ძიუდო

22:18 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაცებში მხოლოდ საქართველოს ჰიმნს უკრავენ

ევროპის ოთხდღიანი ბუდაპეშტური ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა ისეთი შედეგით დაასრულა, უკეთესზე ვერც ვიოცნებებდით. დღეს, უნგრულ ტატამზე მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. სამი ქალებში, ორი – კაცებში. ქართულ განაცხადში ქალთა ნაკრების არც ერთი წევრი არაა. კაცთა ნაკრების წევრთაგან კი, დღეს კიმონოები ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) მოირგეს და ორივე ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

პაპინაშვილი ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მსოფლიოს რეიტინგ სიაში, ევროპელთაგან მასზე წინ მხოლოდ რუსეთის ნაკრების წევრი არსენ გალსტიანი დგას, მაგრამ ეს უკანასკნელი უნგრეთში არ ჩასულა. საერთოდაც, რუსებმა ევროგანაცხადში უმსუბუქესი წონითი კატეგორიის არც ერთი ძიუდოისტი არ შეიყვანეს. ამირანი 26 მონაწილეს შორის იმ ექვსეულში მოხვდა, ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან რომ ჩაერთნენ. მეთექვსმეტედფინალში კი, მასთან დასაჭიდებლად ერთმანეთს აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ვუგარ შირინლი და ფინელი იუნჰო რეინვალი დაუპირისპირდნენ. შირინლიმ 40 წამში იმარჯვა.

ქართულ-აზერბაიჯანული შეხვედრა პაპინაშვილის მეტოქისთვის სასურველი სცენარით დაიწყო – ჩვენებური პირველსავე წუთზე ვაზარით და შიდოთი ჩამორჩა, მაგრამ უმალ გამოცოცხლდა და ნელ-ნელა ისე გააქტიურდა, აშკარა გახდა, მოწინააღმდეგე მისი შეტევების გამძლები ვეღარ იყო. შირინლის შეხვედრის მიწურულს დაღლა დაეტყო, პაპინაშვილი კი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ჩანდა და ბოლო წუთზე ამ უპირატესობამ შედეგიც მოიტანა. მეხუთე წუთზე, ჯერ ვაზარზე დააგდო აზერბაიჯანელი, ზედ საფინალო სირენისას კი მორიგი გდება შეასრულა, რომელსაც შებოჭვაც მოაყოლა.

ჩეხი პაველ პეტრიკოვიც ბრძოლის მეორე ნახევარში დაჩაგრა – მეოთხე და მეხუთე წუთებზე ორჯერ დააგდო ვაზარზე და მორიგი იპონიც გაიფორმა. ნახევარფინალში ამირანი ბრიტანელ ეშლი მაკკენზის დაეჭიდა და საწყისი სამი წუთი მასთანაც უილეთოდ ჩაამთავრა, მერე კი ორი იუკო მიითვალა და მედალიც გაინაღდა. ოქროს მედალი და ბუდაპეშტის საჭიდაო დარბაზში საქართველოს ჰიმნის მოსმენის უფლება კი, შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინის იოლად ძლევით მოიპოვა – ჯერ იუკოზე დასცა მეტოქე, შემდეგ კი წმინდა გდებაც შეუსრულა.

ლაშა შავდათუაშვილმაც მძიმედ დაიწყო: პირველ წრეში ბელგიელ იასპერ ლეფევრთან სამი წუთის შემდეგ ვაზარ-იუკოს აგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჯერ საპასუხო ვაზარის აღება, შემდეგ კი მეტოქის შებოჭვა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლონდონისგან განსხვავებით, ბუდაპეშტში გდებებიც გაუშვა, მაგრამ ტაქტიკურად გამართული ჭიდაობისა და მშვენიერი ფიზმომზადების ხარჯზე, საწადელს მაინც მიაღწია. მერვედფინალში რუმინელ რემუს მირჩეა ლაზეას იუკოთი გასცდა. მერე კი უნგრელი ბენცე ზამბორი და აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადე იპონ-იპონ ჩამოიცილა.

ზამბორიმ, ევროპირველობის საწყის ეტაპზე დღის უმთავრესი სენსაცია მოახდინა: ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი (60 კილოგრამში) გიორგი ზანთარაია გამოთიშა! ლაშასთან კი არაფერი გამოუვიდა – შეხვედრა 80 წამის დაწყებული იყო, ჩვენებურის ლამაზი გდება მსაჯმა იპონად რომ შეაფასა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ გადაწყვეტილება იუკოდ გადაუკეთა. ამ მომენტიდან თხუთმეტიოდე წამში, შავდათუაშვილის მორიგი ეფექტური ილეთი ვიხილეთ და ერთსულოვნად შეფასებული იპონითაც გავიხარეთ.

შიხალიზადესთან, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მესამე წუთზე კონტრ-ილეთზე წამოეგო და ვაზარზე დავარდა, მაგრამ აუღელვებლად გააგრძელა შეტევა და ერთ წუთში, შებოჭვით დაგვირგვინებული ვაზარით, ფინალის საგზურთან ერთად, მსოფლიოს რეიტინგში გალიდერებაც გაინაღდა. აქამდელი პირველადგილოსანი, ფრანგი დევიდ ლაროში, ნახევარფინალიდან რეპეშაჟის ფინალში გადაერთო.

გადამწყვეტ შეხვედრაში, ლაშა შავდათუაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ კამალ ხან-მაგომედოვს მეორე წუთზე აუღო ოქროს მომტანი ვაზარი, რომელიც თავიდან მსაჯმა იპონად შეაფასა. დარჩენილ დროში, ქართველმა ძიუდოისტმა უპირატესობის შესანარჩუნებლად ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მეტოქეს ორი იუკოს აღების საშუალება მისცა.

ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ) იჭიდავებენ.

რეხვიაშვილი ევროპირველობას რუმინელ კოსტელ დანჩულეასთან შეხვედრით გახსნის, ტატალაშვილი სლოვენიელ ტადეჟ ცეჰს დაეჭიდება, ჭრიკიშვილი ესტონელ გეორგი ლადოგინს, წიკლაური კი სლოვაკ მარიან ბენკოცკის.

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

25 აპრილი

კაცები

60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

2 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)

3 არტემ არშანსკი (ისრაელი)

3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)

66 კგ.

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 კამალ ხან-მაგომედოვი

3 ნიჰათ შიხალიზადე

3 დევიდ ლაროში

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177444