ვიდრე ნორვეგიაში ქართული სახლის გახსნის შესახებ მოგითხრობდეთ, იქამდე ჩვენს ერთგულ მკითხველს ბოდიში უნდა მოვუხადო, რადგანაც დაპირებული, რიგით მეორე რეპორტაჟი გუშინ ვერ ვაახლე. მიზეზი ყველაფერს აქვს და არც ამ შემთხვევაში მომხდარა სხვაგვარად: მოულოდნელად, დღის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ინტერნეტით ვერ ვისარგებლებდი. ისეთი განვითარებული ქვეყნისთვის, როგორიც ნორვეგიაა, თითქოს მსგავსი პრობლემა უცხო უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც კი შეიძლება დაუცდეს კაცს ფეხი...
ტრომსო პატარა, დაბის ტიპის ქალაქია; ირგვლივ მთები აკრავს და საკმაოდ ლამაზი ლანდშაფტიც იშლება ადამაინის თვალწინ. თავად ქალაქიც მცირედ მთაგორიანია, რომლის ერთ-ერთ ფერდობზე, ცენტრალური ქუჩიდან ფეხით ხუთიოდე წუთის სავალზე დაიდო ბინა ქართულმა სახლმა. ეს სახლი ზურაბ აზმაიფარაშვილის საცხოვრებელიც არის, შტაბ-ბინაც და ყველაფერი ქართულით დაინტერესებულთათვის - ერთგვარი კულტურული კუნძული.
ოფიციალური მიღება საღამოს 8 საათზე იყო დანიშნული. სტუმრად მოწვეულნი იყვნენ ევროპის საჭადრაკო ფედერაციების პრეზიდენტები და სხვა რანგის ხელმძღვანელები. მართალია, ძირითადი მოტივი აზმაიფარაშვილის გუნდის წარმოჩენა და საარჩევნო პროგრამის გაცნობა იყო, რაც მიღებაზე უპირველესად მხარდამჭერების ყოფნას გულისხმობდა, მაგრამ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის ქართველმა კანდიდატმა ყველას გაუგზავნა მოწვევა. ბევრმა არა, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციონერმა ფუნქციონერმა არ ითაკილა და მობრძანდა ქართულ სახლში.
თუკი სტუმრების რაოდენობით და კულუარებში მოარული ხმებით ვიმსჯელებთ, ზურაბ აზმაიფარაშვილი უმთავრესი კანდიდატია, თუმცა არჩევნების დროს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და იქამდე ვერაფერს დავამტკიცებთ, ვიდრე საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება; გამარჯვებული კი 11 აგვისტოს გახდება ცნობილი.
მიღება საკმაოდ მაღალ დონეზე, ქართულ-ევროპული ალაფურშეტით წარიმართა, რომელსაც ფონად გენიალური ქართული სიმღერები გასდევდა; სტუმრები ქართულ ღვინოს მიირთმევდნენ და განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ ქართული კერძებით, რომელიც ბევრი არა, მაგრამ იმდენი კი იყო, სტუმართა უმეტესობას რომ დაეგემოვნებინა.
ერთსაათიანი მიკითხვ - მოკითხვისა და ღვინის სმის შემდეგ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა სტუმრებისათვის სიტყვა წარმოთქვა და დამსწრეთ წარუდგინა ის პიროვნებები, ვინც მის გუნდში ირიცხებიან. იმედი გამოითქვა, რომ ამ გუნდს მხარს დაუჭერს ევროპული საჭადრაკო სამყარო, რაც სათავეს დაუდებს ევროპაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში ჭადრაკის განვითარებას.
