ინტერვიუები

11:42 | 27.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ნებისმიერი თავდამსხმელი ბუნებით ეგოისტია"

გუშინწინ მადრიდის “რეალმა” ვალენსიაში “ლევანტესთან” შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულა, რაც “სამეფო კლუბს” პრიმერა დივიზიონის ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. ნამატჩევს კასტილიელთა პორტუგალიელ დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს პოპულარული გამოცემა AS დაუკავშირდა და ცხელ გულზე ინტერვიუ ჩამოართვა.
- რა კომენტარს გაუკეთებთ “ლევანტესთან” მატჩს?
- 8 ძალზე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ “სოსიედადთან” გვქონდა ამაზე ნაკლები შანსი, მაგრამ, ამის მიუხედავად, სან სებასტიანელებს ორჯერ გავუტანეთ. ვალენსიელებთან ჩატარებული შეხვედრის შედეგმა ცუდ ხასიათზე დამაყენა. დაუშვებელია ამდენი რეალური საგოლე მომენტის განიავება. თუკი მეტოქის კარს არ დალაშქრავ, მოგებაზე ფიქრი ზედმეტია. დაცვაში “რეალი” მშვენივრად გამოიყურება. 6 ოფიციალურ მატჩში ერთადერთი ბურთი გავუშვით. გუნდს არც ტაქტიკური ხასიათის პრობლემები აქვს, ერთადერთი შედეგიანობა მადარდებს. გუნდში საკმარისზე მეტი მოთამაშეა, რომელთაც შეტევის სათანადოდ დაგვირგვინება ხელეწიფება, ამიტომაც, ვფიქრობ, თანდათან მომენტების რეალიზაციის საქმესაც მოევლება.
- “ლევანტესთან” 2 ქულის დაკარგვას თუ ელოდით?
- გასულ მატჩში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა მოგებაზე. ამით მოწინააღმდეგის გაკრიტიკებას სულაც არ ვცდილობ. ნებისმიერი გუნდი იმ შედეგზეა ორიენტირებული, რომლის მიღწევაც შეუძლია. გავიმეორებ, დაკარგული ქულები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან გოლი თუ ვერ გაიტანე, მატჩს ვერ მოიგებ. მართალია, გასვლით შეხვედრაში არ წაგვიგია, მაგრამ ფრე არ გვაკმაყოფილებს – “რეალს” ყველა შეხვედრის მოგება სურს. საამისოდ მხოლოდ საგოლე მომენტების შექმნა საკმარისი არაა, აუცილებელია საქმის ბოლომდე მიყვანა და მოწინააღმდეგის კარის აღება.
- რამდენი ქულა უნდა დააგროვოს მიმდინარე ჩემპიონატში “რეალმა”, პრიმერა დივიზიონის ფინიშზე “ბარსელონას” რომ გადაასწროს?
- ჯერჯერობით ამის წინას¬წარმეტყველება შეუძლებელია. ჩვენ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვართ ჩავარდნილები. ზოგიერთი გუნდი კატალონიელებთან წინას¬წარ წაგებასაა შეგუებული, ამიტომაც პეპ გვარდიოლას ბიჭების წინააღმდეგ ასპარეზობისას მეორე შემადგენლობა გაჰყავთ სათამაშოდ. ეს “რეალის” ამოცანას უკიდურესად ართულებს. პრაქტიკულად ყველა მატჩში მოგებაზე ზრუნვა გვიწევს, რაც ფსიქოლოგიურადაც მძიმედ მოქმედებს ფეხბურთელებზე. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ.  
- გულშემატკივართა და სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი “რეალის” ფორვარდებს ეგოიზმში სდებს ბრალს...
- მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა იყოს. ნებისმიერი თავდამსხმელი ბუნებით ეგოისტია. ნებისმიერი მათგანი მხოლოდ მოწინააღმდეგის კარზეა “დაგეშილი” და მხოლოდ გოლის გატანაზე ფიქრობს. ეს ნორმალური მოვლენაა, ოღონდ ეგოიზმი სათანადო ოსტატობით უნდა იყოს გამაგრებული. როდესაც მე ვთამაშობდი, ეგოისტობა არაფრით გამომდიოდა – როგორც კი საკუთარ თავზე თამაშის აღებას შევეცდებოდი, მომენტალურად ბურთს ვკარგავდი.
- გაზეთები ბევრს წერენ, რომ პრიმერა დივიზიონის გუნდებს “კარტოფილის მინდვრებზე” უწევთ თამაში. ამის გამო ხომ არ დაკარგა “რეალმა” ლიდერობა?
- გუნდში კარგი “მებახჩეები” მყავს, ამიტომაც ცუდი მინდვრები შედარებით ნაკლებად გვაბრკოლებს. ლიდერობა კი ამჟამინდელ ეტაპზე მთავარი სულაც არაა. უფრო მნიშვნელოვანია, სოლიდური გუნდის ჩამოყალიბება და შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობის გამარჯვების მოპოვებაა. ეს ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ მდგრადობას შესძენს, რასაც ლიდერობაც მოჰყვება.
- ბევრი მწვრთნელი უკმაყოფილოა ფეხბურთელების სოციალური ქსელებით გადამეტებული გატაცებით. თქვენც ხომ არ უკრძალავთ “რეალის” მოთამაშეებს facebook-ით გართობას?
- ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ფეხბურთელთა პირად ცხოვრებაში არასდროს ვერევი. მოთამაშეებს მხოლოდ ვარჯიშისა და მატჩის დროს ვთხოვ მორჩილებას და პროფესიული მოვალეობის შესრულებას. მინდვრის მიღმა კი მათ სრულ თავისუფლებას ვანიჭებ და შესაბამისად არც ის მაინტერესებს, კარგავენ თუ არა ისინი თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებში ძრომიალში.

 

გოჩა კაჭარავა  




სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164234