ინტერვიუები

14:12 | 4.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “საფეხბურთო კარიერას თავიდან ვიწყებ”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი შემტევი შუახაზელის კაკას ირგვლივ გასულ ზაფხულს ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. მას “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ და თითქოს ეს საქმე გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ დაიწყო ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და კაკა კვლავინდებურად მადრიდელთა წევრია. მოგეხსენებათ, პირენელთა სუპერთასზე “რეალმა” 2 მატჩის ჯამში “ბარსელონა” დაამარცხა და საპატიო პრიზი სარეკორდოდ, მეათედ მოიპოვა. Kაკას რაც შეეხება, კატალონელებთან განმეორებითი მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს გადაღება არ ისურვა, რისთვისაც კლუბი ბრაზილიელს დააჯარიმებს.

- კასტილიელთა კლუბს თავდაპირველად თქვენი გასხვისება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და კვლავინდებურად მადრიდის “რეალის” წევრი ხართ. რა კომენტარს გაუკეთებთ წინასასეზონოდ მომხდარს?
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საფეხბურთო კარიერას თავიდან ვიწყებ. მადრიდში დარჩენით დიდი და რთული გამოცდის ჩაბარება მომიწევს. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რამდენად მზად ვარ ახალი გამოწვევის მისაღებად და პასუხს თავად ვცემ ხოლმე – საბრძოლველად მზად ვარ.
- უკვე 30 წლის ხართ და საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველაფერი გაქვთ მოგებული. თქვენ მდგომარეობაში ყველაფრის თავიდან დაწყება რთული არაა?
- ჩემი უახლოესი ამოცანა გუნდის განაცხადში დაბრუნებაა, შემდეგ კი სასტარტო შემადგენლობაში ჩემი ჩართვის დროც დადგება. არ მინდა, “რეალს” ტვირთად დავაწვე, ამიტომაც მაქსიმალურად სწრაფად სათანადო ფორმის აკრებას ვაპირებ. საამისოდ ბევრს ვიშრომებ.
- წინასასეზონოდ თავისთან “მილანი” და პსჟ გეპატიჟებოდნენ. რატომ არ დასთანხმდით მათ წინადადებას?
- მადრიდის “რეალში” იმიტომ არ მოვსულვარ, შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგებაზე რომ მეფიქრა. ამასთან, სრული გულწრფელობით მინდა განვაცხადო, რომ არც თქვენ მიერ ჩამოთვლილ კლუბებს და არც სხვებს ჩემთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ.
- ლამის მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟოზე მოურინიო აცხადებდა, რომ მას არ სჭირდებით. სადღეისოდ კვლავ ერთად მუშაობთ. როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა თქვენსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის?
- ჩემსა და სეუ ჟოზეს შორის წმინდა პროფესიული ურთიერთობაა. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. მთავარი მწვრთნელი გუნდის ფეხბურთელთაგან ზოგს მეტად ენდობა, ზოგს – ნაკლებად. ეს ნორმალური მოვლენაა. ჩემი მხრიდან, ყოველმხრივ შევეცდები, ჟოზე მოურინიოს ნდობის მაღალი ხარისხი დავიბრუნო.
- საამისოდ რას აკეთებთ?
- გუნდის ვარჯიშზე ყველაზე ადრე მე მივდივარ, სხვებთან შედარებით ხანგრძლივ საწვრთნელ პროცესს ვატარებ. ამ გზით, დარწმუნებული ვარ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დავიბრუნებ.
- ძირითადში ადგილი გაუთავებელმა ტრავმებმა და “რეალში” მესუთ ოზილის მისვლამ დაგაკარგინათ...
- ამის გამო გულშემატკივრებმა ჩემი შესაძლებლობებისადმი რწმენა დაკარგეს, მაგრამ მე საკუთარი საფეხბურთო ძალის ყოველთვის მწამდა და აზრს დროებითი წარუმატებლობა ვერ შემაცვლევინებს. თანდათან სათანადო ფორმას ვიბრუნებ და გასული წლის ოქტომბერში მიღებული ტრავმაც აღარ მაწუხებს.
- ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებთ?
- ჩემი სადღეისო პრიორიტეტი მხოლოდ და მხოლოდ მადრიდის “რეალის” განაცხადში დაბრუნებაა.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091459