ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო, მშობლიურ კლუბ “ვასკო და გამას” ევროპაში წასვლისას დაპირდა, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებოდა და პირობის შესრულებას აპირებს. რვა წელიწადი ფრანგულ “ლიონში” თამაშის შემდეგ, მან ყატარს მიაშურა და “ალ გრაფასთან” ერთად, გასულ სეზონში სამი ტიტული მოიპოვა.
36 წლის ასაკშიც კი, ის ბრწყინვალე ფორმაშია და გასულ სეზონში ყატარის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი დაბრუნება “ვასკოსაც” სურს და ბრაზილიელი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. მანამდე კი, ჟუნინიო, რომელიც თავისი საფირმო ჯარიმების შესრულებით არის ცნობილი, ფიფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
- უკვე ორი წელია, რაც ყატარში თამაშობთ. აქ თავს ისე გრძნობთ, როგორც სახლში?
- დიახ, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ახალ ატმოფეროს მალე შევეჩვიე, მით უმეტეს, ამის გამოცდილება მქონდა, საფრანგეთში ხომ რვა წელიწადი გავატარე. ყატარში გადასვლა არავის დაუძალებია და რადგან ასე თავად გადავწყვიტე, აქაურებაზე შესაჩვევად მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. დოჰა მაღალი დონის ქალაქია და იქ ცხოვრება რთული სულაც არაა. ცოტათი გამიჭირდა ადგილობრივ ფეხბურთთან შეგუება. ბოლო დროს, თამაშის კუთხით ყატარულმა ფეხბურთმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, მაგრამ საორგანიზაციო საკითხებში ჯერ კიდევ მოიკოჭლებენ. თუ ევროპაში მთელი სეზონი წინასწარაა გაწერილი, აქ ყველაფერი ყოველკვირეულად იცვლება. წინასწარ არ იცი, როდის გექნება მომავალი შეხვედრა. სხვა ყველაფერი მომწონს და მოხარული ვარ, ასეთი გადაწყვეტილება რომ მივიღე.
- პირველსავე სეზონში თქვენ მოიგეთ ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და “ვარსკვლავების თასი”. ასეთ წარმატებულ სტარტს ელოდით?
- მე მიყვარს შეჯიბრი და ვაღმერთებ გამარჯვებას, ეს ბავშვობიდან თანდაყოლილი მაქვს. როდესაც “ალ გრაფასთან” კონტრაქტს ვაფორმებდი, სულაც არ ვფიქრობდი, რომ დასვენებას ვიწყობდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თამაშის მაღალ დონეზე გაგრძელება. უბრალოდ ვიცოდი, რომ სეზონში უფრო ნაკლები მატჩის ჩატარება და ნაკლები ენერგიის ხარჯვა მომიწევდა. ვიცოდი, რომ ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, მაგრამ ერთ სეზონში ამდენი ტიტულის მოგებას არ ველოდი. ჰეთ თრიკი შევასრულეთ და აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვითამაშეთ. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონი იყო. “ალ გრაფას” წარმატებები ჩემთვის იმავე მნიშვნელობისაა, როგორიც საფრანგეთში და ბრაზილიაში ნაჩვენები მიღწევები იყო. სამწუხაროდ, წელს ტიტული ვერ შევინარჩუნეთ, მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდით, მაგრამ წინ ორი თასის გათამაშება გველის და ერთ-ერთის მოგებას მაინც ვეცდები.
- თქვენ ნათამაშები გაქვთ ლიბერტადორესის თასზე, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირის აზიურ ვარიანტზე...
- რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდე, ყველას მიზანია, რომ საუკეთესო ტურნირებში გამოდიოდეს. მაგალითისთვის, ბრაზილიაში ლიბერტადორესის თასის საგზურის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე თავად ამ ტურნირში თამაში. ევროპის ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს უძლიერესი ტურნირია და ერთადერთი, რაც მას არ ყოფნის, ეს ბრაზილიური კლუბებია. ყატარში აღმოვაჩინე, რომ აზიური ჩემპიონთა ლიგა არანაკლებ ძლიერი ტურნირია და იქ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერცერთი ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე: ერთხელ ამის შესაძლებლობა “ლიონთან” ერთად დავკარგე, ახლა “ალ გარაფთან”... სამაგიეროდ, “ვასკო და გამაში” თამაშისას ლიბერტადორესის თასი მოვიგე. ეს წარმოუდგენელი რამაა და მასზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს
- თქვენ გასული სეზონის საუკეთესოდ ფეხბურთელად დაგასახელეს. ამის მიღწევა სტანდარტული მდგომარეობების შესრულების გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ. ახლა, 36 წლის ასაკში, ამ კუთხით განსაკუთრებულად მუშაობთ?
