ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წარმატებული სტარტი აიღო პუნეს 25-ათასიან ტურნირზე, რომელსაც ინდოეთი მასპინძლობს.
ერთეულთა შეჯიბრში მე-6 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ ყირგიზი კსენია პალკინა 7:5, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ რიკა ფუჯივარას გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ფავორიტად მიჩნეულმა კალაშნიკოვას და პოლონელი მაგდა ლინეტის დუეტმა “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელებს (პრერნა ბჰამბრი და ნიდჰი ჩილუმულა) 6:2, 7:6 (7:4) სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ბრიტანულ ტანდემთან (ჟოსელინ რაე-ანა სმიტი) ჭიდილი ელის.









