ინტერვიუები

14:09 | 11.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარეკა: “ნაპოლის” ნეიმარის ყიდვას ვურჩევ”

კარეკა ნეაპოლელთა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ბრაზილიელი ფორვარდი “ნაპოლის” ღირსებას დიეგო მარადონასთან ერთად იცავდა და დიდწილად, გუნდის იმდროინდელი წარმატებები მის სახელსაც უკავშირდება. ამჟამად, კარეკა სამშობლოში ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს, შიგადაშიგ კი ნეაპოლს სტუმრობს და ტრიბუნაზე ადგილს “ნაპოლის” გულშემატკივრის სტატუსით იკავებს.


- ნეაპოლელი გულშემატკივარი განსაკუთრებულია. “ნაპოლის” ქომაგები დიდწილად ცრუმორწმუნენი არიან, ამიტომაც, გუნდის ერთგული ქომაგები სკუდეტოს მოპოვებაზე ღიად არ საუბრობენ. თქვენ თუ გჯერათ თქვენი ყოფილი გუნდის საჩემპიონო შანსის რეალიზების?
- “ნაპოლიმ” ბოლო ტურის მატჩის უკანასკნელ წამებამდე უნდა იბრძოლოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- კალენდარი თუ მისცემს ვალტერ მაცარის ბიჭებს დასახული მიზნის ასრულების საშუალებას? სერია A-ს ორ დასკვნით ტურში, გუნდი ჯერ “ინტერს” შეხვდება, შემდეგ “იუვენტუსს”?
- ამ შეხვედრებამდე “ნაპოლის” 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი და ეს შეხვედრებიც მეტად რთული იქნება. “უდინეზე” და “პალერმო” ევროსაგზურის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან, “ჯენოა” იოლად არაფერს დათმობს, “ლეჩე” კი უძლიერესთა რიგებში დარჩენისთვის იბრძვის და მასთან საგარეო დაპირისპირება პრინციპული ხასიათის იქნება. ასე რომ, ნეაპოლელებს ექვსივე შეხვედრაში მოუწევთ ძალის ბოლომდე დაძაბვით თამაში.
- როდესაც ნეაპოლში თამაშობდით, აქაური გულშემატკივრის საყვარელი ტრიოს წევრი იყავით. დიეგო მარადონა, ბრუნო ჯორდანო და თქვენ შეუდარებელ სამეულს ქმნიდით. სადღეისოდ, “ნაპოლის” “დამრტყმელი ტრიოს” შემადგენლობის წევრები, მარეკ ჰამშიკი, ესეკიელ ლავესი და ედინსონ კავანი არიან. უწინდელ და ამჟამინდელ წამყვან სამეულებს ერთმანეთს ხონ ვერ შეადარებდით?
- უპირველესი სხვაობა ისაა, რომ ჩვენ სამივენი თავდამსხმელები ვიყავით.  მართალია, ჰამშიკი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ფორვარდის თვისებებით დაჯილდოებული არაა. ლავესიც მომწონს, მაგრამ მას ვურჩევდი, რომ უფრო ხშირად დაარტყას მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, “ნაპოლის” იერიშებიც უფრო სახიფათო გახდება და არგენტინელის შედეგიანობაც მოიმატებს.
- კავანიზე რას გვეტყვით? ამბობენ, ურუგვაელი თქვენი ალიკვალია...
- ედინსონი ტექნიკურ ილეთებს სისწრაფეში, მოძრაობისას აკეთებს. კარში დარტყმაც მშვენივრად შეუძლია. სიმართლე გითხრათ, “ლაციოსთან” შეხვედრისას პირველ ტაიმში გამაწბილა, მაგრამ შესვენების შემდეგ შეუდარებლად იასპარეზა და ჰეთ-თრიკით “ნაპოლის” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა. კავანიმ სერია A-ს ბომბარდირთა დავა უნდა მოიგოს.  
- “ნაპოლიმ” პირველობა რომც ვერ მოიპოვოს, მომავალი შემოდგომიდან ჩემპიონთა ლიგაში მაინც იასპარეზებს. ნეაპოლელებთან ერთად, ამ ტურნირში თქვენც გითამაშიათ...
- ჩემპიონთა ლიგისა და თასის გათამაშებების შედარება არ შეიძლება. ჯგუფური ეტაპის შემოღებით ტურნირი გაცილებით საინტერესო გახდა. ჩემ მოგონებას რაც შეეხება, არასდროს არ დამავიწყდება მადრიდის “რეალთან” დაპირისპირება და პირველი ეტაპიდან გავარდნის სიმწარე.
- სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბის პრეზიდენტს, დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელების შეძენას ურჩევდით?
- ნეიმარის! ეს ბიჭი ნამდვილი ფენომენია. “ნაპოლიმ” უნდა იჩქაროს, თორემ ნეიმარს “ბარსელონა” გადაიბირებს.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104504