- ალბათ, ეს თვისება თანდაყოლილია, თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით არ ვმუშაობდი. სრულყოფილება მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშებით მიიღწევა. წარმატებას მძიმე შრომის ფასად მივაღწიე. ვარჯიშებით სიამოვნებას ვიღებდი. მთელი კარიერის განმავლობაში, ვარჯიშებზე ბურთთან მუშაობას და სტანდარტული მდგომარეობების შესრულებას უდიდეს ყურადღებას ვუთმობდი. სტანდარტული მდგომარეობების შესრულების ცოდნა, ჩემს სავიზიტო ბარათად ვაქციე. საკუთარ თავზე მუშაობა გვიანი არასდროს არაა და ვცდილობ, ეს ახალგაზრდა თანაგუნდელებს შთავუნერგო. ამის საუკეთესო დასტური ისაა, რომ 36 წლის ასაკშიც კი, მიწვევებს იმ გუნდებისგან ვიღებ, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ.
- რას ფიქრობთ ფიფას იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ყატარმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს?
- ამ გადაწყვეტილებას სულაც არ გავუოცებივარ, რადგან ყატარმა დიდი სამუშაო გასწია და კარგი პროექტი წარადგინა. ეს პირველი არაბული ქვეყანაა, რომელიც ფიფამ შეარჩია. ყველა ქვეყანას აქვს იმის უფლება, რომ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ყატარს აქვს იმის საშუალება, რომ ტურნირს საუკეთესოდ უმასპინძლოს.
- მას შემდეგ, რაც თქვენ “ლიონი” დატოვეთ, ის ჩემპიონობის მოგებას ვეღარ ახერხებს. რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ოქროს მედლები მოიპოვონ?
- არ არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის ყველა ტურნირს იგებს. ძალიან გაგვიმართლა, ზედიზედ შვიდი ჩემპიონატი რომ მოვიგეთ. გამარჯვება ძნელია, მაგრამ მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია. “ლიონი” ახლაც კარგად გამოიყურება. გასული წლის ჩემპიონთა ლიგაში მან ნახევარფინალამდე გააღწია, ჩემ დროს ამას ვერ ვახერხებდით. მიმაჩნია, რომ შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთები ერთეულები არიან - პელე, რონალდო, ლიონელ მესი. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. მართალია, ამ გუნდში საკუთარი კვალი დავტოვე, მაგრამ უჩემოდაც კარგად ართმევს თავს დასახულ ამოცანას. საფრანგეთში ჩემი ნაწილი სამუდამოდ დარჩა და ოდესმე იქ დაბრუნებას და გუნდისთვის წარმატების მოტანას ვისურვებდი.
- არ გეჩვენებათ, რომ “ლიონი” ძალიან ადრე დატოვეთ?
- “ალ გარაფში” საქმე ისე კარგად ამეწყო, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს. ისე, “ლიონში” ერთი-ორი სეზონის ჩატარება კიდევ შემეძლო, მაგრამ მომწყინდა კრიტიკის მთავარ სამიზნედ ყოფნა. გარკვეული მხარდაჭერა რომ მეგრძნო, შესაძლოა, დავრჩენილიყავი კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა და წასვლის მეტი სხვა გზა აღარ მქონდა.
- ბოლო დროს, გავრცელდა ხმები, რომ “ვასკო და გამაში” გადადიხართ. მართლა ბრუნდებით ბრაზილიაში?
- პირობა დავდე, რომ ერთ დროს ამ კლუბში აუცილებლად დავბრუნდებოდი და მე მას აუცილებლად შევასრულებ. ვიცი, რომ ჩემთვის კარი იქ ყოველთვის ღიაა. “ალ გარაფთან” კონტრაქტი მეწურება და “ვასკოდან” მიწვევა მართლაც მივიღე. ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ და შანსი იმისი, რომ კონტრაქტს გავაფორმებ, ძალზედ რეალურია. სამწუხაროდ, ბრაზილიაში ჩემპიონატის დაწყებამდე, ანუ აგვისტომდე ვერ ვითამაშებ. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებ.
- არ ნანობთ, ეროვნულ გუნდთან ერთად რომ ვერ მიაღწიეთ ისეთივე წარმატებას, როგორსაც საკლუბო დონეზე?
- არა მგონია, იმისი უფლება მქონდეს, რომ მეტი ვისურვო. სერიოზული ტრავმა არასდროს მქონია, 700-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე, ოცზე მეტი ტიტული მოვიგე და 36 წლის ასაკში კვლავ მაღალ დონეზე ვთამაშობ. მართალია, ნაკრებთან ერთად ოქროს გემო ვერ გავიგე, მაგრამ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე და კონფედერაციის თასზე ვითამაშე. ამ ცხოვრებაში ყველაფრის მიღება შეუძლებელია.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







