გულშემატკივრის სვეტი

11:06 | 23.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს გული

არამხოლოდ ევროპის, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც კი, ძალიან ძნელია პორტუგალიის მსგავსი უცნაური ქვეყანა ნახოთ. შესანიშნავი მდებარეობისა და საკმაოდ დიდი კოლონიური წარსულის ქვეყანა მაშინაც კი არ იყო მდიდარი, როდესაც პორტუგალიის დროშიანი კარაველები და ფრეგატები ოკეანეს კიდით-კიდამდე სერავდნენ და გეოგრაფიული აღმოჩენები აღმოჩენებს მისდევდა. ლისაბონის საშინელ მიწისძვრამდეც კი, საყოველთაო გაჭირვება პორტუგალიაში იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ დღესაც, როდესაც პორტუგალია ევროკავშირის ფართო კალთებქვეშაა შეფარებული, ყველა აღიარებს, რომ ევროპის ეკონომიკურ “ყულაბაში” პორტუგალიას ბევრი არაფერი შეაქვს და რომ არა ამ ქვეყნის ნაღდი ევროპულობა, ვინ იცის, პორტუგალიელებს, ეგებ, ჩვენს მსგავსად, დღემდე “მაპებზე” ან “მაპზე უკეთესებისათვის” ებრძოლათ.
თუმცა, პორტუგალია არასოდეს ყოფილა მხოლოდ თევზის სუნით აქოთებული გაზუნზლული მეზღვაურებისა და მეკობრეების ქვეყანა. ისეთ ქვეყანას, როგორიც ბრაზილიაა, მხოლოდ და მხოლოდ პორტუგალიელები თუ დააარსებდნენ და ფეხბურთს სალოცავ ხატად მხოლოდ პორტუგალიელები და მათი შთამომავლები გაიხდიდნენ. ერთი შეხედვით, თითქოს ალოგიკურია ის, რომ პორტუგალიის მსგავსი პატარა სახელმწიფო მსოფლიოს საფეხბურთო ელიტაშია და არამხოლოდ არის, არ გადავაჭარბებ თუკი ვიტყვი, რომ ერთ-ერთი წამყვანიცაა.
ეს განსაკუთრებულობა ყველაზე მეტად ევროპის ჩემპიონატებზე იგრძნობა, როდესაც გულშემატკივრებს ბრაზილიის არყოფნის “ვაკუუმს” პორტუგალიელები უვსებენ და პირადად მე, ვერ წარმომიდგენია რომელიმე დიდი მუნდიალი ამ შავგვრემანი, მხიარული ბიჭების გარეშე. სადაც პორტუგალიაა, იქაა ჟოზე მოურინიოც. ხოლო სადაც მოურინიო და კრიშტიანუ რონალდუა, პორტუგალიური ფეხბურთის მოძულე კაციც კი აღიარებს, რომ იქ ის ყველაფერია, რისთვისაც საერთოდ ღირს ფეხბურთის ცქერა.
იცით, ჟოზე მოურიონის საყვარელი მწერალი ვინ არის? არ დაიჯერებთ - ჯანი როდარი. იტალიელი, ცოტა მოკომუნისტო საბავშვო მწერალი, რომლის თითქმის ყველა მოთხრობა-ზღაპარი უსამართლობასთან მებრძოლ ადამიანებზეა. ამ მოთხრობებში, ხახვისთავა ჩიპოლინოცა და სამფეხა კატაც კი ძლევამოსილ უსამართლობას ებრძვიან. შეხედეთ სახეზე და ამას უმალ მიხვდებით, რომ ჟოზე გულჩვილი და ბავშვურ ნოსტალგიებში გაჭრილი კაცი არ არის. მაშ რატომ უყვარს უხიაგ მოურინიოს ჯანი როდარი? პასუხი ძალიან უბრალოა და მარტივი - მოურინიო ფიქრობს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, თავად არის როდარის გმირი და სწორედ ამიტომაც აქვს განსაკუთრებული “მუღამი”, რომ წარმატებებს გუნდში ვარსკვლავების ყოლის გარეშეც მიაღწიოს.
და განა ასე არ ქნა “პორტუში” მუშაობისას და შემდეგაც? განა მაურინიო არ იყო ის კაცი, რომელიც აბრამოვიჩს სუპერვარსკვლავების ყიდვის ნაცვლად, ნაკლებადცნობილ, მაგრამ მეტად მონდომებული ფეხბურთელების ყიდვას სთხოვდა... დონ ჟოზეს სურდა, რომ საკუთრივ თვითონ მოეგო ტიტულები. შეიძლება ვაჭარბებ კიდეც, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მოურინიოსათვის ჩემპიონობას დიდი ფასი მაშინ აქვს, როდესაც მავანი ქართველი, უნგრელი ან თუნდაც მალაიზიელი იტყვის: ჩემპიონი ჟოზე გახდა და ეს კაცი რომ არა, გუნდი ვერაფერს იზამდაო! 
მოურინიო ყველაზე მეტად ჰგავს თავის სამშობლოს. ისევე როგორც, საუკუნეების განმავლობაში სამყაროსაგან მივიწყებულმა პორტუგალიამ იფეთქა და მუდამჟამს ესპანეთისაგან დამცრობილი ქვეყანა კოლონიური და დიდი აღმოჩენების შემოქმედი გახდა, მოურინიომაც ერთბაშად იფეთქა, იხუვლა, იმძლავრა და “პორტუსთან” ერთად სასწაულები ჩაიდინა. ვითომ არის დედამიწაზე თუნდაც ერთი კაცი, რომელიც მოურინიოს პიროვნული თვისებებით მოიხიბლება? მაგრამ განა ეს არის მთავარი?

ლევან სეფისკვერაძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164916