ინტერვიუები

16:51 | 12.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “რეალის” გაწვრთნა პროფესიაში საუკეთესოდ ჩამოყალიბებაში მეხმარება”

რამდენიმე დღის წინათ ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალის” სათავეში ყოფნისას მნიშვნელოვანი ზღურბლი გადალახა. პორტუგალიელმა “სამეფო კლუბი” მეასედ გაიყვანა საასპარეზოდ. სეუ ჟოზეს AS-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და განვლილი პერიოდის გარდა სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა.

- მადრიდის “რეალს” უკვე 101 მატჩში უხელმძღვანელეთ. დროის უკან დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეთ, მაინც დათანხმდებოდით “სანტიაგო ბერნაბეუზე” მთავარ მწვრთნელად მუშაობას?
- უყოყმანოდ. ჩემი პროფესიული სადამრიგებლო კარიერის რომელიმე ეტაპზე აუცილებლად უნდა გამეწვრთნა მადრიდის “რეალი”. ასე კარგად შეიგრძნობ, როგორია უძლიერესი ფეხბურთელების დამრიგებლობა. “რეალის” სათავეში ყოფნას თავისი უამრავი დადებითი და ცოტაოდენი უარყოფითი მომენტებიც ახლავს თან. მადრიდის “სამეფო კლუბის” მწვრთნელობა უდიდეს გამოცდილებას მძენს, სხვადასხვა ასპექტით კიდევ უფრო ვიზრდები და საბოლოოდ ჩემ პროფესიაში საუკეთესოდ ჩამოყალიბებაში მეხმარება.  ამასთან ესპანური ფეხბურთი სადღეისოდ ყველაზე ხარისხიანი, რასაც კლუბებისა და ნაკრების საერთაშორისო არენაზე ნაჩვენები თამაშის ხარისხი და შედეგი ადასტურებს.
- ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენ საუკეთესო და ყველაზე ცუდ მატჩს “რეალის” სათავეში მოსვლის შემდეგ?
- პრაგმატიკოსი მწვრთნელი გახლავართ, ამიტომაც ჩემი საუკეთესო შეხვედრაც ისაა, რომელიც ტიტულს მოგვიტანს, უარესი კი ნებისმიერი წაგება და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა. გუნდი სადღეისოდ დაბალანსებულად, სოლიდურად გამოიყურება და ეს მომენტი სეზონის მიწურულს ტიტულებად უნდა ვაქციოთ.
- გამოკითხვების თანახმად, თქვენ მადრიდის “რეალის” ისტორიის მეორე მწვრთნელად გასახელებენ. როგორ მოახერხეთ ამხელა აღიარების მიღწევა ასე ხანმოკლე პერიოდში?
- არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, ამგვარი აღიარება რომ მხვდა წილად. მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევეცდები, რათა “რეალის” ისტორიაში ღირსეული ადგილი დავიკავო.
- კლუბისა და გულშემატკივართა მხარდაჭერას გრძნობთ?
- კლუბს რაც შეეხება, 100 პროცენტიანი მხარდაჭერა და ნდობა მაქვს. გულშემატკივრებს რაც შეეხება, მათზე აუგს ნამდვილად ვერ დამაცდევინებთ და მათ დიდ მადლობას ვუხდი. ერთადერთი რაც ქომაგებს მსურს ვთხოვო, ეს გასვლით შეხვედრებში უფრო აქტიური მხარდაჭერაა.
- ბოლო ხანს, “ბარსელონა” მსაჯების მისამართით უკმაყოფილებას სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამს, თქვენ კი ერთი შეხედვით არბიტრების გაკრიტიკების სურვილი თითქოს გაგიქრათ. ეს 10 ქულიანი უპირატესობით ლიდერობის დამსახურებაა?
- იდეალური მწვრთნელი სულაც არ ვარ, თუნდაც იმიტომ, მსაჯებს ემოციურად და მკვეთრი ტონითა და გამონათქვამებით ვაკრიტიკებდი. აქედან გამომდინარე სხვების განსჯის უფლება ნაკლებად მაქვს. უკანასკნელ ხანს, ემოციის მოთოკვას ვახერხებ. ეს ნერვებისა და საჯარიმო თანხის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ისე კი, მწვრთნელები მაყურებელზე სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩვენი ამქრის წარმომადგენლები პრაქტიკულად ერთნაირები ვართ.
- კარიმ ბენზემა სევილიაში, იქაურ “ბეტისთან” დაპირისპირებისას მინდორზე მხოლოდ 89-ე წუთზე შეუშვით. რამდენად მზადაა იგი ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან სათამაშოდ?
- ჯერჯერობით, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ზედმეტად გარისკვა არ მინდა. სეზონის ბოლომდე 2 თვე და უამრავი პრინციპული მატჩია, ამიტომაც ბენზემას იმედი შემდგომშიც გვექნება.
- დავუშვათ, პრიმერა დივიზიონის მოგება ვერ მოახერხეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ “რეალის” ბრალი იქნება?
- მარტო ჩემპიონობაზე ვფიქრობ, მაგრამ თუკი პირველობა ხელიდან გაგვისხლტდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, “ბარსელონამ” ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა, ჩვენ კი რიტმიდან ამოვვარდით. ცხადია, ყველა დარჩენილ შეხვედრას ვერ მოვიგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი სხვებზე მეტი ქულის დაგროვებაა.
- ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ყოველთვის კლუბს იცვლიდით ხოლმე...
- კლუბიდან იმიტომ სულაც არ მივდიოდი, რომ მომდევნო სეზონის მეშინოდა. როდესაც “პორტუდან” წავედი, ვთვლიდი, რომ უფრო მაღალ დონეზე უნდა მემუშავა, მილანის “ინტერის” შემთხვევაში კი ჯერ კიდევ ფინალის საგზურის მოპოვებამდე გადაწყვეტილი მქონდა, “სან სიროდან” რომ ავიბარგებოდი.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095329