გულშემატკივრის სვეტი

10:37 | 30.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე რომ ქართველი იყოს

როდესაც სახლში დაღლილი და ოდნავ გაბოროტებული ბრუნდები, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება, სახლთან ახლომდებარე მინი-სტადიონზე წასვლა და უბნის ბავშვების ფეხბურთის თამაშის ცქერაა. ზიხარ შენთვის და შესცქერი ბავშვებს, რომლებიც დაუზარელად ღვრიან ოფლს და თან დიდი ფეხბურთელის სახელებსაც ითითოვებენ. 11 წლის ლაშა კრიშტიანუ რონალდუობას იჩემებს, პატარა ლუკას ლეო მესიობაზე აქვს პრეტენზია, კარებში ჩამდგარი პუტკუნა გიორგი კი, ჯანლუიჯი ბუფონობაზე დებს თავს. ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული ასე იყო, უბრალოდ ბავშვების კუმირების სახელები შეიცვალა და სხვა არაფერი... მაგრამ არა მგონია, ბავშვობაში რომელიმეს გვეთქვას, კარლოს ბილარდოობა, ან ოტმარ ჰიტცფელდობა მინდაო. განა იმიტომ, რომ ეს მწვრთნელები არ მოგვწონდა და მათი ჯანღონიანი საქმეების შესახებ არა გაგვეგო რა, მაგრამ აბა როგორ უნდა გახდეს ბავშვის კუმირი მწვრთნელი, როდესაც გოლებიც ფეხბურთელებს გააქვს და დაცვაშიც ფეხბურთელები გარბი-გამორბიან.
ჟოზე მოურინიო ვინ არის და რა სასწაულებიც ხელეწიფება, ეს უკვე აღარავისთვის ტოვებს კითხვებს და დონ ჟოზეს თვალშეუდგამ სიდიადეზე ლაპარაკი აბა როგორ უნდა მოგწყინდეს კაცს?! მაგრამ, მოურინიოს განსაკუთრებულობა ყველაზე ნათლად მაშინ დავინახე, როდესაც მინი-სტადიონზე მოთამაშე ბავშვებმა, რამდენიმე დღის წინათ, დიდი ჩხუბი გამართეს, რადგან ყველას სურდა თავად ყოფილიყო ჟოზე მოურინიო. დაე სხვებს ეთამაშათ ფეხბურთი, თავად კი, მოედნის შორიახლოს დამჯდარიყო და სხვა ბავშვებისათვის ჟოზესეული დაბღვერილი სახით შენიშვნები მიეცა.
როდესაც ბავშვის ფიქრებსა და ოცნებებში, რაულსა და კაკას, რუნისა და რონალდუს, არც მეტი, არც ნაკლები, მწვრთნელი ჩაანაცვლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე რევოლუციაა! რევოლუციაა თუნდაც იმიტომ, რომ მთელი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმავლობაში, “ინტერიდან” გოლები მილიტოსა და ეტოოს გაჰქონდათ, კარს შესანიშნავად იცავდა ჟულიო სეზარი და მაიკონი-ლუსიო-სამუელის ტრიო ლეო მესის დარ ვარსკვლავებს ცხოვრებას უმწარებდა, მაგრამ ბავშვებმა მაინც დონ ჟოზე გამოარჩიეს და მათაც დაინახეს, რომ ჟოზე რიგითი მაღალი დონის მწვრთნელი არ არის. მოურინიო მწვრთნელზე უფრო მეტია! თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, მარადონას დარად, მოურინიოს სექტაც შეიქმნება და “დიეგოიანელებს” “ჟოზეისტებიც” დაემატებიან, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ჩვენს გულებში ასეთი “სექტა” უკვე არსებობს და ჩვენ ყველანი, გვინდა თუ არა, მაინც ვაღიარებთ, რომ ჟოზე არანაირად არ ჰგავს სხვა დანარჩენებს.
ამასწინათ, ერთმა ჩემმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ნაცნობმა საინტერესო რაღაც მითხრა: “მოურინიო რომ ქართველი იყოს, თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების მთხოვნელი პარტიების რიგი დაუდგებოდაო”. ნამდვილად საინტერესო მოსაზრებაა, რადგან აქამდე არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია ჟოზეს ქართველობაზე. მაგრამ, ერთი წამით გავიფიქროთ, რომ ჟოზე მოურინიო ქართველია, უკვე წარმოდგენილი მაქვს მისი უჟმური ხასიათის გამო, რამდენი ქოქოლა და კრულვა დაატყდებოდა თავზე.
მოურინიოს ქედმაღლური ბუნება და ცინიკოსის ხასიათი ყველას მოგეხსენებათ და ისიც გეცოდინებათ, რა მწარე-მწარეები აქვს ნათქვამი ფეხბურთის ისეთ დიდ ფიგურებზე, როგორებიც: ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, დიეგო მარადონა და სხვანი და სხვანი არიან... ჰოდა, ჟოზე რომ ჟორა იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რასაც იტყოდა ქართულ ფეხბურთზე, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე. რას ამბობთ, ეს ყველაფერი რომ ასე ხმამაღლა ეთქვა, აქამდე, ალბათ, ჟოზეს (ანუ ჟორას) ბუნდღაც კი არ იქნებოდა, დიდ მწვრთნელად ჩამოყალიბებას ვინღა ჩივის...
იმის გაფიქრებისაც კი მეშინია, რა შეიძლება ეთქვა “ქართველ” მოურინიოს ქართული კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობასა და ქართველი ფეხბურთელების მასიურად გადინებაზე ისეთ არასაფეხბურთო ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანი და სომხეთია. ამიტომ, სიმართლის პირში თქმის მოშიშ ჩვენს ზოგიერთ თანამემამულეს უნდა მივულოცო, რომ ჟოზე მოურინიო ქართველი არ არის! არ გვჭირდება ჩვენ ჟოზესნაირი დოღრიალა კაცი! ქართველებს ერთი გვყავდა მწარე სიმართლის ხმამაღმა მთქმელი ადამიანი და იმასაც “ბერდენკით” დავხვდით წიწამურთან...
იყოს დონ ჟოზე იქ სადაც არის, და მათი იყოს - ვისიც არის. ჩვენ კი, საკუთარი სადარდებელიც გვეყოფა...

ლევან სეფისკვერაძე

 

0.087797