ცხინვალის “სპარტაკმა” მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაში გაინაღდა. კახა კაჭარავას შეგირდები მოედანზე გაცილებით მოტივირებულნი გავიდნენ, ვიდრე გორის “დილას” ფეხბურთელები, რომელთათვის მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტდა. მასპინძლების მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო. კაჭარავამ გუნდი სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა და “სპარტაკი”, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, პირველ ლიგაში დაქვეითებას გადაარჩინა.
შეხვედრის დებიუტში კოტე ხიზანეიშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და ბექა შეყრილაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალე, ისევ ხიზანეიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და კვლავ “დილას” მეკარემ იმარჯვა. ტაიმის შუაწელში, მარჯვნიდან ნიკა სადაღაშვილის პასის მერე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფმა დავით ბოლქვაძემ ბურთი შორეულ კუთხეში გარე ტერფით “მოჭრა” და “სპარტაკის” მეკარემ გორელები გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა. ტაიმის მიწურულს, ლაშა პარუნაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს დარტყმის შესრულების დროს, ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, ხოლო ნოდარ ნოზაძემ “სპარტაკის” მცველ ნიკა მგელაძესთან ორთაბრძოლისას, ავტოგოლი გაიტანა -1:0.
მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, რომ გიორგი თექთურმანიძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩამოაწოდა და “დილას” საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მგელაძემ მოიგო, ხოლო სტუმართა კარის წინ მარტო დარჩენილმა ზვიად მეტრეველმა “სპარტაკი” კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
61-ე წუთზე, თემურ შონიამ საჯარიმოს ფარგლებს გარედან შეუჩერებლად დაარტყა და მიზანს ააცილა. 90-ე წუთზე, დავით ბოლქვაძემ საშუალო მანძილიდან “ჯარიმა” დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთი შეამცირა.
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)
10 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.
სპარტაკი: ნადირაძე, კოტე ხიზანეიშვილი, ნიკა მგელაძე, თემურ შონია (კ), ცერცვაძე, პარუნაშვილი, კაკუბავა, თუხარელი (კემუხტაშვილი, 54), იოსელიანი, მეტრეველი (ეხვაია, 84), თექთურმანიძე (ბურძენაძე, 90).
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
დილა: შეყრილაძე, ლომიძე, კვახაძე (კ) (ქარქუზაშვილი, 67), კობახიძე, გაფრინდაშვილი, ნოზაძე (კორღალიძე, 46), რაჟამაშვილი, სადაღაშვილი (ბერიძე, 56), ბოლქვაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ქვილითაია.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გოლები: 1:0 ნოზაძე (45+1, საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (55), 2:1 ბოლქვაძე (90).
გაფრთხილება: კვახაძე (63), ბოლქვაძე (87).







