არგენტინელი ლიონელ მესის მიერ, “ოქროს ბურთის” ზედიზედ მეორედ მიღებამ, ჟურნალისტებს შორის, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კატალონიური საინფორმაციო საშუალებები, ამ აღიარებაში დადებითი მომენტების მოძებნას ცდილობენ, მადრიდული გაზეთები წერენ, რომ ესპანეთი კიდევ ერთხელ დატოვეს ხახამშრალი,არგენტინელები კი, ამ გადაწყვეტილებას კანონზომიერად მიიჩნევენ.
კატალონიური გამოცემა Sport-ის სარედაქციო კოლექტივი, “ბარსელონას” ლიდერის აღიარებამ გაახარა, მაგრამ სრული ანალიზის დროს აღნიშნეს, რომ არგენტინელი, გამარჯვებას იმ გუნდების მწვრთნელებსა და კაპიტნებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ.
“მესის საუკეთესოდ აღიარება ბევრისათვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პეპ გვარდიოლაც კი გაოცდა, როდესაც სანატრელი ფურცელი კონვერტიდან ამოიღო და იქ არგენტინელის გვარი ამოიკითხა. ლიონელი გუნდების მწვრთნელებსა და კაპიტნებს უნდა უმადლოდეს - სწორედ მათ გაიყავენს ის პირველ ადგილზე. წინა წლების მსგავსად, გამოკითხვა მხოლოდ ჟურნალისტებს შორის რომ ჩატარებულიყო, “ოქროს ბურთი” ჰოლანდიაში, უელსი სნეიდერთან გაემგზავრებოდა”.
ცნობისათვის, მადრიდის “რეალის” ორივე წარმომადგენელს, რომელთაც ხმის უფლება ჰქონდათ - კრიშტიანუ რონალდუს და იკერ კასილასს ხმა არგენტინელისთვის არ მიუციათ. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, პირველ ადგილზე ხავი დააყენა, მეორე ადგილი, მისი აზრით კასილასს უნდა დაეკავებინა, ხოლო მესამე სნეიდერს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარემ, “ბარსელონას” ფეხბურთელები სულაც ვერ შენიშნა და მხოლოდ ახლანდელი და ყოფილი თანაგუნდელებით შემოიფარგლა - არიენ რობენი, სნეიდერი და რონალდუ.
გამოცემა El Mundo Deportivo-მ აღნიშნა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის არჩევის კრიტერიუმების კუთხით, მსოფლიოს ჩემპიონატმა საკუთარი მნიშვნელობა დაკარგა.
“მესიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ოქროს ბურთის” მფლობელის გამოვლენის დროს, ფეხბურთელის პოპულარობა და ინდივიდუალური სათამაშო თვისებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყურადღება მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რომ მიექციათ, მაშინ არგენტინელს გამარჯვების მინიმალური შანსიც არ ექნებოდა. რაღა თქმა უნდა, საწყენია, რომ “ოქროს ბურთი” ესპანელს ამჯერადაც არ შეხვდა, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს არ მიუღია”.
Marca-მ მესის გამარჯვებაში კარგი ვერაფერი დაინახა. პირიქით, მადრიდელმა ჟურნალისტებმა იბოროტმოქმედეს და ქვეყანას, არგენტინის ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში, გერმანიის ნაკრებთან 0:4 მარცხი შეახსენეს.
`იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ესპანეთის ეროვნული ნაკრები პალანეტაზე უძლიერესია, “ოქროს ბურთის” ამ გუნდის წარმომადგენელების გვერდის ავლისთვის, ხელი არ შეუშლია. ჯილდო წილად მესის ხვდა, რომლის ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში 0:4 წააგო. სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ გასულ წელიწადს, მესიმ არაერთი რეკორდი დაამხო და საერთო ჯამში 60 გოლი გაიტანა. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ 1960 წელი გავიხსენოთ, როცა პირველად და უკანასკნელად, “ოქროს ბურთი” ესპანელ ლუის სუარესს ხვდა წილად”.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ AS-ის ჟურნალისტებიც, ამასთან, მათი გულისწყრომა, საუკეთესოდ არა მხოლოდ მესის აღიარებამ, არამედ წლის საუკეთესო მწვრთნელად, ჟოზე მოურინიოს დასახელებამაც გამოიწვია, რომელიც ამჟამად, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელია, მაგრამ აღიარება მილანის “ინტერში” ნაჩვენები შედეგით მოიპოვა.
“ესპანეთი იმედგაცრუებულია. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მკითხაობდა “ოქროს ბურთს” ხავი უფრო იმსახურებდა თუ ინიესტა, პრესტიჟული ჯილდო, ზედიზედ მეორედ, არგენტინელს გადაეცა. როდესაც გვარდიოლამ გამოკითხვის შედეგები გაგვაცნო, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მესი უფრო დანაშაულის გრძნობამ მოიცვა, ვიდრე სიხარულისამ. არანაკლები იმედგაცრუება გამოიწვია გასული წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოკითხვის შედეგმა. ნაცვლად იმისა, რომ მოლოდინი გამართლებულიყო და ეს პრიზი ვისენტე დელ ბოსკეს მიეღო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, საუკეთესოდ ჟოზე მოურინიო აღიარეს”.
მხოლოდ არგენტინულ გამოცემა Ole-ს არ ეპარებოდა ეჭვი თანამემამულის გამარჯვებაში:
“მესიმ ვერ მოიგო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია და მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. სკეპტიკოსებს შევახსენებთ, რომ 2010 წელი 1 იანვარს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა და არა 11 ივლისს, როგორც ბევრს ეჩვენებოდა. იმ დროს, როდესაც სპეციალისტთა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო იმის გარჩევა, თუ რომელ ესპანელს შეხვდებოდა პრესტიჟული ჯილდო, მესი თავის მაღალ სათამაშო კლასს საფეხბურთო მოედნებზე ამტკიცებდა. პრინციპში, მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ერთადერთი შავი ლაქა გასულ წელს მესის მოღვაწეობაში. სხვა მხრივ, მისი გამარჯვება, ულაპარაკოდ, დამსახურებული იყო”.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









