რაღაც 10 წლის წინ, ჩემი მწვრთნელი ხმამაღლა გამოვლანძღე ტრიბუნიდან.
- შეგიძლიათ თქვათ, რომ მადრიდის “რეალს” ვერ იტანთ?
- არა. “ვერ ვიტან” არასწორი ფორმაა, თუმცა ვიცი, რომ “რეალი” ჩემი მეტოქეა.
- “ბარსელონაში” რომ მოდიოდით, ყველაზე მეტად რისი გეშინოდათ?
- არც ატმოსფეროზე მიფიქრია, არც პრესაზე და საერთოდ არც არაფერზე. მხოლოდ ფეხბურთელებთან ურთიერთობისა მეშინოდა.
- გავიგეთ, რობსონმა გირჩიათ, პირი იშვიათად გააღოთ... ეს მართალია?
- ნეტავ ეთხოვა, რომ საერთოდ არ მელაპარაკა...
- რონალდოს, იგივე სიტყვას, კიდევ ერთხელ ეტყოდით?
- ალბათ, კი.
- პროვოცირებას ახდენთ, რათა გაზეთის ფურცლებზე მოხვდეთ?
- რა შუაშია... მე დიდება არ მჭირდება. თქვენ მთხოვეთ ინტერვიუ და აი, მეც გესაუბრებით.
- მაგრამ თქვენი საუბარი, ფრაზები, ქცევის მანერა...
- მე ისეთივე “ლათინო” ვარ, როგორც “ბარსას” ბოლო გულშემატკივარი.
- დაიფიცეთ, რომ მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობთ.
- მე ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ. რობსონი ხანდახან მეუბნება, ცოტა ფრთხილად იყავიო. რომელიმე ფეხბურთელზე როცა მეკითხებიან, “კარგად თამაშობს?”, მე ან დადებითად ვპასუხობ, ან ვჩუმდები... თუ ვჩუმდები, ესე იგი, ცუდად თამაშობს.
- თუ შეიძლება, ამ ინტერვიუს სათაური შემომთავაზეთ და თუ მომეწონა, დავარქმევ.
- გულიდან წამოსული სიტყვები.
1996-1997 წლების სეზონი “ბარსამ” პრიმერადივიზიონში მეორე ადგილზე დაასრულა, სამაგიეროდ, თასების თასი და ესპანეთის თასი მოიგო. მიუხედავად მთლიანობაში წარმატებული სეზონისა, რობსონის ნაცვლად, გუნდში ლუის ვან გაალი მივიდა. მოურინიო კი დარჩა და ვან გაალის თარჯიმნობასაც სწევდა.
ისე კი, ამ ინტერვიუდანაც ჩანს, რომ მოურინიო მაშინაც “განსაკუთრებული” იყო - როდისმე წარმოგიდგენიათ ასეთი საუბარი რომელიმე გუნდის მეორე მწვრთნელისგან?
ილია ნანობაშვილი







