ინტერვიუები

17:26 | 16.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემა: “დიდებული მწვრთნელი გვყავს”

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა საფრანგეთის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, გამარჯვება მადრიდის “სამეფო კლუბის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ხვდა წილად.
ახლადგამომცხვარმა გამარჯვებულმა ზემოთნახსენებ გამოცემას ინტერვიუ მისცა და საკუთარ წარმატებაში გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს როლი აღნიშნა. 23 წლის ფორვარდმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინიო პერესზე და ლეგენდარულ ზინედინ ზიდანზეც ისაუბრა.
- არ გაგიკვირდათ, 2011 წლის საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად თქვენ რომ აგირჩიეს?
- თუ შევადარებთ 2010 წელს, მას საერთო არაფერი აქვს მიმდინარე 2011 წელთან. იანვრის თვიდან ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ბევრ მატჩში მივიღე მონაწილეობა და გოლებიც საკმარისად გავიტანე. ჩემი “რეალში” გადასვლის დღიდან, 2011 წელი მართლაც საუკეთესო იყო.
- ის ფაქტი, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ისეთმა პიროვნებებმა მიიღეს, როგორებიც პლატინი, ზიდანი, ბლანი და ანრი არიან, ამ ჯილდოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს?
- რა თქმა უნდა. ბედნიერი ვარ, ეს პრემია რომ მივიღე. რაღა თქმა უნდა, კოლექტიური ინტერესები მუდამ პირადზე მაღლა დგას, თუმცა, აღიარების მიღება ყოველთვის სასიხარულოა.
- ადრე ბევრს გაკრიტიკებდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე, თავად ჟოზე მოურინიო. არასდროს გიფიქრიათ დანებებაზე?
- ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა და არაერთ პრობლემასთან მომიწია გამკლავება, მაგრამ არასდროს დავნებებივარ. ძლიერი ხასიათი მაქვს. საბედნიეროდ, ისეთ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა, როგორიც მოურინიოა და მან სწორ გზაზე დამაყენა.
- ზიდანმა ხმა თქვენ მოგცათ!
- ჩვენ კარგი ურიერთობა გვაქვს და ვაფასებ მის აზრს. მისგან რჩევაც არაერთხელ მიმიღია. მისი სიტყვები ჩემთვის საუკეთესო შექებაა. ადრე ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ მერე დავახლოვდით. ახლა ხშირად ვსაუბრობთ როგორც ფეხბურთზე, ასევე, ცხოვრებაზე.
- რა როლი აკისრია ზიდანს თქვენს გუნდში?
- ის რჩევებს გვაძლევს. ჩვენ გვყავს დიდებული მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს განაგებს.
- ზიზუმ თქვა, რომ მომავალში თავის თავს მწვრთნელის რანგში ხედავს. თქვენ თუ ხედავთ მას ამ როლში?
- ულაპარაკოდ. მან სრულყოფილებამდე იცის ფეხბურთი და კარგად შეუძლია საკუთარი ნააზრევის გადმოცემა.
- თქვენ ხომ გწადიათ მის მსგავსად “რეალის” ისტორიაში შესვლა?
- როდესაც “რეალთან” კონტრაქტს ხელს ვაწერდი, ვიცოდი, რომ სირთულეები შემექმნებოდა. “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია! ახლა სრულად ვარ ადაპტირებული და ძალიან მინდა, იგივე გზა გავიარო, რაც ზიზუმ. ჩემი ოცნება დიდი ტურნირების მოგებაა.
- “ოქროს ბურთი”?
- ძალიან ამბიციური ვარ და მადრიდში გადმოსვლისას თავში ეს აზრიც მიტრიალებდა. “ოქროს ბურთთან” მიახლოვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ “რეალის” მსგავს გრანდებში დიდებულ მატჩებს ჩაატარებ.
- “რეალმა” “ლიონის” პირობა მიიღო და ვალდებული იქნება, მას ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ თქვენ ჯილდოს მოიგებთ...
- ვერაფერს ვიტყვი. ეს იმის მანიშნებელია, რომ “ლიონში” ჩემი სწამთ. მეც მწამს საკუთარი შესაძლებლობების.
- ლაურეატების სამეული აბიდალმა და ლორისმა შეავსეს. ჭეშმარიტად ლიონური ტრიოა...
