ინტერვიუები

13:32 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემა: “ევროპის ჩემპიონატზე პირველ გოლს ფლორენტინოს მივუძღვნი”

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარიმ ბენზემა Marca-ს ჟურნალისტს ესაუბრა. მან გასული საკლუბო სეზონის ყველაზე გამორჩეულ მომენტებზე და ევროპის ჩემპიონატის მიზნებზე ისაუბრა. ბენზემამ ისიც განაცხადა, რომ ევროპირველობაზე თავის პირველ გოლს “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მიუძღვნის.
- როგორ მიგდით საქმეები? ესტონეთის განადგურების შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ხართ?
- ვფიქრობ, ასეა. უმთავრესი ისაა, რომ ყოველდღიურად ვუმატებთ და ევროპის ჩემპიონატზე სრიოზული მიზნების მიღწევა შეგვიძლია.
- თვალნათელია, რომ ლორან ბლანი 1987 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას - თქვენ, ნასრი, ბენ არფა, მენეზი. ესპანეთის ნაკრების კვალდაკვალ მიდიხართ?
- ვერ გეტყვით. საუბარია ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებზე, რომელთაც ერთმანეთის კარგად ესმით. ჩვენ მოგვწონს ერთად თამაში. თამაშის მიხედვით, ესპანეთს უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ უმთავრესი კონკრეტულ მატჩში გამარჯვებაა.
- შეძლებთ დიდებული საკლუბო სეზონის ნაკრებში გაგრძელებას?
- დიახ და სულაც არ მანაღვლებს, რომ ამხანაგურ მატჩებში ცოტა გამქონდა. დარწმუნებული ვარ, გოლებიც იქნება. ევროპის ჩემპიონატზე პირველ გოლს ფლორენტინიოსთვის გავიტან. მე მას პიტინეს მივუძღვნი. მინდა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს მეუღლის გარდაცვალებისთვის მივუსამძიმრო.
- ესპანეთი მთავარი ფავორიტია?
- მან დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუმარცხებელია. მაქსიმალური მონდომებაა საჭირო და მათი დამარცხება შეიძლება.
- ისურვებდით ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ თამაშს?
- ეს მართლაც საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მე მომწონს ეს ქვეყანა, მომწონს ესპანელი ფეხბურთელები, რომელთა შორისაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. კარგი იქნება მათთან ფინალში თამაში.
- რა აქვს ესპანეთს ისეთი, რაც სხვა ნაკრებებს არ აქვს?
- უმთავრესი ის ბირთვია, რომელიც მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის ფეხბურთელებისგან - “რეალისა” და “ბარსელონასგან” შედგება. ისინი საუკეთესოდ არიან შეთამაშებული. ევროპის ჩემპიონატისა და “მუნდიალის” ზედიზედ მოგება, შემთხვევით შეუძლებელია.
- მოდით განვლილ საკლუბო სეზონსაც გადავხედოთ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- უწინარესად, ტრიუმფი “კამპ ნოუზე” და მერე “ატლეტიკთან” მატჩი, რომელმაც ჩემპიონები გაგვხადა.
- სად უფრო დიდ ზეწოლას განიცდით, კლუბში თუ ნაკრებში?
- ნაკრებში, რადგან აქ ჩემგან უფრო მეტს ელიან და არ მინდა ხალხს იმედი გავუცრუო.
- თქვენ ის ლიდერი ხართ, რომელსაც ფრანგული ფეხბურთი ამდენ ხანს ელოდა?
- არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. ლიდერები ზიდანი და პლატინი იყვნენ, ჩვენ კი, გუნდი ვართ, სადაც ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ლიდერის ფუნქციების შეთავსება.
- შეგიძლიათ თქვათ, რომ “რეალი” “ბარსელონაზე” ძლიერია?
- ამ სეზონში ჩვენ უკეთესები ვიყავით, მაგრამ ახალი სეზონიდან ყველაფერი თავიდან დაიწყება.
- დაეტყობათ გვარდიოლას წასვლა?
- პეპეს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მოთამაშეებზე, მაგრამ “ბარსელონას” სათამაშო სტილი მისი გამოგონილი არაა. გუნდი ასე წლებია თამაშობს. მე უფრო “რეალის” პროგრესის მეიმედება, ვიდრე “ბარსელონას” კრიზისის.
- რომ არა “კლასიკო”, ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” ბარიერს გაივლიდით?
- ეს კიდევ ერთი ტოპ-კლასის მატჩი იყო, სადაც ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ შეიძლება იმაზეც ვისაუბროთ, რომ არ გაგვიმართლა.
- რა შეიცვალა კარიმ ბენზემაში?
- გავიგე, რომ “რეალის” ფეხბურთელი ვალდებულია მუდამ მაქსიმალურად მუშაობდეს. სწორედ ესაა წარმატების საწინდარი. მადრიდში უფრო სწრაფი და ძლიერი გავხდი, ვიდრე “ლიონში” ვიყავი.
- პამპლონაში გატანილი გოლი ყველაზე ლამაზი იყო თქვენს კარიერაში?
- ეჭვგარეშეა, რომ ერთ-ერთი ლამაზი იყო. კრიშტიანუს პასიც დიდებული იყო.
- რა ისწავლეთ კრიშტიანუ რონალდუსგან?
- ბევრი მუშაობა. ის ნამდვილი პროფესიონალია.
- თქვენ ბევრით ჩამორჩებით კრიშტიანუს და მესის?
- არა. ბევრს ვმუშაობ, რომ მათ დონეზე გავიდე. სულაც არ მგონია ისინი მიუწვდომელები.
- როგორ ფიქრობთ, აგიხდებათ “ოქროს ბურთთან” დაკავშირებული ოცნება?
- ეს ევროპის ჩემპიონატზე ჩემს თამაშზე იქნება დამოკიდებული. ამისათვის დრო კიდევ მაქვს.
- რისი მოგება უფრო გწადიათ, ჩემპიონთა ლიგის, თუ ევროპის ჩემპიონატის?
- ორივესი ერთად. მესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ...
 

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17543