ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის “რეალი” ხვალ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს მოსკოვში, იქაურ ცსკას-თან ჩაატარებს. AS-ის კორესპონდენტი “სამეფო კლუბის” პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს წინასამატჩო განწყობაზე ესაუბრა.
- პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში სანტანდერის “რასინგს” დიდი ანგარიშით მოუგეთ, თუმცა, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები თქვენი გუნდისგან უფრო ეფექტურ თამაშს ელოდნენ...
- უპირველესად, საბოლოო შედეგმა დამაკმაყოფილა. “რეალის” მიზანი ჩემპიონობაა და ტიტულისკენ სავალ გზაზე კიდევ ერთი “სამქულიანი” ნაბიჯი გადავდგით. შესაძლოა ძალის ზედმეტი დაძაბვით და ეფექტურად არ გვიასპარეზია, მაგრამ ამ ეტაპისთვის უმთავრესი ამოცანა ფეხბურთელთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. ჩვენ ხომ ლამის ყოველ 3 დღეში მატჩის ჩატარება გვიწევს.
- მომდევნო შეხვედრის ჩატარება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გიწევთ. რადგან ტრავმები ახსენეთ, გვაინტერესებს, ითამაშებს თუ არა მოსკოვში გონსალო იგუაინი?
- იგუაინი ბოლო კვირის განმავლობაში არ ვარჯიშობდა, მაგრამ მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემიტანია, ამიტომაც არგენტინელი ფორვარდი “რასინგთან” შეხვედრის დროს სათადარიგოთა სკამზე იჯდა. გონსალოს თამაშის დიდი სურვილი აქვს და გითხრათ ნამდვილი, “რეალსაც” მისი სამსახური ესაჭიროება – გუნდში ხომ 2 გამოკვეთილი თავდამსხმელი გვყავს, იგუაინი და ბენზემა. სანტანდერელებთან წინააღმდეგ ასპარეზობისას არ გავრისკე, ცსკა-სთან მატჩში კი იგუაინი ითამაშებს.
- მთელ ევროპაში ცივა, რუსეთში კი განსაკუთრებულად ყინვიანი ზამთარი იცის. მძიმე მეტეოროლოგიური პირობები არ გაფრთხობთ?
- მთავარი ჰაერის ტემპერატურა კი არა, ფეხბურთელების წინასამატჩო განწყობაა. ცხადია, უკეთეს პირობებში თამაში გვირჩევნია, მაგრამ ამბიციურმა გუნდმა მეტეოპირობებზე არ უნდა იწუწუნოს. “რეალი” ამბიციური გუნდია, მიზანმიმართულად მიიწევს დასახული მიზნისკენ და ცივ ამინდშიც შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.
- თქვენი მომავალი მოწინააღმდეგე სეზონის განახლების წინ ესპანეთში ემზადებოდა და ტესტ-მატჩების მსვლელობისას მაინცა და მაინც ძლიერი კოლექტივის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია...
- ჩვენი მეტოქის შეფასებისას ცდებით. ცსკა საკონტროლო შეხვედრებს დილის მომქანცველი წვრთნების შემდეგ ატარებდა და მწვრთნელი შედეგზე აქცენტს არ აკეთებდა. შემიძლია მოგახსენოთ, რომ ცსკა შეკრული, კარგად შეთამაშებული გუნდია. “ჩელსისა” და “ინტერის” მთავარმწვრთნელობისას მოსკოველთა წინააღმდეგ გამიყვანია გუნდები და ინგლისში ჩემი მუშაობის მომენტიდან დღემდე, ცსკამ 7 მოთამაშის შენარჩუნება მოახერხა. ჩვენი მოწინააღმდეგე ტაქტიკურადაც ძლიერია.
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონას” 10 ქულით უსწრებთ. ეს ჰანდიკაპი უმთავრესი აქცენტის საჩემპიონთალიგო ბატალიებზე გადატანის საშუალებას ხომ არ გაძლევთ?
- ეროვნულ ჩემპიონატში ყოველთვის უძლიერესი გუნდი იმარჯვებს, რასაც უმთავრეს ევროტურნირზე ვერ ვიტყოდი. საშინაო პირველობაზე გამარჯვება უმნიშვნელოვანესია გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში მის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ღირსეულად. ლა ლიგაში ერთი გოჯითაც უკან არ დავიხევთ და ყოველ მომდევნო შეხვედრას იმგვარად ჩავატარებთ, თითქოს თანაბარქულიან “ბარსელონას” ვეპაექრებით. ეს “რასინგთან” მატჩის დროსაც დავამტკიცეთ. მნიშვნელოვანი საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ შეგვეძლო, ენერგია ოდნავ მაინც შემოგვენახა, მაგრამ ბიჭებმა ძალის მაქსიმუმით ითამაშეს.
- ზემოთქმულის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგას თქვენთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ამ ტურნირის მოგების შემდეგ ყოველთვის კლუბს იცვლიდით ხოლმე...
- ლონდონის “ჩელსის” შემთხვევაში ხომ ასე არ ყოფილა... კლუბიდან იმიტომ სულაც არ მივდიოდი, რომ ჩემპიონთა ლიგას ვიგებდი და მომდევნო სეზონის მეშინოდა. როდესაც “პორტუდან” ავიბარგე, ვთვლიდი, რომ უფრო მაღალ დონეზე უნდა დამეკმაყოფილებინა საკუთარი სამწვრთნელო ამბიცია, მილანის “ინტერის” შემთხვევაში კი, ჯერ კიდევ ფინალის საგზურის მოპოვებამდე გადაწყვეტილი მქონდა, “ნერაძურის” რომ დავტოვებდი.
- გამოდის, თუკი “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩებით?
- დიახ, ასეა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