- ეს დიდებულია. აბიდალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა მარცხენა ფლანგზე. მან დიდ გამარჯვებებს მიაღწია ესპანეთში და ჩემპიონთა ლიგაზე. ლორისი პლანეტის უძლიერეს მეკარეებს შორისაა.
- როდიდან შენიშნეთ გაუმჯობესება თქვენს თამაშში?
- როდესაც ტრავმები მოვიშორე და საუკეთესო ფორმაში შევედი. ამის შემდეგ მოურინიოს ვესაუბრე და ყველაფერი შეიცვალა. აქამდე მწვრთნელთან ასეთი უშუალო ურთიერთობა არასდროს მქონია. ძალიან მსურდა იმის გაგება, თუ რას ელოდა მწვრთნელი ჩემგან. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. ყოველთვის მწამდა, რომ ოდესმე ასეც მოხდებოდა.
- გუნდიდან წასვლაზე არასდროს დაფიქრებულხართ?
- ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაშია აღმავლობის და ჩავარდნების პერიოდი, ამასთან, მე ტრავმასთანაც მომიწია გამკლავება. მანახეთ ფეხბურთელი, რომელიც საზარდულის ტკივილის ფონზე მუდამ მაღალ დონეზე თამაშობს. თუ ასეთი ადამიანი არსებობს, მე მას სუპერმენად ვაკურთხებ.
- ფლორენტინიოს შესახებ რას გვეტყვით?
- ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ის ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პიროვნებაა. ეს არაა მამა-შვილის ურთიერთობა, რადგან მე სხვა, ნამდვილი მამა მყავს, თუმცა, ფლორენტინიოსგან მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობ. მე ამას ძალიან ვაფასებ.
- მოურინიოს მეთოდი რაში მდგომარეობს?
- ჩვენს გუნდზე უფრო ლეგენდები დადის, ვიდრე რეალურ ამბები. მწვრთნელს ჩემთან იგივე მოთხოვნები აქვს, რაც მთელს გუნდთან. ვიცი, რომ ის სათანადოდ მაფასებს. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ტრავმირებულიც კი ვთამაშობდი, უბრალოდ, ის ჩემგან უფრო მეტს ელოდა. მას ჩემი ყოველთვის სწამდა და ახლა საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. ეს მწვრთნელი მხოლოდ ერთ პიზიციას იზიარებს, როდესაც ფეხბურთელი ყოველდღიურად უდიდეს მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს.
- მოურინიო და ულიე ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები არიან თქვენს კარიერაში?
- ისინი სრულიად განსხვავებულები არიან. ულიეს დროს ძალზედ პატარა ვიყავი, მაგრამ ის მუდამ მენდობოდა. “რეალში” ამის მისაღწევად ბრძოლა მომიხდა.
- მოურინიოს ზეგავლენით თქვენი თამაშის რა ასპექტები გაუმჯობესდა?
- ახლა უფრო აგრესიულად ვთამაშობ. ეს თვისება ადრეც მქონდა, მაგრამ მოურინიომ უფრო მეტი სპორტული აგრესიულობა შემმატა.
- პრიმერადივიზიონი თუ ჩემპიონთა ლიგა?
- ორივე! ეს არის როგორც ჩემი, ასევე, კლუბის პოზიცია.
- რაში გაძლიერდა “რეალი”?
- კოლექტიურ მოქმედებაში. ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი და ყველა პოზიციაზე უაღრესად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს.
- მოურინიომ თქვა, რომ თქვენ და იგუაინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელები ხართ.
- ეს ძალიან სასიამოვნოა. ახლა ორივეს გვმართებს, რომ მისი სიტყვები გავამართლოთ.
- გაშინებთ ისეთი მეტოქეები, როგორებიც ესპანეთის. ჰოლანდიის და გერმანიის ნაკრებები არიან ევროპის ჩემპიონატზე?
- ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ნაკრებები დიდებული გუნდები არიან, მაგრამ პლეი ოფში გასვლა სხვა გუნდებსაც შეუძლიათ.
- დომენეკზე კიდევ გაბრაზებული ხართ იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაგიყვანათ?
- დომენეკი სულაც არ მანაღვლებს. ამ ადამიანზე საუბარი არ მსურს.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091304