ამის შემდეგ საღამო გაგრძელდა და არათუ დატოვა ვინმემ ქართული სახლი, პირიქით - სტუმართა რაოდენობამ იმატა: რამდენიმე დაგვიანებულ ჩინოვნიკს მალე ფიდეს ხელმძღვანელი კირსან ილუმჟინოვიც მოჰყვა, რაც, ცხადია, ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა. როგორც იცით, ტრომსოში კიდევ ერთი არჩევნები შედგება - ფიდეს ტახტრევანს კირსან ილუმჟინოვს გენიალური მოჭადრაკე, მაგრამ აქამდე ყველა პოლიტიკურ თუ სხვა საზოგადოებრივ ასპარეზზე ხელმოცარული გარი კასპაროვი ეცილება. ეს არჩევნებიც თერთმეტ აგვისტოსაა დანიშნული. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ილუმჟინოვის მხარესაა და ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგანაც ბოლო წლებია, ფიდე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ.
სტუმრიანობა გვიანობამდე გაგრძელდა. დღის ბოლო აშკარად კეთილი გამოვიდა, მაგრამ მთელი დღე ასეთი ნამდვილად არ ყოფილა, რაც სათაურშივე აღვნიშნე. თუ რატომ, მოგახსენებთ.
რაზეც უნდა ვისაუბროთ, უპირველესი მაინც მიმდინარე საჭადრაკო ტურნირია და ქართული ამბიციებიდან გამომდინარე, მაღალი შედეგებისთვის ვიბრძვით. პირველი 5 ტურის შემდეგ ვაჟთა ნაკრებისთვის ძვირი არ გვეთქმოდა - მშვენივრად მიიწევდნენ წინ, ქალთა ნაკრების შედეგებს კი სასურველამდე ბევრი უკლდა. 8 აგვისტოს მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა, რომელსაც წინ დასვენების დღე უძღოდა და საკითხავი იყო, არგო ჩვენებს დასვენებამ თუ არა. მართალია, ვაჟთა ნაკრებს ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა აზერბაიჯანის სახით, მაგრამ გამანადგურებელი ანგარიშით წაგებას მაინც არ ველოდით. მიზეზებს აქ არ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთს ნამდვილად მოგახსენებთ - აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ საფრანგეთის ნაკრებზეც, რომელიც დღეს დაგვიპირისპირდება. მართალია, ფრანგები მთლად კარგად ჯერ ვერ ირჯებიან, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის და თავისუფლად შეუძლიათ მედლებისთვის ბრძოლა. ამაში, უპირველესად, დღეს ჩვენ უნდა შევუშალოთ ხელი და თუ ეს შევძელით, რეაბილიტაციას ხომ მოვახდენთ, კარგ პერსპექივებსაც გავიჩენთ... ქალთა ნაკრებს მერვე ტურში სუსტი მეტოქე კი ჰყავდა ლატვიის სახით, მაგრამ ერთი პარტია მაინც დავთმეთ - ნინო ბაციაშვილმა წააგო. ეს კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მარტივ ჭეშმარიტებაზე - მოსაგებად ყველაფერი უნდა იღონო და ძალები არ დაზოგო, ანუ - არ უნდა მოეშვა. როგორც ჩანს, ნინომ შესაბამისად არ შეაფასა მასზე ბევრად დაბალი რეიტინგის მქონე მეტოქე და დამარცხდა.
უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა. გუშინ, დღის ოთხ საათზე ტრომსოში უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მეუღლითურთ, მისი მოადგილე აკაკი ლოდია და ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი. ცხადია, ქართული სახლის გახსნაც მათი ჩამოსვლის თარიღს დაუდარეს, მაგრამ უამოინდობის გამო სტამბოლში გამგზავრება ვერ მოხერხდა. თბილისის აეროპორტში 7 საათიანი ლოდინის შემდეგ დელეგაციამ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ალტერნატიული გზებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ია-ვარდებით არ ყოფილა მოფენილი, გვიან ღამით, თორმეტი საათისათვის ჩამოაღწიეს დანიშნულების ადგილამდე.
საბოლოოდ,მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. იმედი ვიქონიოთ, რომ კეთილი ბოლო ექნება დღევანდელ დღესაც და ყველა იმ მოლოდინს, რაც ჩვენ, ქართველებს გვაქვს ამ შორეულ ნორვეგიაში...
ზვიად შათირიშვილი, სპეციალურად worldsport.ge-სთვის ტრომსოდან









