გულშემატკივრის სვეტი

19:46 | 1.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო ინგლისელთა მარწუხებში

ჩვენი შესაცოდებელი რა უნდა ჰქოდეს ფაბიო კაპელოს? კაცს, რომელმაც თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობის მანძილზე, თითქმის ყველგან წარუშლელი კვალი დატოვა. კაცს, რომელიც თავის, სახელდობრ კაპელოსეულ ფეხბურთს ქადაგებს და მისი გაწვრთნილი გუნდები ძალიან განსხვავდებიან ყველასგან. მაგრამ, რაც სენიორ ფაბიო ინგლისის ნაკრების მესაჭე გახდა, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მეცოდება. ეს შეცოდება ალალია და გულწრფელი... ნაღდია და ეჭვმიუტანელი...
 როდესაც კაპელო ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ინიშნებოდა, მაშინვე აშკარა იყო, თუ რაოდენი წნეხისა და გაწევ-გამოწევის ქვეშ მოუწევდა მოღვაწეობა. ინგლისში რომ (მეტადრე ნაკრებში) იმწვრთნელო და საღ გონებაზე დარჩე, ტელევიზორის პულტიც სამუდამოდ უნდა მოისროლო და გაზეთის გადაფურცვლა არც კი უნდა გაბედო. არ გეგეონოთ რომ მე ვამბობდე ამას. დაახლოებით, ასეთი რაღაც თქვა სემ ელერდაისმა, რომელიც ახლა უკვე მკაცრად ასრულებს მისსავე მიერ მოგონილ ”წესებს”. გაზეთიც მივიწყებული აქვს და ტელევიზორიც და ”მკითხე” თუ “არამკითხე” ხალხს მაქსიმალურად გაურბის, მაგრამ მან და საერთოდ ბრიტანეთის მიწაზე მწვრთნელად მოსაქმე ყველა კაცმა იცის, რომ პრესას მაინც ვერსად დაემალები. ერთ, თუნდაც უმნიშვნელო წაგებას, ისე ამოგადენენ ცხვირში, რომ მერე სულ რომ მიჯრით გამარჯვევები მიაყოლო, მაინც იმ ერთ მარცხს გაგიხსენებენ ყველაზე შავბნელ მომენტში.
 მას შემდეგ, რაც ფაბიო კაპელომ ბრიტანეთის მიწას ფეხი მწვრთნელის რანგში დაადგა, კიდეც დაიწყო მისი ვაგლახი. ჯერ ჩაცმულობა დაუწუნეს. ეს მამაცხონებული, იტალიელი მაინც არ იყოს, ჩაცმის რომ არაფერი გაეგება და მისრესილ-მოსრესილი კოსტუმი ვერ გავახდევინეთო. მერე, მის საცხოვრებელ პირობებსა და კვების რაციონსაც გადასწვდნენ. (ფეხბურთი იქით იყოს და, ინგლისელი იტალიელს რომ კულინარიულ გემოვნებას დაუწუნებს, ნამდვილად ღიმილის მომგვრელია. გაეცანით ინგლისური სამზარეულს “წიაღსვლებს და დარწმუნდებით ამაში). ფეხბურთელებთან ერთად არასოდეს სადილობს და თავისი პომიდვრიანი მაკარონით გული გაგვიწყალაო. ერთ-ერთ ინგლისურ ტელე-არხზე ისიც კი უთქვამთ, კაპელოს ისეთი ჩაჟამებული სიფათი აქვს, ფეხბურთელებს გამარჯვების სურვილს აკარგვინებსო. მოკლედ, გადაუარეს და გადმოუარეს. თავიდან, კაპელოს შეიძლება ცალყბადაც კი ეღიმებოდა ასეთ გამოხდომებზე, მაგრამ, როდესაც ნახა, რომ ბრიტანელთა ყბიდან ვერა და ვერ ამოვიდა, ყბები საიმედოდ დაგმანა და ერთი ხანობა, კომენტარებსაც კი არ აკეთებდა პრესისთვის. ამას რა ვიშ-ვიში მოჰყვებოდა, თავადაც ადვილად მიხვდებით.
 შემდეგ იყო მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩემპიონატი, რომელზეც ინგლისელები სამართლიანად ამყარებდნენ დიდ იმედებს. ყოველ შემთხვევაში, ყველამ იცოდა, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ნამდვილად ჰყავდათ. მათ ყბაში ჩავარდნილი კაპელოც არ იყო ჯაბანი, მაგრამ ჯგუფში მტანჯველი ფაფხურის შემდეგ, იყო მოგების წყურვილით ჭკუიდან გადასული გერმანიის ნაკრებთან მატჩი. კოშმარული თამაშის შემდეგ, კაპელოს ისღა დარჩენოდა, რომ ვითარცა ნაპოლეონს, მასაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულისთვის შეეფარებინა თავი. ერთი სიტყვით, დამალულიყო და დალოდებოდა გაცოფებული ინგლისელი ფანების ჩაცხრობას. იმ დროს, მგონი კაპელო ერთადერთი კაცი იყო მთელს მსოფლიოში, რომელსაც ჯერ კიდევ უღვიოდა გულში იმედი, რომ ინგლისის ნაკრებთან მისი თანამშრომლობა მაინც გაგრძელდებოდა. სამყაროზე გამწყრალი კახელი გლეხიც კი მორიდებით დახრიდა თავს, იმ უწმაწურობების მოსმენის შემდეგ, რაც ფაბიო კაპელოს პრესისა თუ ინტერნეტის საშუალებით “მიუძღვნეს”. იყო შეურაწმყოფელი სიმღერები და ლექსები, ფრაზები და ნოველები, სიუჟეტები და სტატიები... მოკლედ, კაცს ყბა ჩამოუვარებოდა, კაპელოს რომ ამბები დამართეს. ჰოდა, ყველას რომ გვეგონა, კაპელო “ლაფატკაზეა” შემოდებული და ერთი მიმართულებით დღეს თუ არა, ხვალ აუღებენ ლონდონი-რომის თვითმფრინავის ბილეთსო, ინგლისური ფეხბურთის მამებმა სრულიად ბრიტანეთის გასაკვირად, ფაბიო კაპელოს კონტრაქტი გაუგრძელეს და სრული ნდობაც გამოუცხადეს.
 ქართული ანდაზისა არ იყოს: ”მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო” – ზუსტად ასეა ფაბიო კაპელოს საქმე. როგორც ჩანს, მიეჩვია იმ ატმოსფეროს, რაც ინგლისში სუფევს და ყურებიც გვარიანად “გაუსქელდა”. თავიდან ვთქვი, ძალიან მეცოდება კაპელო – მეთქი. ეს მართლაც ასეა, მაგრამ თვითონ ფაბიო კაპელოს თუ ეცოდება საკუთარი თავი?! თქვენც არ მომიკვდეთ...
 

 

ლევან სეფისკვერაძე     


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171461