ინტერვიუები

17:31 | 12.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “მთავარია, ჯანმრთელობამ არ მიმტყუნოს”

შაბათს, ბილბაოში “ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაში, ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და სრულად ითამაშა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ. დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც - 28 წლის ფეხბურთელმა, მართალია, თერთმეტმეტრიანი დარტყმებით, მაგრამ ორი გოლი გაიტანა და თავისი თამაშით ყველა აალაპარაკა.
AS-მაც არ დააყოვნა და კაკას, განვლილ შეხვედრაზე, იმედებზე და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე გაესაუბრა.
- რას გრძნობთ ახლა, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ, სრულად პირველი შეხვედრა ჩაატარეთ?
- ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო კარგი მატჩი როგორც გუნდისთვის, ასევე, პირადად ჩემთვის. ორმა გოლმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე თერთმეტრიანი დარტყმით გავიტანე, საკუთარი თავის რწმენა შემმატა და მომავალ შეხვედრებს მოუთმენლად ველი.
- ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?
- მუხლმა არ მიმტყუნა და ამით ძლიერ კმაყოფილი ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და როგორც იქნა, ფეხბურთით სიამოვნება მივიღე.
- როგორ წარმოგიდგენიათ მიმდინარე სეზონის დასასრული?
- ახლა “რეალისთვის” მნიშვნელოვანი დრო დადგა. წინ გველის ფინალი, ნახევარფინალი, პრიმერადივიზიონის მნიშვნელოვანი თამაშები. ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი.
- “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემპიონატში გასამართმა თამაშმა, თავისი მნიშვნელობა დაკარგა?
- “ბარსელონას” დამარცხებას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ. ჩემპიონატის შეხვედრაშიც მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. შეგვიძლია, როგორც “ბერნაბეუზე”, ასევე “ნოუ კამპზე” მოგება და ძალები არ უნდა დავზოგოთ.
- კლუბში არსებული მდგომარეობით, კმაყოფილი ხართ?
- ზოგი ამბობს, რომ გუნდიდან წასვლა მინდა, აქაურობა არ მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ მადრიდში დარჩენა მსურს. მინდა მეტი სათამაშო დრო მქონდეს და მოედანზე უფრო ხშირად გავიდე. სწორედ ამისთვის, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად ვირჯები. ჩემთვის სულ ერთია რას ლაპარაკობენ, რადგან სიმართლე, ჩემზე უკეთ არავინ იცის. ტრავმის გამო რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა, საკუთარ შანსს დაველოდები და ყველა ბოძებული შანსის გამოყენებას ვეცდები.
- მოურინიოსთან, რაიმე პრობლემები ხომ არ გაქვთ?
- მწვრთნელთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის და მთელი გუნდი, რთულ მომენტებში გვერდში მედგა და ჩემს დახმარებას ცდილობდნენ.
- იქნებ, კლუბის პრეზიდენტთან გაქვთ პრობლემა?
- პრეზიდენტთანაც არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩემი ერთადერთი პრობლემა - მუხლია. ფიზიკური ტრავმა, რომელიც მზღუდავდა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩინების, მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. ვიმედოვნებ, მსგავსი აღარ განმეორდება.
- რას უნდა ველოდოთ თქვენგან?
- დარწმუნებული ვარ, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მირჩევნია, წინასწარ არ ვისაუბრო. ცხოვრებაში იმდენი აღმაფრენა და დაცემაა, რომ სჯობს, ჩუმად ვიყო. ვნახოთ, საქმეები როგორ აეწყობა.
- გუნდის თამაშის გათვალისწინებით, შეძლებთ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლას?
- ამის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ. თუ სათამაშოდ მხოლოდ ხუთ წუთს დამითმობენ, ვეცდები გუნდს ამ დროშიც სარგებელი მოვუტანო. მთავარი, მაქსიმალური თავდადებით მუშაობაა.
- “რეალის” წინაშე თავს ვალდებულად ხომ არ გრძნობთ?
- ჩემი სურვილია, ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო. კლუბის წინაშე თავს ვალდებულად ნამდვილად ვგრძნობ. სამწუხაროდ, შანსი არ მომეცა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების იმედები გამემართლებინა და ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ.
 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092901